Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახშირებული ხანძრები: ვინ და რატომ უწყობს გამოცდას საქართველოს?


ხანძარი აბასთუმანში. 30 აგვისტო
ხანძარი აბასთუმანში. 30 აგვისტო

ბოლო დროს, უჩვეულოდ გახშირებული ხანძრების ფონზე, სულ უფრო და უფრო ისმის ვარაუდები ამ პროცესების ადამიანის ჩარევით გამოწვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, ლაპარაკია დივერსიის ალბათობაზე, რაზეც საკუთარ ეჭვსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ როგორც გარემოსდამცველები, ასევე ანალიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გარკვეული ძალა შესაძლოა ხანძრებს ჰაერიდან, უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით აჩენდეს. რა მოტივით შეიძლება მოქმედებდეს ავისმზრახველი და ვის და რაში შეიძლება დასჭირდეს ხანძრების სერია საქართველოში?

„ეს გახშირებული ხანძრები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში – მიუდგომელ ადგილებში ჩნდება – შესაძლოა, გაჩენილი იყოს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“ – ეუბნება რადიო თავისუფლებას სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი – ირაკლი ალადაშვილი. ანალიტიკოსისთვის ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან – უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დივერსიული ქმედება თუ კერძო პირების გამიზნული გეგმა, მაგრამ მისთვის ცხადია, როგორ მოხერხდებოდა ეს ტექნიკურად:

„ამ მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც, ვთქვათ, რომელიმე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არსებული თვითმფრინავის ტიპის დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, ასევე დრონები, ე.წ. კვადროკოპტერები ან მულტიკოპტერები, რომლებიც მაღაზიებშიც იყიდება. მათ შეუძლიათ ფოტოაპარატის ან ვიდეოკამერის ზიდვა და მათ მაგივრად შეიძლება დამაგრდეს თვითნაკეთი ან საქარხნო წარმოების თერმიტული ყუმბარა“.

როდესაც გახშირებული ტყის ხანძრების უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით გამოწვევის ალბათობაზე საუბრობს, ირაკლი ალადაშვილი იხსენებს ამ წლის გაზაფხულზე უკრაინაში, კერძოდ – ხარკოვთან ახლოს მომხდარ შემთხვევას, – როდესაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი – 150 ათას ტონამდე ტევადობის საბრძოლო იარაღის საწყობი აფეთქდა. უკრაინის სპეცსამსახურები დარწმუნებული არიან, რომ აფეთქებაში ჩართული იყო უპილოტო საფრენი აპარატი და რომ ეს ყველაფერი რუსეთის ნახელავია. ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, შესაძლოა, ეს იყოს ერთგვარი გამოუცხადებელი ომი – დივერსიების დამგეგმავს კი, შეიძლება მიზნად ჰქონდეს საქართველოს გამოცდა და კრიზისული ვითარების შექმნა ქვეყანაში.

კითხვაზე – შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრის გაკეთება შეუმჩნევლად? – ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებას პასუხობს – კი, ეს საკმაოდ ადვილი საქმეა:

„დრონების გამოყენებისას რთულია მისი აღმოჩენა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ისინი არიან მცირე ზომის. ღამით, ფაქტობრივად, მისი აღმოჩენა შეუძლებელია თუ გამორთეს მაშუქები. მას აქვს ღამის ხედვის მოწყობილობა და აპარატს შეუძლია ღამით ფრენა. მისი ხმა არის ძალიან დაბალი. დღისითაც ძნელია მისი აღმოჩენა, მითუმეტეს ,თუკი ის 300-400 და 500 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავს... რთულია ასევე მისი რადიოლოკაციური დაფიქსირება, რადგანაც დრონები, ძირითადად, კომპოზიციური მასალებისგან არის დამზადებული. თანაც, გვინდა თუ არა ამის აღიარება: საქართველოს საჰაერო სივრცის რადიოლოკაციური კონტროლი, სამწუხაროდ, დაბალ დონეზეა და მითუმეტეს – ხეობების თავზე და ხეობებში“.

