Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი წელს 200-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებენ


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოში მცხოვრები ჯემალ სებისკვერაძე ყოველდღე ბაღში შეშას და ფიჩხს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ბუნებრივი აირი შეყვანილია, მოხუცს მაინც შეშით გათბობა ურჩევნია. ამბობს, რომ გაზის გადასახადი ძვირია, სახელმწიფოს კი ზამთრის 20-ლარიანი დახმარება საოკუპაციო გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრებთათვის ჯერ არ ჩაურიცხავს. სოფელში მანქანებით შეშა ჩამოაქვთ, მაგრამ მისი ფასი სულ უფრო იზრდება.

მეორე თვეა, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მთავრობისგან 200-ლარიან დახმარებას ელოდება. მათი აზრით, მართალია, ეს თანხა მთელი ზამთრის განმავლობაში არ ეყოფათ, მაგრამ გათბობის სეზონზე თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. ნოემბრის დასაწყისში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ ზამთრის სეზონზე კონფლიქტის ზონის მოსახლეობას დაეხმარონ. კომისიის გადაწყვეტილებით, პროგრამა მომავალი წლიდან კვლავ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის მთლიანად დასრულდა, მაგრამ მაღალი გადასახადის გამო მოსახლეობა ბუნებრივ აირს მინიმალურად იყენებს და ისევ შეშას იმარაგებს. დახმარების გაცემის პროცესი გაჭიანურდა. ახალ წლამდე გათბობის თანხა ვერ ჩაირიცხება. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი განმარტავს, რომ ამჟამად სიების დაზუსტება და დოკუმენტაციის მოწესრიგება მიმდინარეობს და ეს პროცესი კიდევ 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება.

ბოლო დროს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეთა დაკავების შემთხვევებიც იმის გამო გაიზარდა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ტყეში მალულად ამზადებენ შეშას. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა სოფელში ბუნებრივი აირი შეყვანილია, ადგილობრივი მცხოვრებნი საკუთარი რისკის ფასად და ხშირად ღამღამობით მაინც მიმდებარე ტყეში შედიან, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები პატრულირებენ. სწორედ ამ დროს აკავებენ მათ, გასათავისუფლებლად კი 2 000-რუბლიანი ჯარიმის გადახდა უწევთ. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებნი ფიქრობდნენ, რომ სახელმწიფოს დახმარებას ახალ წლამდე მიიღებდნენ, მაგრამ მოცდა იანვრის შუა რიცხვებამდე მოუხდებათ.

XS
SM
MD
LG