უკრაინიდან პოლონეთში 12 თებერვალს დეპორტირებულმა „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, ოდესის ყოფილმა გუბენატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხს „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.
რადიო თავისუფლება: მაინც როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოახდინეს თქვენი საქართველოში ექსტრადირება?
მიხეილ სააკაშვილი: ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას ეს კატეგორიულად არ სურს.
რადიო თავისუფლება: რატომ?
მიხეილ სააკაშვილი: ვინაიდან მათ ჩამოაგდებენ. როგორც კი საქართველოში აღმოვჩნდები, სრულიად დარწმუნებული ვარ, ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში... ეს ძალიან სუსტი ხელისუფლებაა, რომელიც ჯიბეში უზის რუსეთის ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს. ეს „გაზპრომის“ უდიდესი კერძო აქციონერია. ჩემს წინააღმდეგ საქმე თითიდანაა გამოწოვილი. ეს ყველამ იცის. ისევე, როგორც ჩემს წინააღმდეგ წარმოებული უკრაინული საქმეები. ისინი ამ საქმეებს თავადაც არ აღიქვამენ სერიოზულად. და როგორც კი იქ აღმოვჩნდებოდი, ვინაიდან ხალხის ნაწილი ჩვენს მხარეზეა, სამართალდამცავებისა და შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი ჩვენს მხარეზეა, - მე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ვარ ჩემ ჯგუფთან ერთად, - საეჭვოა, რომ შეძლონ ჩემი შეკავება. ყოველ შემთხვევაში, თვითონ დარწმუნებული არიან, რომ ვერ შეძლებენ. ძალიან ეშინიათ. გუშინ, როცა დამაკავეს, საქართველოს ხელისუფლებაში პანიკა ატყდა. არ უნდოდათ, რომ თავსატკივარი გასჩენოდათ. პოროშენკომ ეს იცოდა და ამიტომ არ გააკეთა ეს.
რადიო თავისუფლება: სწორად გავიგე, უკრაინის გენერალური პროკურატურა ჯერ არ დაგკავშირებიათ.
მიხეილ სააკაშვილი: არა. უკრაინის პროკურატურა ვალდებული იყო, საქმე მიეყვანა უკრაინის სასამართლომდე. მათ მე ბრალი დამდეს სახელწიფო გადატრიალების მომზადებაში, ფულის მიღებაში კურჩენკოსგან. მერე აღმოჩნდა, რომ დამონტაჟებული საუბარი, როგორც ამას სულ თავიდან ვამტკიცებდი, მათ არ აინტერესებდათ. მაგრამ ეს დოკუმენტურად ჩანს, ვინაიდან მათ ქაღალდზე დოკუმენტურად აჩვენეს, რომ არ აინტერესებთ მონტაჟის თემა, რაც იმის დასტურია, რომ ეს მონტაჟია. მათ თავიანთი ყველა მოწმე გაიხმეს. მხოლოდ ერთხელ დამკითხეს. დანგაძე კი საერთოდ არ დაუკითხავთ. ის უბრალოდ ჯიუტად ჰყავთ პატიმრობაში. პირველი ინსტანციის მოსამართლემ თქვა, რომ საქმე გაყალბებულია. მეორე ინსტანციის სასამართლომ, რომელმაც შინაპატიმრობა მომისაჯა, ასევე ვერაფრით შეძლო საქმის დასაბუთება. ისინი ამას თავად არ აღიქვამენ სერიოზულად.
ანუ თუკი ადამიანს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ, როგორ შეიძლება მისი გაგდება ქვეყნიდან?! რას აპირებენ ახლა, ძებნას ხომ არ გამოაცხადებენ ჩემზე? აი, მე ვამბობ, რომ პოროშენკოს ბრძანებით გამაძევეს პოლონეთში. ჰოდა, პოროშენკოს მოსთხოვონ პასუხი, რომ დამეხმარა ქვეყნიდან გასვლაში. მე ხომ ჩემი ნებით არ გავსულვარ. ამიტომ ძალიან სულელურ ვითარებაში არიან, ძალიან სულელურში. იმდენად არ სცემენ პატივს საკუთარი ქვეყნის კანონებს, რომ გასაკვირია. ამას საჯაროდ ცხადყოფენ.
რადიო თავისუფლება: ვინმე თუ აფინანსებს თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობას?
მიხეილ სააკაშვილი: სინამდვილეში არ გამაჩნია არავითარი განსაკუთრებული თანხები, მათ შორის ევროპაში ყოფნისათვის. ჩემს ოჯახს აქვს გარკვეული თანხა, რათა აქ გადაადგილება შევძლო. მაგრამ ესაა ის, რაც საკმარისია ერთი ადამიანისთვის. შემიძლია ვიმგზავრო თვითმფრინავის ეკონომიური კლასით, გვაქვს ბინა ჰოლანდიაში. აი, სულ ეს არის. ამჟამად მე ფინანსები არ გამაჩნია. თუმცა, ვაპირებ თანხების მოზიდვას, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელებისგან. ვაპირებ, მათ მივმართო. ეს მოხდება სრულიად კანონიერად. ამის გაკეთება აქ (პოლონეთში) იოლია. უკრაინაში ეს ძნელი იყო, რადგან უკრაინაში გამჭირვალედ ვინმემ რომ მოგცეს ფული, კამიკაძე უნდა იყოს. ან თუ ღიად მაძლევდნენ ფულს, ეს ხდებოდა ძირითადად ამერიკელი უკრაინელების მიერ, ანდა იმ ხალხისაგან, რომლებსაც ბიზნესი ევროპაში აქვთ და არა უკრაინაში. ამიტომ მათ არ ეშინოდათ. თუმცა, მათზეც განხორციელდა ზეწოლა. რა თანხა დამჭირდება ევროპაში მოღვაწეობისათვის ეს არ ვიცი, რადგან ამისათვის არ მოვმზადებულვარ. მაგრამ გარკვეული თანხების მოძიებას, იმედი მაქვს, რომ შევძლებ.
რადიო თავისუფლება: დაბოლოს ფილოსოფიური ხასიათის შეკითხვას დაგისვამთ. არ ნანობთ იმას, რაც გასული წლის სექტემბერში მოხდა პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე?
მიხეილ სააკაშვილი: არა რა თქმა უნდა…
რადიო თავისუფლება: მაგრამ ხომ შეიძლებოდა მოგეცადათ და სულ სხვანაირად გადაგეკვეთათ საზღვარი? მაშინ უკვე ვერაფერში მოგედავებოდნენ?
მიხეილ სააკაშვილი: არა, რადგან უკრაინა ძლიერ შეიცვალა სწორედ გასული წლის სექტემბრის შემდეგ. და ამაში მეც მიმიძღვის ჩემი წვლილი. ოლიგარქია რეალურად სუსტია, როგორც არასდროს. და ჩვენ ახლა მას ბოლო უნდა მოვუღოთ. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. და ბოლო თვეებში ჩემი მონაწილეობის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ცხადია, მე მარტო არ ვყოფილვარ. ისინიც დაგვეხმარნენ თავიანთი სისულელით. მაგრამ ეს ნაპრალი ჩვენ უნდა გავაღრმაოთ. რადგან თუ ამას ახლა არ მოვიმოქმედებთ, ოლიგარქები ამოავსებენ ამ ნაპრალს და შემდეგ ჩვენ მოგვხედავენ. ანუ უბრალოდ გაანადგურებენ უკრაინელ ხალხს. ან ჩვენ გავანადგურებთ მათ, ან ისინი - ჩვენ.
რადიო თავისუფლება: რა იქნებოდა თქვენთვის უფრო რთული, პოლონეთში დეპორტაცია თუ საქართველოში ექსტრადიცია?
მიხეილ სააკაშვილი: ვერ მოვიტყუები, რა თქმა უნდა, უფრო იოლია ევროპაში ყოფნა და თავისუფლად მიმოსვლა. მე არც საქართველოს ციხის მეშინოდა, შეეძლოთ იქაც ჩავესვით და უკრაინაშიც, მაგრამ მაშინ სულ სხვა რეალობა იქნებოდა. ჯერ მოგვიხდებოდა საქართველოს ხელისუფლების ჩამოშორება, ხელისუფლებაში მოსვლა და მხოლოდ შემდეგ უკრაინის მიხედვა. ახლა კი მხოლოდ უკრაინით ვიქნები დაკავებული.