Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტების აქცია გორში


გორის თეატრის სკვერში დაიწყო და ტელეკომპანია „დიას“ ოფისთან გაგრძელდა საპროტესტო აქცია, რომელიც ამ ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომლებმა მოაწყვეს. აქციას გორში მოქმედი სხვა მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. „დიას“ ყოფილ თანამშრომლებს ხელში ეკავათ შრომითი ხელშეკრულებიდან ამობეჭდილი ის მუხლები, რომლებიც, მათი აზრით, უფლებების შემლახავია. მაგალითად, ზოგიერთი მუხლის თანახმად, „კონტრაქტორი ვალდებულია პროფესიული მოთხოვნების ფარგლებში შეასრულოს დამქირავებლის ყველა ბრძანება“, „ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ინფორმაცია როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებზე, მათ შორის, კრედიტორების შესახებ“, „დაქირავებულს გათავისუფლებიდან 3 წლის განმავლობაში ეკრძალება კონკურენტ კომპანიაში მუშაობის დაწყება“ - სწორედ ეს მუხლები გახდა ჟურნალისტების პროტესტისა და მათი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გორის დარბაზის“ დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილი ჟურნალისტებთან სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა. მისი აზრით, მონაპოვარს, რომელსაც თავისუფალი მედია ჰქვია, დაცვა სჭირდება.

გორის მცხოვრებ თამარ ედიშერაშვილისთვის მისაბაძია ის სოლიდარობა, რომელიც „დიას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ მათმა კოლეგებმა გამოიჩინეს. ედიშერაშვილის აზრით, პროფესიული ღირსება ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს.

მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გორის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ტელეკომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც მათ მიერ ხელშეკრულებიდან ამობეჭდილი მუხლები დააწყვეს და იმ ადამიანებს, ვინც ამ ტელეკომპანიაში დასაქმებას მოინდომებს, სიფრთხილისკენ მოუწოდეს. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნინო ჩიბჩიური მიიჩნევს, რომ მედიაში მიმდინარე პროცესებით საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც უნდა დაინტერესდნენ.

მედიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია
please wait

No media source currently available

0:00 0:02:34 0:00

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობიდან ყოფილ თანამშრომლებთან შესახვედრად არავინ გამოსულა. არხის დირექტორმა მაია ტატულაშვილმა ჟურნალისტების ბრალდებებზე კომენტარი გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებით თანამშრომლებთან მოლაპარაკების პროცესი ჯერ დასრულებული არ იყო. გარდა ამისა, ტატულაშვილი ამბობს, რომ მას არხის განვითარებისთვის ჟურნალისტების გადამზადება ჰქონდა დაგეგმილი და მათგან ითხოვდა გარანტიას, რომ კონკურენტ მედიასაშუალებებში სამუშაოდ არ წავიდოდნენ.

გორში ჟურნალისტების აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. „დიას“ ყოფილი თანამშრომლები ახლა ტელეკომპანიის კომერციული დირექტორისგან საჯარო ბოდიშის მოხდას და კუთვნილი ანაზღაურების მიღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავენ.

XS
SM
MD
LG