Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აპოლოს“ გადასარჩენად


საპროტესტო აქცია კინოთეატრ "აპოლოსთან"
საპროტესტო აქცია კინოთეატრ "აპოლოსთან"
„ტფილისის ჰამქარი“ და კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ კერძო ინვესტორისგან კინოთეატრ „აპოლოს“ შენობის გამოსყიდვისა და იქ მუნიციპალური კინოთეატრის გახსნის თხოვნით მიმართავს კულტურის სამინისტროს. როგორც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე ამბობს, ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც კინოთეატრის შენობაზე გამოკრული განცხადება ნახეს, რომელიც შენობის გაყიდვის შესახებ იტყობინებოდა. რა ხდება კავკასიის უძველეს კინოთეატრ „აპოლოსთან“ დაკავშირებით?

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნამდე ერთი საათით ადრე კინოთეატრ „აპოლოს“ წინ ფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე და მისი თანამოაზრეები აქცია პერფორმანსს გამართავენ, სახელწოდებით „გადავარჩინოთ კინოთეატრი ‘აპოლო’“. გაგა ჩხეიძე იმ სურვილზე ლაპარაკობს, რომლის შესრულების თხოვნითაც კულტურის სამინისტროს ცოტა ხნის წინაც მიმართეს:

„ჩვენ გვინდა, რომ შენარჩუნებული იყოს როგორც ისტორიული, არქიტექტურული ძეგლი, რომ არ შეიცვალოს და პირვანდელი სახით აღდგეს... არ შეიცვალოს და, ამავე დროს, შენარჩუნებული იყოს მისი ფუნქცია, როგორც უძველესი კინოთეატრის. ეს ორი სხვადასხვა რამეა და ამისთვის ვატარებთ აქციას. აქციის დროს შენობის ფასადზე იქნება ძველი უხმო ფილმების პროექცია“.

გვინდა რაღაც კარგი ცენტრი შევქმნათ მანდ - კინოც იყოს, გასართობი ცენტრიც იყოს, რომ თბილისს ვაჩუქოთ მრავალფუნქციური შენობა და თუ ვინმეს უნდა, რომ მაინცდამაინც მხოლოდ კინო იყოს, კი ბატონო, ჩვენ გავყიდით მაგ შენობას და იყიდოს იმ კაცმა, ვისაც მაინცდამაინც მარტო კინო უნდა... და იყოს კინო...
გიორგი სვანიძე
საქმე ისაა, რომ 2002 წელს კინოთეატრი "აპოლო" სს "ქართული ფილმის" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით, 500 000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციებს განახორციელებდა. მოგვიანებით შენობა გაიყიდა. ამჟამად კინოთეატრის მფლობელი შპს "თეატრები აპოლოა". როგორც პროექტ „აპოლოს“ ერთ- ერთი მენეჯერი, გიორგი სვანიძე, ამბობს, მათ ინტერესშია შენობაში კინოთეატრის და სხვა კულტურული ცენტრის გახსნაც. სწორედ ამიტომ აპირებენ შენობის ნაწილის გასხვისებას:

„გვინდა რაღაც კარგი ცენტრი შევქმნათ მანდ - კინოც იყოს, გასართობი ცენტრიც იყოს, რომ თბილისს ვაჩუქოთ მრავალფუნქციური შენობა და თუ ვინმეს უნდა, რომ მაინცდამაინც მხოლოდ კინო იყოს, კი ბატონო, ჩვენ გავყიდით მაგ შენობას და იყიდოს იმ კაცმა, ვისაც მაინცდამაინც მარტო კინო უნდა... და იყოს კინო“.

თუმცა, როგორც გიორგი სვანიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმ შემთხვევაში, თუ კულტურის სამინისტრო შენობის შეძენით დაინტერესდება, ინვესტორი მზად არის შენობა გარკვეული ფასდაკლებით გაყიდოს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, სამინისტრო დაინტერესებულია „აპოლოს“ საკითხით:

საინტერესო ის არის, რომ ამ შენობაში ორი ინოვაცია გაერთიანდა: ეს იყო კინო, რომელიც იმ პერიოდში დაიბადა და გავრცელდა, და არქიტექტურული სტილი მოდერნი, რომელსაც არტ ნუვოდაც ვიცნობთ, ანუ ის, როგორც მოდერნის სტილის ნიმუში, ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების არის...
თამარ ამაშუკელი
„ჩვენ გვინდა, რომ „აპოლო“ ამოქმედდეს ისე, როგორც იყო წინათ, იმიტომ რომ „აპოლო“განსაკუთრებული კონოთეატრია. ჩვენ იმედი გვაქვს და შეხვედრაც გვქონდა გუშინ და იმედი გვაქვს, რომ ისინი იმ ფუნქციით აამუშავებენ „აპოლოს“, რითაც ის არის ცნობილი“.

საპროტესტო აქცია კინოთეატრ "აპოლოსთან"
საპროტესტო აქცია კინოთეატრ "აპოლოსთან"
როგორც „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ამბობს, კინოთეატრ „აპოლოს“ ორი მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს: ერთი , რომ ის არის საქართველოში კინოს პირველი შენობა, რომელიც ევროპაში არსებული კინო „აპოლოს“ ქსელის ნაწილი იყო და რომელიც 1909 წელს გაიხსნა და რომელსაც სხვა ფუნქცია არასდროს ჰქონია, კინოს გარდა; ამავე დროს, „აპოლოს“ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გამორჩეული არქიტექტურული სახე აქვს ქალაქში:

„საინტერესო ის არის, რომ ამ შენობაში ორი ინოვაცია გაერთიანდა: ეს იყო კინო, რომელიც იმ პერიოდში დაიბადა და გავრცელდა, და არქიტექტურული სტილი მოდერნი, რომელსაც არტ ნუვოდაც ვიცნობთ, ანუ ის, როგორც მოდერნის სტილის ნიმუში, ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების არის. მოდერნის სტილს საერთოდ ახასიათებს ის, რომ არა მხოლოდ ფასადი, ინტერიერიც ამ სტილშია გაფორმებული და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი შენობაა“.

ხელოვნებათმცოდნეები და კინოს მოყვარულები იმედოვნებენ, რომ კულტურის სამინისტროსა და კერძო ინვესტორს შორის საერთო ენა გამოინახება და თბილისში ე. წ. მუნიციპალური კინო იარსებებს, სადაც არა კომერციული, არამედ ე.წ. არტჰაუსის ჟანრის ფილმების ნახვა იქნება შესაძლებელი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG