ვენეციის კომისია მმართველ პარტიასა და დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს კონსტიტუციის ცვლილებების კვლავ კონსენსუსის გზით გატარებისკენ მოუწოდებს. წერილში, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ, გაუგზავნა ოპოზიციურ პარტიებს, ნათქვამია, რომ გამოსავლის მიღწევის საშუალება დიალოგია. საკითხავია,დარჩა თუ არა საკონსტიტუციო რეფორმაზე დიალოგის რესურსი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს, წერილი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს დაეგზავნათ, 25 ივლისითაა დათარიღებული. ეს წერილი პასუხია ვენეციის კომისიისა და ევროპული სტრუქტურებისათვის ერთი კვირის წინ გაგზავნილ ერთობლივ მიმართვაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ოპოზიციასთან საუბარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც საყოველთაო განხილვის საგანი იყო და რომელიც მმართველმა პარტიამ ერთპიროვნულად შეცვალა. ოპოზიციის საპასუხო წერილში ჯანი ბუკიკიო აღნიშნავს, რომ კონსენსუსი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის საშუალებით უნდა იქნეს მიღწეული და რომ ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების დაწესება კომისიის როლი არ არის. შექმნილ ვითარებაში ვენეციის კომისიის როლის არასწორ გაგებაზე მიუთითა ოპოზიციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა. იგი ამბობს, რომ პოლიტიკური კინკლაობის გადატანა სტრასბურგსა თუ ვენეციაში და ჯანი ბუკიკიოსთვის იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, თავისი მანდატიდან გამომდინარე, არ არის სწორი:
“ბატონი ჯანი ბუკიკიოს პასუხი არის ძალიან ნათელი და ამბობს ერთადერთ რამეს. ამბობს იმას, რომ ვენეციის კომისიამ თავისი ნაწილი საქმის გააკეთა, კერძოდ, ის, რომ ექსპერტული მოსაზრებები საქართველოს გამოუგზავნა, გაუზიარა და დანარჩენი არის უკვე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სპექტრისა და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორების საქმე - კერძოდ, ის, რომ, თუ შესაძლებელია, შევთანხმდეთ ან, თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ სამწუხაროა“.
ოპოზიციის რიგებში კი, მმართველი პარტიისგან განსხვავებით, მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წერილი კიდევ ერთი მოწოდებაა ხელისუფლების მისამართით, დიალოგისა და კომპრომისის გზით სცადოს ფართო კონსენსუსის მიღწევა ქვეყნის მთავარი კანონის პრინციპებზე.
კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის სადავო საკითხი, ერთი მხრივ, მმართველ პარტიას, მეორე მხრივ კი, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის საარჩევნო სისტემაა. მმართველი პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან აპირებს, დანარჩენი აქტორები კი ამას, კონსტიტუციაში ჩანაწერის მიხედვით, 2020 წლიდან ითხოვენ. შესაბამისად, დიალოგის საგნად მმართველი პარტია ბლოკებისა და საარჩევნო ბარიერის საკითხზე შესაძლო შეთანხმებას მიიჩნევს, ოპოზიციური ფლანგი კი კონსტიტუციის ცვლილებების ორი მოსმენით უკვე მიღებული პროექტის გამოთხოვას და მისი არსებითი ცვლილებისთვის მინიმუმ მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს. ასეთ ვითარებაში კი პოტენციური კონსენსუსის საგანი მხარეებს განსხვავებულად ესმით და, საკონსტიტუციო რეფორმის გარდა, ჩიხშია შესული ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ რეკომენდებული დიალოგის პროცესიც.
“კონსენსუსი უნდა მიიღწიოს ორივე მხრიდან გადადგმული შესაბამისი ნაბიჯებით. ამით მან ოპოზიციას ცალსახად უთხრა, რომ არ შეიძლება ულტიმატუმების ენით საუბარი. მაგიდასთან როდესაც დიალოგისთვის დასხდება რამდენიმე მხარე, იქ ულტიმატუმების ნაცვლად უნდა იყოს პირიქით მზაობა“, ამბობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი.
“’ქართული ოცნება’, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავთან არის დარჩენილი და მხოლოდ საკუთარი ძალებით ცვლის კონსტიტუციას იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება გაახანგრძლივოს და ეს არის ერთადერთი ამოსავალი წერტილი ასეთი კონსტიტუციის, მას ვერ ექნება ლეგიტიმაცია. ასე რომ, უნდა გაიხსნას ისევ დიალოგის რეჟიმი, უნდა დაბრუნდეს საწყის ეტაპზე ეს პროცესი“, აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა.
დიალოგის პროცესი კი 20 ოპოზიციური პარტიის მოთხოვნითა და მმართველი პარტიის წევრთა საჯარო განცხადებების თანახმად, მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო. მართალია, კვირის ბოლომდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ დიალოგის პერსპექტივის დანახვა უჭირთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ისე ოპოზიციურ სპექტრში. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, ოფიციალური შეტყობინება დიალოგის გამართვის შესახებ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციურ პარტიებს არც კი მიუღიათ:
„ეს იყო, ფაქტიურად, მათი პიარ აქცია, პიარ განცხადებები, რომელსაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალის ასახვევად აკეთებდნენ, მაგრამ რეალურად ნაბიჯები დიალოგისთვის არ იდგმებოდა. ჩვენ არანაირ პირობებსაც კი არ ვაყენებდით საწყის ეტაპზე.ზოგადი განცხადებების დროს მეც შემიძლია გითხრათ, რომ დიდ აზრს ამ დიალოგისას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ღრმა რწმენით, არ არის მზად რეალური ცვლილებებისთვის“.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი შექმნილ ვითარებაშიც ღირებულად მიიჩნევს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას, პარტიათა მეორე ნაწილისთვის კი დიალოგი უკვე ჩაშლილია. თუმცა ბაჩუკი ქარდავა ფიქრობს, რომ, კონსტიტუციის ცვლილებების საკითხზე სასაუბროდ შეხვედრის დანიშვნის შემთხვევაში, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი სრული შემადგენლობით შეეცდება თავისი პოზიციების დაცვას და გატანას.