ხანძრების უჩვეულოდ გახშირების ფონზე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, დივერსიის ალბათობაზე კომენტარები ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს და, ჯერჯერობით, არაფერი კონკრეტდება, თუმცა, როგორც რამდენჯერმე განაცხადა თვით შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და მათ შორის – 30 აგვისტოსაც, ეჭვი დივერსიაზეც არსებობს:

„როგორც წესი, გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მე ვფიქრობ, რომ ხელოვნურად შეიძლება იყოს (ხანძარი) გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ტყის ფონდის დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე 20 აგვისტომდე ხანძრის 24 შემთხვევა იყო აღრიცხული, რასაც 20 აგვისტოს შემდეგ კიდევ 8-10 შემთხვევა დაემატა. ჯერჯერობით, მონაცემები სრულად დაზუსტებული არ არის. როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, წლევანდელი შემთხვევების რიცხვი ჯერ არ აღემატება წინა წლების სტატისტიკას, თუმცა წელს გამორჩეულია ხანძრის გავრცელების მასშტაბები:

„საშუალოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე წელიწადში 50-60 ხანძრის შემთხვევა ხდება და ხანძრით მოცული ტერიტორია არის ხოლმე 50-დან 100 ჰექტრამდე. როგორც წესი, ეს არის ხოლმე დაბლითი ხანძრები, როდესაც ჩამოყრილი ბალახი და მკვდარი საფარი იწვის. მალევე ვახერხებთ ლოკალიზებას და, როგორც წესი, ასეთი ხანძრების დროს ხე-მცენარეებიც დიდ ზიანს არ იღებენ... როგორც წესი, ეს ხანძრები არ არის ისეთი მასშტაბური და ზიანის მომტანი, როგორებიც იყო 20 აგვისტოს შემდეგ დაწყებული ხანძრები, დაწყებული სოფელ დაბიდან და შემდეგ – აბასთუმანი თუ სხვა ტერიტორიები“.

პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა აიკრძალოს ტყეში შესვლა და ამ მიზნით შესაძლებელია სანქციების შემოღებაც. აუცილებელია ასევე სხვა დამატებითი ზომების შემოღება, როგორიც არის მოსახლეობის მობილიზაცია ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვისთვის და მინერალიზებული ზოლების შექმნისთვის...
რეზო გეთიაშვილი

სურათი მართლაც შემაშფოთებელია, აგვისტოსა და სექტემბერში ცეცხლმა საქართველოში გადაწვა რამდენიმე ასეული ჰექტარი და ჯერ მარტო ბორჯომის ხეობაში 20-26 აგვისტოს ცეცხლი 752 ჰექტარს მოედო.

გახშირებული ხანძრები ჩვეულ სურათს უკვე აღარ ჰგავს გარემოსდამცველებისთვისაც. როგორც რადიო თავისუფლებასთან აღნიშნა „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ წარმომადგენელმა რეზო გეთიაშვილმა, არაკეთილმოსურნე მეზობლის პირობებში ყველაფერი შესაძლებელია; თუმცა რასთანაც უნდა გვქონდეს საქმე, გასატარებელია სასწრაფო ზომები ხანძრების შესაჩერებლად და კერძოდ – უნდა ამოქმედდეს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მოთხოვნა – განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის შემოღების თაობაზე:

„პირველ რიგში, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა აიკრძალოს ტყეში შესვლა და ამ მიზნით შესაძლებელია სანქციების შემოღებაც. აუცილებელია ასევე სხვა დამატებითი ზომების შემოღება, როგორიც არის მოსახლეობის მობილიზაცია ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვისთვის და მინერალიზებული ზოლების შექმნისთვის“.

რეზო გეთიაშვილის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მუშაობა ამ მიმართულებით და შესაძლოა ტყეში შესვლის აკრძალვა, მათ შორის – ტურისტებისთვისაც, ახლო მომავალში დაწესდეს. ამასთან, გარემოსდამცველი საჭიროდ მიიჩნევს, რომ, კონკრეტულად, ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე, სიფრთხილე საქართველომ მომავალ წლებშიც გამოიჩინოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG