Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეი ბი ლენო


ჯეი ბი ლენო
ჯეი ბი ლენო
მისისიპურ ხალხურ მუსიკას რამდენიმე სიუჟეტი დავუთმე. ამ მხარეში მოგზაურობა, თუ არ ვცდები, მადი უოტერსით დავიწყე, რომელმაც ბლუზურ სცენაზე ერთგვარი რევოლუცია მოახდინა: მსმენელს პირველმა შესთავაზა გიტარის ელექტრიფიცირებული ჟღერადობა და ბლუზი ბენდის ფორმატით წარმოადგინა. მეორე „ბუგის მეფე“ ჯონ ლი ჰუკერი გახლდათ, საკუთარი მუსიკით როკენროლის დაბადება რომ განაპირობა. ჰოდა, დღეს კიდევ ერთ მისისიპელ კომპოზიტორზე, გიტარისტსა და მომღერალზე, ჯეი ბი ლენოზე მოგახსენებთ, რომელსაც ზემოხსენებული ბატონები უდიდეს პატივს სცემდნენ. მისი მთავარი ღირსება მისივე უნიკალურობაში მდგომარეობდა. მოგეხსენებათ, რომ კლასიკური ყაიდის ბლუზური თემები ბანალურია - მეტწილად, უიღბლო სიყვარულს, მონობასა თუ მძიმე ყოფას შეგუებული სევდის გამოძახილია. ჯეი ბი კი, ფაქტობრივად, ერთადერთი ბლუზმენი იყო, რომელიც ამ ჟანრისათვის უჩვეულო სიმღერებს თხზავდა: მწვავე სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკის საპროტესტო თხზულებებით ილაშქრებდა უსამართლობის წინააღმდეგ.



ჯეი ბი ლენო 1929 წლის 5 მარტს მისისიპის შტატის შუაგულში, ერთ პატარა სოფელ მონტიჩელოში დაიბადა. მამამისიც მუსიკოსი იყო და, როგორც ამბობენ, არცთუ ურიგო შემსრულებელი, დელტური ბლუზის ლეგენდებთან - ბლაინდ ლემონ ჯეფერსონსა და ჩარლი პეიტონთან - ახლო მეგობრობას იჩემებდა. ჰოდა, პატარა ჯეი ბიც მშობლის წყალობით დაეუფლა სოფლური ბლუზის ანა-ბანასა და გიტარაზე დაკვრის ხელოვნებას. მამა-შვილი საკვირაო წირვებზე ბაპტისტური ეკლესიის გუნდში მღეროდა, საღამოობით კი კონცერტებს ადგილობრივ ლუდხანებში მართავდა. როცა წამოიზარდა, პროფესიონალი მუსიკოსობა უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა, ზურგზე გიტარა მოიკიდა და ხეტიალს მოჰყვა. ჯერ ახალ ორლეანში ჩავიდა, სადაც სანი ბოი უილიამსონთან და ელმორ ჯეიმსთან ითანამშრომლა, საბოლოოდ კი, ჩიკაგოში დაიდო ბინა.



ჯეი ბი ლენო ჩიკაგოში 40-იანი წლების ბოლოს მოხვდა. ეს ის პერიოდი გახლავთ, როცა ტრადიციული „სოფლური ბლუზი“ ტრანსფორმაციას განიცდიდა, ურბანულ ფორმებს იძენდა და „ქალაქურ ბლუზად“ ყალიბდებოდა. დამწყები მუსიკოსი სწორედ ამ პროცესის მონაწილე აღმოჩნდა, პირველი თხზულებებიც ამ დროს შექმნა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბლუზის ენით თქმული ანტისაომარი მანიფესტი „Korea Blues“ გამოდგა. მეტიც, ჯეი ბი უფრო შორს წავიდა, საგადასახადო სისტემას აუჯანყდა და პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ხალხის ძარცვაში დაადანაშაულა. სიმღერას ისეთი რეზონანსი მოჰყვა, რომ ხმის ჩამწერ სტუდიას „Checker“-ს ფირფიტის რეალიზაციიდან ამოღებასაც კი სთხოვდნენ.

50-იანი წლების ბოლოს ჯეი ბი სახელოვანი ხმის ჩამწერი სტუდიის "Chess Records"-ის მარაქაში გაერია. მისი საკომპოზიტორო ნიჭი, საშემსრულებლო ტექნიკა და შთამბეჭდავი ფალცეტი ვილი დიქსონმა აღმოაჩინა, რომელიც ლეიბლის ე.წ. "talent scout"-ი გახლდათ. ძმები ჩესების პროდიუსინგით მუსიკოსმა რამდენიმე ალბომი ჩაწერა, რომლებშიც ისეთ მტკივნეულ თემებს გამოეხმაურა, როგორიც იყო: რასობრივი დისკრიმინაცია, აფროამერიკელთა მძიმე სოციალური ყოფა, კუ-კლუქს-კლანელთა ძალადობა და, რა თქმა უნდა, ვიეტნამის ომიც არ დავიწყებია.



1965 წელს ჯეი ბი ლენო დიდ ბრიტანეთში ამერიკული ხალხური მუსიკის ლეგენდარულ ფესტივალზე გაემგზავრა და ევროპელების წინაშე სცენაზე ჯონ ლი ჰუკერსა და ბადი გაისთან ერთად წარდგა. 2 წლის თავზე კი, 38 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც, თავის მხრივ, ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულმა ტრავმებმა განაპირობა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG