Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატები სტრასბურგის სასამართლოსთვის


ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე საქართველოს მთავრობამ კიდევ ორი კანდიდატი წარადგინა: ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა. ეს რიგით მესამე მცდელობაა. დანარჩენი კანდიდატები, ლადო ჭანტურიას გარდა, სტრასბურგში უკვე დაიწუნეს. არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ კანდიდატებს საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არჩევენ და ამიტომაც ისინი არაკვალიფიციურები არიან.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცედურა მისთვის მიუღებელია. ის აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურ კომიტეტს მიმართოს.

გადმოწერა

„წულუკიანის მხარდამჭერები რას აკეთებდნენ – მათთვის მიუღებელ კანდიდატებს ხუთ ერთიანს უწერდნენ. პროფესორმა კოსტანტინე კორკელიამ ხუთი ერთი ქულა მიიღო, რაც გამორიცხავდა მის ხუთეულში მოხვედრას. ნინო ბაქაქურმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, შვიდი ერთიანი მიიღო. თქვენ წარმოგიდგენიათ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ორმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დაუწერა ერთი ქულა“.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთი მოსამართლის ასარჩევად ჯერ სამი კანდიდატი უნდა შეირჩეს. ამ სამი კანდიდატისთვის, თავის მხრივ, საქართველომ უნდა წარადგინოს კანდიდატები. კანდიდატები, რომლებიც კონკურსის შედეგად იუსტიციის სამინისტროში შექმნილმა კომისიამ შეარჩია, უკვე ორჯერ დაიწუნეს. გამონაკლისი მხოლოდ ლადო ჭანტურიაა. მოიწონებს თუ არა სტრასბურგი ფაფიაშვილსა და სიჭინავას კანდიდატურებს, ჯერ ცნობილი არ არის.

რაც შეეხება გამოცდილებას, ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილეა, ოთარ სიჭინავა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. უფრო ადრე ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

როგორც მთვარობის განკარგულების ტექსტშია მითითებული, კანდიდატების შერჩევისას საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგია კანდიდატის დადებით მხარედ მიიჩნევდა უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას.

შერჩევის პროცესმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია არასამთავრობო სექტორში. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომლის წევრი ადრე კანდიდატების შესარჩევ კომისიაშიც იყო, ამ პროცესს, საერთოდ, ბოიკოტი გამოუცხადა. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიზეზი კომისიის არაობიექტური გადაწყვეტილებები გახდა.

კოალიციის წევრი ნიკოლოზ ლეგაშვილი აცხადებს, რომ კომისიის წევრებიდან მხოლოდ ერთი-ორია არასამთავრობო სექტორიდან, დანარჩენები მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან.

„პროკურატურის, სააპელაციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი, იუსტიციის საბჭო, სააპელაციო-საგამოძიებო კოლეგიის წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე... ანუ სულ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან“ .

მოსამართლეს, რომელიც საბოლოოდ შეირჩევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სხვა მოსამართლეებთან ერთად, იმ საქმეებზე მოუწევს მუშაობა, რომელიც სასამართლოში სხვადასხვა ქვეყნებიდან შედის.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG