Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხურვალეთში და წითელუბანში მოსავლის აღება გრძელდება


დღეს დილით ხურვალეთში ადგილზე ვითარების გასაცნობად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან ერთად ჩავიდა. დონალდ ტუსკი ხურვალეთის და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო, თუმცა მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტები არც დღეს შეუშვეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დაპირების მიუხედავად დღეს სოფლებისკენ გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოხსნილა. სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე ამ დღეებში აცხადებდა რომ ხურვალეთში და წითელუბანში ჟურნალისტებისთვის გადაადგილების შეზღუდვა 20 ივლისს მოიხსნებოდა, თუმცა ენუქიძემ გუშინ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე დამატებით იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.დონალდ ტუსკმა კონფლიქტის ზონა კომენტარის გარეშე დატოვა. იგი თბილისში გუშინ ჩამოვიდა და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიცია მტკიცედ გამოკვეთილია და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

"ბოლო დროის ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, ნამდვილად არასწორი მიმართულებაა. ეს ნათლად გამოკვეთილი პროვოკაციაა და ნამდვილად არ ემსახურება ნდობის აღგენასა და სხვა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისა და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისკენ.“ -განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებშიადგილობრივი მოსახლეობა ქერის და ხორბლის მოსავალს იღებს, თუმცა მათთვის უკვე ცნობილია, რომ შემოდგომიდან საკუთარ ნაკვეთებში მუშაობას ვეღარ შეძლებენ, გარდა ამისა საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა სოფლების საძოვარი და სარწყავი სისტემა. მინდვრებში ფერმერების უსაფრთხო მუშაობაზეადგილობრივი პოლიციაა პასუხისმგებელი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან პატრულირებს, იქვე ახლოს კი მათ მუშაობას შეიარაღებული ნიღბიანი პირებიც ადევნებენ თვალყურს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან. ხურვალეთელები და წითელუბნელები აცხადებენ, რომ თუ სახელმწიფომ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული სოფლებისთვის სპეციალური პროგრამები და პროექტები არ აამოქმედა სოფელში ცხოვრება გაჭირდება და მიგრაციული პროცესები დაიწყება.

ბოლო მოვლენების შემდეგ ამ სოფლების მიმართ როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ყურადღება გაიზარდა. გუშინ წითელუბანში საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას სოფელში ბუნებრივი აირის მილსადენის შეყვანის სამუშაოების დასრულება აცნობა, მისი თქმით აგვისტოს ბოლომდე თითოეულ ოჯახს გაზს სახლებში უსასყიდლოდ შეუყვანენ.

დღეს კი ხურვალეთში სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩავიდა და ადგილზე გაეცნო თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ხურვალეთსა და წითელუბანში 300 ჰექტრამდე ფართობია დათესილი და დღეისთვის მოსავალი 50 ჰექტარზე უკვე აღებულია.

წითელუბნელების განცხადებით მათი პრობლემები მხოლოდ ბუნებრივი აირის შეყვანით არ ამოიწურება და სოფლებში არაერთი პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

XS
SM
MD
LG