Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხოდორკოვსკი ბრალდებას უყენებს პუტინთან დაახლოებულ პირს


მიხაილ ხოდორკოვსკი
მიხაილ ხოდორკოვსკი

ყოფილი ოლიგარქი მიხაილ ხოდორკოვსკი კვლავ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი, რომელსაც 10 წელიწადზე მეტხანს მოუწია ციხეში ყოფნა, ბრალდებებს უყენებს იგორ სეჩინს, სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს.

მიხაილ ხოდორკოვსკი იგორ სეჩინს აკისრებს, კერძოდ, პასუხისმგებლობას რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის, შინაპატიმრობაში ყოფნაზე. ხოდორკოვსკიმ გაზეთ „ვედომოსტისთან“ ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ სეჩინს, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია, სურს თავიდან აიცილოს რუსეთში ნავთობის წარმოების შემცირება და ამიტომ ამყარებს კონტროლს ნავთობკომპანია „ბაშნეფტზე“. ამ კომპანიასთან დაკავშირებულ გარემოებებს ეფუძნება ევტუშენკოვის სამართლებრივი დევნა.

ხოდორკოვსკი იგორ სეჩინს მოიხსენიებს ადამიანად, რომელსაც „11 წელიწადში ჭკუა ვერ უსწავლია და, შესაძლოა, კიდევ უფრო ხარბიც გახდა“. ამ შეფასების გასაგებად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხოდორკოვსკი სეჩინს აკისრებს პასუხისმგებლობას 2003 წელს თავის დაპატიმრებაზეც და მისი კომპანიის - „იუკოსის“ - განადგურებაზე. „იუკოსის“ დიდი ნაწილი სწორედ „როსნეფტის“ ხელში გადავიდა და, შედეგად, „როსნეფტი“ გახდა რუსეთში ნავთობის მწარმოებელი უდიდესი კომპანია.

მიხაილ ხოდორკოვსკიმ კი, როგორც ცნობილია, 10 წელიწადზე მეტი დაყო პატიმრობაში, ვიდრე მას პუტინი შარშან, დეკემბერში, შეიწყალებდა. ხოდორკოვსკი ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს. „ვედომოსტისთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ არა ჰგონია, პუტინის ნებართვით იყოს დაწყებული ევტუშენკოვის დევნა. პუტინი, უბრალოდ, ვერ ხედავს, მის ცხვირწინ რაც ხდებაო, ამბობს ხოდორკოვსკი.

მის ამ ინტერვიუმდე, რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდრ შოხინმა „იუკოსი ნომერი ორი“ უწოდა ევტუშენკოვის დაპატიმრებას.

ცნობამ ევტუშენკოვის შესახებ უმალვე მოახდინა გავლენა რუსეთის საფინანსო ბაზრებზე - კიდევ ერთი მიზეზი დაუმატა შეშფოთებას, რომელსაც იწვევს რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ.

მოსკოვის ბანკთაშორისი და სავალუტო ბირჟის ინდექსი, ანუ Micex-ი, 17 სექტემბერს 2%-ით შემცირდა, საფინანსო-სამრეწველო ჯგუფის „AFK სისტემის“ აქციის 30%-ით დაცემის კვალდაკვალ. სწორედ ამ საფინანსო-სამრეწველო ჯგუფს, მის დირექტორთა საბჭოს უდგას სათავეში ვლადიმირ ევტუშენკოვი.

რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტის მიერ 16 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, არის ეჭვი, რომ ევტუშენკოვი მონაწილეობდა ფულის გათეთრების სქემაში ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ შესყიდვისას. ამ ბრალდების საფუძველზე, ევტუშენკოვს მოეთხოვება შინაპატიმრობაში ყოფნა 16 ნოემბრამდე, თუმცა მის ადვოკატებს სამი დღე აქვთ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

„AFK სისტემა“ „სრულიად უსაფუძვლოს“ უწოდებს ბრალდებას ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ უკანონოდ შესყიდვის შესახებ. შესაბამისი განცხადება გააკეთა კომპანია „AFK სისტემის“ პრესმდივანმა ოლგა გუდინამ: „’AFK სისტემის’ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ბაშკირეთის საწვავისა და ენერგოკომპლექსის აქციების შესყიდვის შესახებ შეთანხმება იყო კანონიერი და გამჭვირვალე. კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან და აპირებს ყველა შესაბამისი კანონიერი საშუალების გამოყენებას თავისი პოზიციის დასაცავად“.

და თუ კომპანია „AFK სისტემის“ პრესმდივანი „ბაშნეფტის“ უკანონოდ შესყიდვის ბრალდებას უარყოფს, კრემლი უარყოფს „ბაშნეფტის“ საქმის „იუკოსთან“ შედარების მართებულობას. პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის სიტყვებით, ასეთი შედარება „დაუსაბუთებელი და შეუსაბამოა“. როგორც პესკოვი ამბობს, კრემლი აცნობიერებს, რომ საფინანსო ბაზრების რეაქცია შესაძლოა „ემოციური“ იყოს, მაგრამ ეს გარემოება წინ ვერ აღუდგება გამოძიებას.

ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ევტუშენკოვი რიგით მეთხუთმეტეა რუსეთში უმდიდრეს ადამიანთა შორის. მისი ქონება 6,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

XS
SM
MD
LG