Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოსა და რუსული აქცენტების კვირა


მიმოხილვა დავიწყოთ რეზოლუციით, რომელშიც კიდევ ერთხელ იჩინა თავი ტერმინმა ”ოკუპაცია” და რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე, 23 იანვარს, 147 ხმით 26-ის წინააღმდეგ - კენჭისყრის ასეთი შედეგით დაამტკიცეს. როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა უთხრა ჟურნალისტებს სტრასბურგში, ჰუმანიტარული ხასიათის მანამდე დამტკიცებულ რეზოლუციებთან შედარებით, ამ რეზოლიციის ენა არათუ შერბილებული არ არის, არამედ გარკვეულწილად გამკაცრებულიც კია და ეს შეეხება, მაგალითად, რუსეთის მიმართ მოწოდებას - შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება. იკვეთება სხვა აქცენტებიც:

”გათვალისწინებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახლში, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მეორე საკითხი, რაზეც აქამდე არ ყოფილა საუბარი, არის ის, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჰქონდეს უფლება განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არის ოკუპირებული. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს რეზოლუციაში პირდაპირ არის ასახული”.

ტერმინმა ”ოკუპაცია” 23 იანვარს გამართულ სხდომაზე კვლავინდებურად გააღიზიანა რუსეთის დელეგაცია, რომლის წარმომადგენლებიც ამტკიცებდნენ, რომ რადგანაც რუსეთი საქართველოს აგრესიას იგერიებდა და თავს იცავდა, ბუნებაში არანაირი ოკუპაცია არ არსებობს. თუმცა საქმე რომ სხვაგვარად არის და საქართველოს რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის შენება და გაფართოება სრულიად უკანონო პროცესს წარმოადგენს, ეს ოთხშაბათის სხდომაზე არაერთმა გამომსვლელმა აღნიშნა. რეზოლუციაში, სახელწოდებით "საქართველო და რუსეთი: ჰუმანიტარული სიტუაცია კონფლიქტით და ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე", ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ დევნილების დაბრუნების პროცესი ამ ეტაპისთვის შეუსრულებელი ამოცანაა და ამიტომ საჭიროა ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა დევნილებისთვის. ტექსტის თანახმად, მწვავე პრობლემად რჩება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე თავისუფალი მიმოსვლა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანებისთვის. მწვავე გამოწვევას წარმოადგენს ასევე ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ხასიათის შეზღუდვა - იქნება ეს ადამიანების გაუჩინარება, სურსათის, ჯანდაცვისა თუ განათლების პრობლემები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ პრობლემების გადაჭრაში დიდი როლი ეკისრება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს ნდობის აღდგენისა და დიალოგის გზით საერთო ენის გამონახვისთვის. მათთვის უდავოა, რომ ჰუმანიტარული პრობლემების დაძლევა სწრაფად და ეფექტიანად უნდა მოხდეს.

23 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციას საფუძვლად დაედო მიგრაციის, ლტოლვილთა და გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წარმომადგენლის თინა აკეტოფტის მოხსენება. მასზე მუშაობის პროცესში შვედ დეპუტატს არ მიეცა საშუალება შეეღწია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რომელიც, მისი აზრით, კიდევ უფრო დახურულ ზონას წარმოადგენს, ვიდრე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა. სხდომაზე გამოსვლისას, ოთხშაბათს, თინა აკეტოფტმა აღნიშნა, რომ ის განიცდიდა ზეწოლას როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა მან ამ ზეწოლას გაუძლო და კვლავაც ძველებურ აზრზე რჩება, რომ ჰუმანიტარული საკითხები მკვეთრად უნდა გაემიჯნოს პოლიტიკას:

”ეს არის მოხსენება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე. ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი. ხანდახან ჩვენ გვჭირდება განვერიდოთ პოლიტიკას, ხანდახან პოლიტიკა ვერ გამოდგება სამუშაო იარაღად. აქ ჰუმანიტარული საკითხებია მთავარი. მთავარია, რომ ამ ხალხს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა, ხელმისაწვდომობა და ხელმისაწვდომობა. ეს არის ერთადერთი, რასაც მე ამ მოხსენებით ვითხოვ”.

საქართველოს დელეგაცია, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები ოთხშაბათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ საქართველოს ინტერესების დაცვას. მართალია, მათ მიერ შეთანხმებულად მოთხოვნილ ცვლილებათა დიდი ნაწილი არ იქნა გაზიარებული, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც მისაღები აღმოჩნდა როგორც ძველი, ასევე ახალი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის. თუმცა ამ ძალებს შორის დაპირისპირება მიმდინარე კვირაშიც არაერთხელ გამოიკვეთა და, მათ შორის, ევროსაბჭოს სარბიელზეც.

21 იანვარს, როცა საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე სიტყვით გამოდიოდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ახალი ხელისუფლების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენას. თუკი პრეზიდენტის სიტყვების მოკლე მიმოხილვას შევეცდებით, ასეთ სურათს მივიღებთ: 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად კორუფციასა და ავტორიტარიზმთან წარმატებით მებრძოლი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ამაოდ სცადა რუსეთთან კეთილმეზობლობა და ევროატლანტიკური ფასეულობების გამო არ შეუშინდა ოკუპანტის ბომბებს, ჩაანაცვლა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, ავიწროებს თავისუფალ მედიას, საქართველოს ინტერესების ხარჯზე ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, ციხიდან ათავისუფლებს რუსეთის ჯაშუშებს და, საერთოდ, მტკიცე პროდასავლური გზიდან გადახვევას ცდილობს. ამ ჭრილში მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალი ხელისუფლების რიტორიკა არ შეესაბამება რეალურ განზრახვებს:

”მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ახალი მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს აშკარად პოზიტიური სიგნალია და რამდენჯერმე მეც საჯაროდ მივესალმე და შესაბამის მინისტრებს შევთავაზე, რომ ამ თემაზე, რაც შემიძლია, ყველაფრით გავუწევ დახმარებას. კარგია, როდესაც ირწმუნები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - შესაბამისად უნდა მოიქცე”.

მიხეილ სააკაშვილი ახალ ხელისუფლებას თავისუფალი მედიის შევიწროებაშიც ადანაშაულებს და განსაკუთრებული აქცენტი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კეთდება:

”ობიექტური საზოგადოებრივი ტელევიზიის გაძლიერების სანაცვლოდ, ახალმა მთავრობამ აიძულა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი გადამდგარიყო და საჯაროდ გამოაცხადა, რომ სურს „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და პრემიერ-მინისტრის მეუღლის კუთვნილი ტელევიზიის, „მეცხრე არხის“, გაერთიანება. ამგვარი ინიციატივა მრავალი წლით გვაბრუნებს უკან”.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გამოკვეთილი აქცენტების დიდ ნაწილს იმეორებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 24 იანვარს დამტკიცებული რეზოლუცია, სახელწოდებით ”მედიის თავისუფლების მდგომარეობა ევროპაში”, რომლის მეოცე და ოცდამეერთე პუნქტებიც საქართველოს შეეხება. მაგალითად, მე-20 პუნქტში ასამბლეა გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრმა რამდენიმე სახელმწიფომ, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, გამოცვალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი პირები, რათა ზეგავლენა მოეხდინათ მაუწყებელთა პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ამ კონტექსტში საგანგაშო ფაქტად სახელდება ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა წინადადება თავისი მეუღლის კუთვნილი ტელევიზიის, „მე-9 არხის“, და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაერთიანებისა და, ასევე, საკანონმდებლო ბაზის ცვლილების შესახებ. რეზოლუციის 21-ე პუნქტში ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოულოდნელ ფინანსურ შემოწმებათა გამო, რასაც თან ახლდა მაღალ თანამდებობის პირთა აგრესიული განცხადებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები.

„მე-9 არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ შესაძლო შერწყმის თემაზე, რომელმაც მწვავე კამათი გამოიწვია გასული წლის ნოემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებების საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილმა 25 იანვარს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში განმარტება გააკეთა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებების ხელყოფა არასდროს უფიქრია და იქვე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძველი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეიყვანეს შეცდომაში:

”კარგი გამოსავალი მქონდა ნანახი: ჟურნალისტები რომ არ დარჩენილიყვნენ ქუჩაში, მთელ აპარატურას და რაც კი არსებობდა მე-9 არხზე, ყველაფერს ვჩუქნიდი პირველ არხს. რა იყო ამაში აგრესიული, მე ვერ გამიგია. ნუ, რაც ხდება დღეს საქართველოში, გასაგებია: სიცრუის გატანას ახერხებენ ნაწილობრივ და სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოშიც შეიტანეს ეს სიცრუე. ჯერ კიდევ ახერხებენ ევროპელების და ამერიკელების მოტყუებას, მაგრამ ძალიან ცოტას და ძალიან უმნიშვნელო საკითხებში... და ესეც მალე დასრულდება”.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ასახულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საფინანსო შემოწმება პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული, ”უზუსტობას” უწოდებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აბსოლუტურად კანონიერად ამოწმებს და ეს პროცესი ასევე კანონიერად გაგრძელდება. ხსენებულ პროცესში კანონდარღვევას ვერც არასამთავრობო სექტორი ხედავს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ამ ეტაპზე შეშფოთების საფუძველს ვერც რეზოლუციაში ასახულ სხვა აქცენტებთან მიმართებით ხედავენ და პოზიტიურად აფასებენ მედიასთან დაკავშირებით მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის თამარ კორძაიას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 იანვრის რეზოლუციაში ფაქტობრივი შეცდომაა გაპარული, რადგანაც საკანონმდებლო ცვლილებები სამთავრობო ინიციატივას არ წარმოადგენდა:

”პრემიერ-მინისტრს ინიციატივა არ წარუდგენია მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, ხოლო ამ რეზოლუციაში ეს ასე იკითხება. არც არსებულა და არც ახლა არსებობს ბუნებაში საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეზოლუციაში ასახული ინტერესების გამტარებელი იქნებოდა. ხოლო ჩვენ მიერ წარდგენილი ინიციატივა ქმნის იმდენად დაბალანსებულ სისტემას ინტერესთა გათვალისწინებით, რომლითაც ვერ შევა ჩიხში მაუწყებლის ხელმძღვანელობა და იქ ყოველთვის იქნება გაწონასწორებული ძალთა ბალანსი”.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ორიოდე დღის წინ პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივის სახით და ის ახლა საპარლამენტო განხილვებს ელოდება.

გასულ კვირაში გაიმართა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში, რომლის ფარგლებშიც ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. ვლადიმირ პუტინმა ილია მეორეს მიულოცა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდო, რომელიც მას მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გადასცეს. „საგანგებო მადლიერება მინდა გამოვხატო თქვენი მისამართით იმისათვის, რომ ამჟამინდელ რთულ პირობებში (რთულში ვგულისხმობ რუსეთსა და საქართველოს შორის არცთუ იოლ სახელმწიფოთშორის ურთიერთობებს) აკეთებთ ყველაფერ შესაძლებელს, რათა ხელი შეუწყოთ ჰუმანიტარულ, სასულიერო, კულტურულ კონტაქტებს ჩვენს ორ მოძმე ერს შორის“, - განუცხადა პუტინმა ილია მეორეს. საქართველოს პატრიარქი კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, გულითადად მიესალმა რუსეთის პრეზიდენტს და შეხვედრის დასაწყისში ”დიდი მოკითხვა” გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან. ”ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, - განაცხადა ილია მეორემ და იქვე გამოხატა რწმენა იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები მოიხსნება და ”ჩვენ ისევ ვიქნებით ძმები”.

რუსეთთან დაკავშირებული აქცენტებით გამოირჩეოდა საქართველოსთვის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიც, რომელსაც მიმდინარე კვირაში, ტრადიციულად, შვეიცარიის საკურორტო ქალაქი დავოსი მასპინძლობდა. ყოველწლიური მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ახალი ხელისუფლება უცხოელი ინვესტორების - მათ შორის, რუსი ბიზნესმენების -დაინტერესებას ცდილობდა. წარმატებულ მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად ფორუმზე, ტრადიციულად, მიწვეული იყვნენ მსოფლიო პოლიტიკური ლიდერებიც. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არაერთი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა, მედიის საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” ცნობით, რომლის წყაროსაც ამ შემთხვევაში ერთ-ერთი რუსი ბიზნესმენი წარმოადგენდა, პრემიერ-მინისტრები ერთ-ერთ წვეულებაზე 23 იანვარს შეხვდნენ ერთმანეთს; ბიძინა ივანიშვილი თავად მიუახლოვდა დმიტრი მედვედევს და ისინი რამდენიმე წუთის მანძილზე საუბრობდნენ. თუმცა, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ოდნავ მოგვიანებით ჟურნალისტებს, შეხვედრა მეტად ხანმოკლე იყო და ის პრაქტიკულად მხოლოდ მისალმებით ამოიწურა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის არ ფლობს დამატებით, გაუხმაურებელ ინფორმაციებს რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების გაუმჯობესების ჭრილში. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, რადგანაც დღეისათვის არსებული ჩიხური სიტუაცია არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს, დიდი ალბათობით, რუსეთიც დაინტერესებული უნდა იყოს, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადადგას ორი ქვეყნის ურთიერთობის გამოსწორების გზაზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG