Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა სამშვიდობო მოძრაობა 10 წლისაა


ქალთა სამშვიდობო მოძრაობის შეხვედრა გორში
ქალთა სამშვიდობო მოძრაობის შეხვედრა გორში

გალინა ქელეხსაევა სარვამარტო შეხვედრაზე შავშვების დევნილთა დასახლებიდან გაემგზავრა. მეუღლე ქართველი ჰყავს, თვითონ ოსია. შეხვედრაზე, რომელიც ქალთა სამშვიდობო მოძრაობის ინიციატივით ჩატარდა, გვერდი ვერ აუარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურებულ პროცესს. გაკეთდა განცხადებები. გალინა ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად თავს უხერხულად გრძნობენ შერეული ოჯახების წარმომადგენლები. იგი დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს დედას შვილის დატირების საშუალება მისცენ.

„ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“

  • „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ 10 წლის წინ, 2008 წლის 8 მარტს დაფუძნდა.
  • მოძრაობის დამაარსებლები იყვნენ თბილისში მანანა მებუკე და ცხინვალში ლირა კოზაევა-ცხოვრებოვა.
  • მოძრაობა ყოველწლიურად 6 აგვისტოს მართავს ხოლმე ხსოვნის დღეს და ქართველ, ოს და აფხაზ დაღუპულებს პატივს თანაბრად მიაგებს.

ნაზი ბარუაშვილს ნათესავები ცხინვალში ჰყავს, თვითონ დიდი ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირია. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცხინვალში ბავშვთა საკვირაო სკოლის პროექტს ახორციელებდა, სადაც ქართველი და ოსი ბავშვები არაფორმალურ განათლებას ერთად იღებდნენ. მიუხედავად დიდი გულისტკივილისა, ნაზი ბერუაშვილი მიიჩნევს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია და ოსურ საზოგადოებას მოუწოდებს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.

მოძრაობა „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ 10 წლის წინ, 2008 წლის 8 მარტს დაფუძნდა. მოძრაობის დამაარსებლები იყვნენ თბილისში მანანა მებუკე და ცხინვალში ლირა კოზაევა-ცხოვრებოვა. თავიდან მოძრაობა სუსტი იყო და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ ომის დამთავრებიდან ერთ თვეში მოძრაობის წევრი ქართველი და ოსი ქალები ბაქოში შეიკრიბნენ და სამშვიდობო ინიციატივების დაგეგმვა დაიწყეს.

მოძრაობას მუდამ ბარიერები ხვდებოდა. ცხინვალში პარტნიორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, იქაური პოლიტიკური ვითარების გამო, თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, თბილისში მანანა მებუკე გარდაიცვალა და ორგანიზაცია პრობლემების წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, მოძრაობის წევრები ოს ქალებთან პირად კონტაქტებს ინარჩუნებენ და საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ. მოძრაობის ლიდერი ნინო ქუთათელაძე ფიქრობს, რომ, შესაძლოა, მალე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს.

"ქალთა სამშვიდობო მოძრაობის" აქცია გორში. 2012 წლის 7 აგვისტო
"ქალთა სამშვიდობო მოძრაობის" აქცია გორში. 2012 წლის 7 აგვისტო

ნანა საბანაძე ცხინვალელია. ის მიიჩნევს, რომ ქალებმა სამშვიდობო მოღვაწეობა უფრო დიდი ძალებით უნდა გააგრძელონ, რათა გამყოფ ხაზთან ინციდენტები მაქსიმალურად შემცირდეს.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობა ყოველწლიურად 6 აგვისტოს მართავს ხოლმე ხსოვნის დღეს და ქართველ, ოს და აფხაზ დაღუპულებს პატივს თანაბრად მიაგებს. მოძრაობა, პრობლემების მიუხედავად, საქმიანობას აგრძელებს.

XS
SM
MD
LG