8 ივნისს რუსთავის მე-11 მიკრორაიონში არსებულ წყალსატევში, რომელიც იქვე გამავალი მდინარე მტკვრით იკვებება, 9 წლის ბავშვი დაიხრჩო. ეს ტრაგედია ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ გამაფრთხილებელი სიგნალი აღმოჩნდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, 9 წლის ბავშვი წყალსატევში მეგობრებსა და ძმასთან ერთად ბანაობდა. ნაპირთან ახლოს მან შველა ითხოვა. რამდენიმე ახალგაზრდა მის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ამასობაში 112-ში დარეკეს, გამოუძახეს სასწრაფო დახმარებას, მოვიდა საპატრულო პოლიციაც.
მაშველები გაუჩინარებულ ბავშვს ტბაში, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ეძებდნენ. ამოყვანის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი სიკვდილი დაადასტურა.
ტრაგედიის შემდეგ წყალსატევში აღარავინ ჩასულა. მისი ნაპირები დაჭაობებულია, დაფარულია ლელიანით, დაბინძურებულია შუშის ნატეხებით, ცელოფნის ბოთლებით თუ პარკებით. თავის დროზე ის თევზის მოსაშენებლად შექმნეს, მეპატრონეც ჰყავდა და საბანაოდაც არავის უშვებდნენ, მაგრამ შემდეგ მიატოვეს. წყალსატევში, რომელიც ქალაქის განაპირას მდებარეობს და მოსახლეობაში ხელოვნურ ტბას უწოდებენ, ზაფხულის თვეებში ხშირად ბანაობენ მოზარდები და ბავშვები, იქ თევზაობით გატაცებულებსაც ნახავთ.
ზვიად კეჭაყმაძე, რუსთავის საწარმო „აზოტის“ პრესსამსახურის თანამშრომელი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ბავშვის დაღუპვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მერიას უსაყვედურა. კეჭაყმაძის თქმით, ტბა შემოსაღობია და მეტ ყურადღებას მოითხოვს, რომ ტრაგედია არ განმეორდეს. მას სხვებიც დაეთანხმნენ.
ზვიად კეჭაყმაძის თქმით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ხელოვნური ტბაც საფრთხის შემცველია. მან შარშან მომხდარი ტრაგედია გაიხსენა, როცა იქ 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. თუმცა შმაგი მაისურაძე, რომელიც, ერთი წელია, ტბაზე მაშველად მუშაობს, აცხადებს, რომ მათ ყველა საშუალება აქვთ სამაშველო საქმიანობისთვის და ტბაში მობანავეთა უსაფრთხოება დაცული იქნება.
შმაგი მაისურაძემ რადიო თავისუფლებას შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის ტბაში ბანაობისთვის უსაფრთხო ტერიტორია შემოსაზღვრული, უპასუხა, რომ გამაფრთხილებელი ტივტივების ჩაშვებას 13 ივნისს აპირებენ.
რეაბილიტაციის შემდეგ, კულტურისა და დასვენების პარკში უამრავი ადამიანი ირევა. შეიძლება ითქვას, რუსთავში ის ერთადერთი ადგილია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს იზიდავს - შეგიძლია უბრალოდ ჩამოჯდე დიდი ხის ჩრდილში, ივარჯიშო ტურნიკზე, გაერთო ველოსიპედით და იბანაო კიდეც. მაგრამ ბევრი ტბის წყალს იწუნებს.
8 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 12 ივნისს, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საცურაო სეზონი გამოცხადდა. შესაბამისი განცხადებით მერიის უზრუნველყოფის სამსახური გამოვიდა.
„საცურაო ტერიტორია არის შემოსაზღვრული, ჩვენ გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, აქსესუარები, ტექნიკა და გვყავს ექთანი. ადგილზე იმორიგევებს სამაშველო სამსახური“, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიით გავრცელდა.