Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისთვის დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ „ქცევის წესები“


მმართველ გუნდში აქტიურად დაიწყო საუბარი შიდაპარტიული დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთგვარი „ეთიკის კოდექსი“ გახდება და მისი დამრღვევი დეპუტატებისათვის გარკვეულ სანქციებსაც გაითვალისწინებს. დოკუმენტის ტექსტი უმრავლესობის წევრ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უნდა წარუდგინოს. ამ „პარტიულ დოკუმენტზე“ საუბარი საპარლამენტო უმრავლესობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობა ხმაურით დატოვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, რომლის პარტიიდან წასვლის მიზეზი გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძისადმი უმრავლესობის მხარდაჭერა.

გადმოწერა

"დეპუტატების ქცევის წესები"

  • დეპუტატების ქცევის წესების განმსაზღვრელ შიდაპარტიულ დოკუმენტს პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
  • დაიწყება განხილვა და გამოჩნდება, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს შორის ვინ არის მზად ახალი წესების მისაღებად და გასაზიარებლად.
  • ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ დოკუმენტით დეპუტატები „საერთო წესებზე“ უნდა შეთანხმდნენ.

ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ უახლოეს ხანებში მმართველ პარტიას პარლამენტში საკუთარი „ეთიკის კოდექსი“ ექნება, რომელიც მათ საჯარო ქცევას განსაზღვრავს. რატომ დასჭირდა ეს დოკუმენტი „ქართულ ოცნებას“ დღეს და რამდენად საფუძვლიანია ვარაუდები, რომ მმართველ გუნდში მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა კი არა, არაერთ საკითხზე დაპირისპირება არსებობს? ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ დოკუმენტით დეპუტატები „საერთო წესებზე“ უნდა შეთანხმდნენ, რათა, როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, „ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ“:

უმრავლესობის დეპუტატების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ წესების მიღების აუცილებლობა ბუნებრივად გაჩნდა და პარტიაში კატასტროფული ცვლილებები არ მომხდარა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მედიასთან საუბრისას ყველას მოუწოდა არ ეძებონ არარსებული მიზეზები ამ პროცესში:

„ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“, - თქვა მან.

თუმცა უმრავლესობაში რჩებიან დეპუტატები, რომლებიც გუნდში არსებულ დაპირისპირებას არ უარყოფენ და ამბობენ, რომ ბოლო ორ კვირაში ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა. მათ შორის, ასე ფიქრობს ზაქარია ქუცნაშვილიც:

„დაპირისპირების ნიშნები სახეზეა. მე ასე მგონია, რომ წესები დაეხმარება მას, ვინც „ქართულ ოცნებაში“ იდეალებისთვის არის და საპროგრამო დაპირებების შესრულებისთვის. და ვინც გავლენისთვის იბრძვის, მას გინდა დაუწერე ეს წესები და გინდ არა“.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ 9 აპრილს განაცხადა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გამოსვლებისას შეცდომა დაუშვა და რომ ამაზე პარტიაში აუცილებლად იმსჯელებდნენ. „ასეთ ფაქტებს ადგილი აღარ ექნება“, - თქვა მაშინ კობახიძემ. მანვე შეურაცხმყოფელი უწოდა და რელიგიური თემით სპეკულირებად შეაფასა თანაპარტიელ გედევან ფოფხაძის განცხადება, რომ ნინია კაკაბაძისადმი მხარდაჭერით გუნდმა მისთვის მიუღებელ ღირებულებებს დაუჭირა მხარი.

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

ზოგიერთი პოლიტოლოგი, მათ შორის ლევან ცუცქირიძეც მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური იდენტობის კრიზისი უფრო მეტად აქვს, ვიდრე აქამდე, რაც ბოლო დროს უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. მეტიც, ფიქრობს ის, „ქართული ოცნება“ დღემდე ვერ ჩამოყალიბდა როგორც პოლიტიკური პარტია. ის უფრო მოძრაობაა, რომელიც არჩევნების დროს ერთობას ახერხებს, თუმც შუალედურ პერიოდში, როგორიც ახლაა, თავს იჩენს იდეოლოგიური განსხვავებებიც:

„ორი გზა არსებობს - კრიზისიდან შეიძლება გამოხვიდე ძლიერი და ამავე კრიზისმა შეიძლება დაგასუსტოს. ეს უკვე დამოკიდებული იქნება ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერების და პოლიტიკური ბირთვის უნარებზე. მე მაინც იმედი მაქვს, რომ აქედან გამოვა უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და, რაც მთავარია, იდეოლოგიურად, ფასეულობების თვალსაზრისით, უფრო დაწყობილი პარტია“.

„სახელისუფლო ნამცხვრის ვერგაყოფად“ აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე დღეს მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრთაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც, მისივე შეფასებით, ცოტა ნაადრევად დაიწყო:

ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე

„მე მაინც მრჩება განცდა, რომ ის გუნდი, რომელიც 2020 წელს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, ნაკლებად ეკლექტური იქნება და მეტად სტრუქტურირებული. დღეს სწორედ ამის მცდელობას ვუყურებთ, რომ ერთმანეთისთვის რადიკალურად მიუღებელი ჯგუფები გაემიჯნონ ერთმანეთს. ოღონდ თან ყველა ფიქრობს, რომ ყველა ჯგუფს აქვს „ქართული ოცნების“ სახელის შენარჩუნების პრეროგატივა. სწორედ ეს არის დღეს ამ „შეჯახების“ მოტივატორი“.

შიდაპარტიულ დოკუმენტს კი, რომელმაც დეპუტატების ქცევის წესები უნდა დაარეგულიროს, პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრებს უახლოეს მომავალში წარუდგენს. განხილვაც ამის შემდეგ დაიწყება და მაშინ გამოჩნდება, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს შორის ვინ არის მზად ამ წესების მისაღებად და გასაზიარებლად.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG