აშშ-ის დაზვერვის ახალი შეფასების თანახმად, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ შედარებით სუსტდება ერაყსა და სირიაში, თუმცა პოზიციებს იმყარებს ლიბიაში.
ახალი მონაცემებით, რომლებიც თეთრმა სახლმა 4 თებერვალს გაავრცელა, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიცხვი 25,000-მდეა შემცირებული სირიასა და ერაყში, ჯგუფის ე.წ. „სახალიფოში“, მაშინ როცა, უწინდელი შეფასებით, მათი რაოდენობა 31,000 იყო.
კლება გამოწვეულია ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგებით და დეზერტირობით, ისევე როგორც აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებული კამპანიის პროგრესით. ეს კამპანია მიზნად ისახავს ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას საჰაერო შეტევებისა და ხმელეთზე ერაყელი და ქურთი ძალების მხარდაჭერის გზით.
„’ისლამურმა სახელმწიფომ’ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადაო“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა.
მან აღნიშნა მნიშვნელობა სახმელეთო ოპერაციებისა, რომლებსაც აწარმოებენ სირიის ოპოზიციური ჯგუფები და კოალიციური პარტნიორები, მათ შორის, ერაყის სამხედრო და თემური ძალები და ქურთთა ფეშმერგას მებრძოლები. ერნესტს არ უხსენებია რუსეთის მიერ სექტემბრიდან წარმოებული საჰაერო კამპანია, რომელიც ნაწილობრივ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგაა მიმართული.
აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებული კამპანიიის ფარგლებში,„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ 10,000-ზე მეტი საჰაერო იერიში განხორციელდა 2014 წლის შემდეგ. ერნესტის თქმით, ამ კამპანიამ შედეგი გამოიღო, ისევე როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მეომართა გადინების შესამცირებლად საერთაშორისოდ გატარებულმა ზომებმა.
„’ისლამურ სახელმწიფოს’ უწინდელზე უფრო უჭირს თავისი რიგების შევსებაო“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ახლო აღმოსავლეთში „ისლამური სახელმწიფოს“ მეომართა კლება შესაძლოა ნაწილობრივ სხვა გარემოებასაც ირეკლავდეს, კერძოდ, იმას, რომ ჩრდილოეთაფრიკელი ექსტრემისტების ნაწილი ჯგუფის რიგებში გასაწევრიანებლად მიდის ლიბიაში და არა, უწინდელივით, სირიაში.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბიაში პოლიტიკური ქაოსით ისარგებლა და სირტეს გარშემო და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე აძლიერებს პოზიციებს. აშშ-ის შეფასებით, ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეომართა რაოდენობა ახლა 3 000-დან 6 000-მდე მერყეობს, რაც, დაახლოებით, ორჯერ აჭარბებს წინა წლების მონაცემს.
პენგატონი თვალს ადევნებს ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების ზრდას და, თეთრი სახლის თხოვნის საფუძველზე, მუშაობს აშშ-ის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე, სამხედრო მოქმედებების ჩათვლით.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ეშ კარტერს, ნათქვამი აქვს, რომ არ სურს ლიბია დაემსგავსოს ერაყს ან სირიას, სადაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ისარგებლა პოლიტიკური ქაოსითა და შიდა კონფლიქტებით შექმნილი ვაკუუმით და 2014 წელს სწრაფად დაეპატრონა დიდ ტერიტორიებს.
აშშ-მა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები ლიბიაში. ნოემბერში აშშ-ის საჰაერო იერიშს ემსხვერპლა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ერაყელი აბუ ნაბილი.
დეკემბერში პენტაგონმა აღიარა, რომ საგანგებო ოპერაციების აშშ-ის ჯგუფი, რომელიც ლიბიაში „ურთიერთობების დასამყარებლად“ ჩავიდა, ჩასვლიდან მალე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ლიბიაში საფრთხეზე დაკვირვებას და კვლავაც მზად ვიქნებით სამოქმედოდო“, განაცხადა ჯოშ ერნესტმა.