Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა


გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

პრაღაში გამგზავრებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა. 26 თებერვალს იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შეხვდება და მასთან საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს განიხილავს. კარასინი სამოქალაქო დიალოგის ფორმატის მონაწილეებს თავისი და აბაშიძის შეხვედრების კონსტრუქციულ დეტალებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მიმართულების საკითხების გადაჭრისას გარკვეული წინსვლა არსებობს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხდება სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ-სპორტული კავშირების აღდგენა. მისი აზრით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა და დიპლომატიურ ურთიერთობათა არარსებობის პირობებში აბაშიძე-კარასინის ფორმატი რჩება იმ არხად, სადაც რუსეთის ფედერაციისა და საქარველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მრავალ საკითხში განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, სასაუბრო თემებს ნახულობენ. კარასინის თქმით, 26 თებერვლის შეხვედრაზეც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, საუბარი შვეიცარიული ფირმის (SGS) მიერ საბაჟო ადმინისტრირების საკითხებს შეეხება. ამ კომპანიამ შესაძლოა რამდენიმე თვეში დაიწყოს საქმიანობა, დეტალებს კი შეხვედრაზე განიხილავენ. გარდა ამისა, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ აბაშიძესთან რუსეთ-საქართველოს რკინიგზის ამოქმედების საკითხს პოლიტიკური დელიკატურობით განიხილავს.

ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს მათ ანექსიას და ეს ცხინვალთან გაფორმებული საზღვრის შესახებ ხელშეკრულებითაც დაადასტურა. კარასინს უკვირს, რატომ ატყდა ხმაური თბილისში ახლა, როცა სხვადასხვა მიმართულებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უკვე 80-მდე შეთანხმებაა გაფორმებული. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დასავლეთის ექსპანსიამ წითელი ხაზები უკვე გადაკვეთა, რასაც რუსეთი ვერ შეეგუება. დიდი დრო დაეთმო უკრაინის კრიზისზე საუბარს. რუსეთის ხელისუფლება მთელ პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს და საკუთარ როლს ამ კონფლიქტის გაჩაღებაში გამორიცხავს. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რუსეთის მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების მონტაჟის საკითხს, კარასინმა აღნიშნა, რომ საზღვრების დემარკაციის საკითხის განხილვა ოსურმა მხარემ საქართველოს არაერთხელ შესთავაზა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ თემას არ განიხილავს. კავკასიური სახლის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კანაშვილს გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოლაპარაკებების პროცესში ახლო მომავალში სერიოზულ წინსვლას არ უნდა ველოდეთ. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებისა და საექსპერტო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის გამონათქვამები მისთვის ცხადყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირება ისევ გაგრძელდება.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა და ზოგიერთი პოლიტოლოგის მოხსენებები უამრავ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. კეთდებოდა განცხადებები ნატოსა და ევროკავშირის ექსპანსიის შესახებ, უკრაინასა და საქართველოში ამერიკის გავლენისა და, ამ ფონზე, ევრაზიული კავშირის სიკეთეებზე, რასაც ქართველი პოლიტოლოგების საპასუხო რეაქცია მოსდევდა. ქართულ-რუსული დიალოგი „კავკასიური სახლისა“ და გორჩაკოვის სახელობის ფონდის ორგანიზებით იმართება. დიალოგის ფორმატში იმართება შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართველი და რუსი პოლიტოლოგები ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას აცნობენ და ამ საკითხებზე დისკუსიებს მართავენ. ქართულ-რუსული დიალოგი მოსკოვში 28 თებერვალს დასრულდება.

XS
SM
MD
LG