აბასთუმანში, ავიაციის ჩართვისა და ცოცხალი ძალის მუშაობის შედეგად, ხანძრის გაჩენიდან მესამე დღეს ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს. გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ აბასთუმანსა და ბორჯომში გაჩენილ ხანძრებს პროკურატურა გამოიძიებს. ჯერ კიდევ დაუდგენელია ტყის დამწვარი ფართობის სიდიდე.
აბასთუმანში, ხანძრის გაჩენიდან მესამე დღეს, ქრობის სამუშოებში დილიდანვე ჩაერთო ავიაცია, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. ოთხი ქვეყნის საფრენი აპარატები, მოხალისეები და სატყეო და საგანგებო სიტუაციების მართვის თანამშრომლები სამი დღეა შეუსვენებლად მუშაობენ. საგანგებო შტაბში ჩატარებული თათბირის შემდეგ, შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცეცხლის ღია კერები აბასთუმანში აღარ არსებობს.
შუადღის ორიდან სამ საათამდე შტაბის გადაწყვეტილებით, მუშაობა შეაჩერა ავიაციამ. გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, აღნიშნული დრო კრიტიკული პერიოდია და შტაბის წარმომადგენლებს კერებზე დასაკვირვებლად სჭირდებათ. ავიაციისგან განსხვავებით, აბასთუმნის ტყეში მუშაობას აგრძელებს ცოცხალი ძალა. ადგილობრივები ბარებითა და ნიჩბებით მეხანძრე-მაშველების ინსტრუქტაჟით მუშაობენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის უშუალო მეთვალყურეობით, 31 აგვისტოს ჟურნალისტებს პირველად მიეცათ საშუალება, აბასთუმნის ტყეში დარჩენილი ხანძრის კერების რთულად მისადგომი ფერდობები ენახათ. მინისტრმა მათ ზეკარის უღელტეხილიდან ხანძრის კერებამდე გაყვანილი 6 კმ-იანი გზა და მთებზე კავშირგაბმულობის მანქანები აჩვენა, რომლის მეშვეობითაც ხდება კომუნიკაცია ავიაციასა და ცოცხალ ძალას შორის. გიორგი მღებრიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ აბასთუმანსა და ბორჯომში გაჩენილ ხანძრებს პროკურატურა გამოიძიებს. ბორჯომის ხეობაში გამომძიებლების 30-კაციანი ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა.
"განიხილება ყველა ვერსია – მათ შორის, დივერსია და ყველა სხვა გამომწვევი ფაქტორი“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. ის ფაქტი, რომ, 20-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, მარტო სამცხე-ჯავახეთში ოთხი დიდი და შვიდი მცირე ხანძარი დაფიქსირდა, ეჭვს მოსახლეობაშიც იწვევს. დაუდევრობისა და შემთხვევით გაჩენილი ხანძრის ვერსიას ადგილობრივები არ ეთანხმებიან .
საგანგებო შტაბის ვარაუდით, დღის ბოლომდე, ნორმალური ამინდის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ხანძრის კერების ლოკალიზება, ხვალიდან კი ცოცხალი ძალა სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს.