Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცენტები ევროსაბჭოს ტრიბუნაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის წინ


ბიძინა ივანიშვილი ჟან კლოდ მინიონის შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ჟან კლოდ მინიონის შეხვდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის წინა დღეს, 22 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ მინიონმა მიიღო. შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა პერსპექტივები, რითაც ასევე დაინტერესებულია რუსეთის დელეგაცია.

”მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ევროსაბჭოში, ძალიან გულთბილი შეხვედრა გვქონდა და ძალიან მარტივად განვითარდა ჩვენი ურთიერთობა”, - უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა ორშაბათს სტრასბურგში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟან-კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ.

”ჩვენ მოკლედ შევეხეთ ყველა იმ საკითხს, ყველა იმ ვალდებულებას, რაც საქართველოს გააჩნია ევროსაჭოს წინაშე და მე დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ საქართველოს ახალი მთავრობა უფრო დაჩქარებული ტემპებით განახორციელებს და აუცილებლად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს აღებული. ამავდროულად, ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს დიდ მეზობელთან, რუსეთთან, და მისი დალაგების და განვითარების შესაძლებლობები დავგეგმეთ”.

კონკრეტულად რა და როდისთვის დაიგეგმა, ბიძინა ივანიშვილს არ დაუზუსტებია. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კვლავაც რჩება ერთ-ერთ მწვავე პრობლემად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სივრცეში. გავიხსენოთ, რომ რუსეთი საშინლად განაწყენებული დარჩა იანვრის მიწურულსაც, როდესაც ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ იჩინა თავი ტერმინმა ”ოკუპაცია”. საუბარია რეზოლუციაზე, სახელწოდებით "საქართველო და რუსეთი: ჰუმანიტარული სიტუაცია კონფლიქტით და ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე", რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე, 23 იანვარს, დეპუტატებმა ხმათა მნიშვნელოვანი უმრავლესობით დაამტკიცეს. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ რეზოლიციის ენა, გარკვეულწილად, გამკაცრებულიც კი ეჩვენათ, რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე ასამბლეის მიერ მიღებულ წინა რეზოლუციებთან შედარებით.

ბატონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ მოუწევს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა და, სავარაუდოდ, იმ შეკითხვებზე რეაგირება, რაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება...
ჟან-კლოდ მინიონი
მოსკოვი დღემდე უკმაყოფილოა და ამაზე დეპუტატ ალექსეი პუშკოვის სიტყვებიც მეტყველებს. როგორც რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განუცხადა 20 აპრილს „რია ნოვოსტის“, რუსი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს შეკითხვებს სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაუსვამენ. ჩვენ დავსვამთ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად აპირებს ის შეცვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, - კერძოდ, რუსეთთან მიმართებაში, - რადგან ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლების ყველა ოფიციალური განცხადება სააკაშვილის მიერ განხორციელებული საგარეო პოლიტიკის კალაპოტში ექცევა, - აცხადებს პუშკოვი.

ინტერესის დაკმაყოფილების საშუალება რუსეთის დელეგაციას, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციებს, 23 აპრილს, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მე-2 დღეს მიეცემათ. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ მინიონმა ივარაუდა ორშაბათს სტრასბურგში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს შიდაპოლიტიკაზეც მოუწევს ლაპარაკი:

ასამბლეის პრეზიდენტი და ბატონმა მინიონმა გამოთქვა სურვილი და დაინტერესება, რომ მიეწვია იანვრის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი და ერთ-ერთ მომდევნო სესიაზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
მამუკა ჟღენტი
"ბატონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხვალ მოუწევს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლა და, სავარაუდოდ, იმ შეკითხვებზე რეაგირება, რაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება".

სწორედ საქართველოს შიდაპოლიტიკური მოვლენები და ძირითადად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი წარმოადგენდა ინტერესის მთავარ საგანს, რის საფუძველზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიწვევა გადაწყვიტა. საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, თუ როგორ შეთანხმდა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაზე:

”იყო დიდი დაინტერესება ასამბლეის მხრიდან და ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში დაგვიკავშირდა ასამბლეის პრეზიდენტი და ბატონმა მინიონმა გამოთქვა სურვილი და დაინტერესება, რომ მიეწვია იანვრის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი და ერთ-ერთ მომდევნო სესიაზე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მაშინ გადაწყდა ეს საკითხი. თუმცა, მისი დაინტერესების გარდა, ასევე არსებობდა ასამბლეის ბიუროს მიერ გაცემული თანხმობა”.

21 იანვარს, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინაშე წარდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა ”ნაციონალური მოძრაობის” შევიწროებისა და საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო. ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, თუ რა აქცენტების დასმას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროსაბჭოს დეპუტატებს 23 აპრილს, თბილისის დროით 14 საათზე, მიმართავს და შემდეგ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.

დაბოლოს, ოფიციალური ინფორმაციით, საკმაოდ დატვირთულია სტრასბურგში პრემიერ-მინისტრის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების განრიგი. მათ შორის არის შეხვედრები: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან დინ შპილმანთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეკ სავიცკისთან, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკსთან, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარკერტთან, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, ევროპის საბჭოს კონგრესის ადგილობრივი და რეგიონალური წარმომადგენლების გენერალურ მდივანთან ანდრეას კოფერთან, ევროპის ლიბერალ დემოკრატთა ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან ანე ბრასორთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან ნატაშა ვუკოვიჩთან, რუმინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ პონტასთან.

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგს 24 აპრილს დატოვებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG