Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინიციატივები ქუთაისის ახალ მერს და დაანონსებული რეორგანიზაცია თვითმმართველობაში


ქუთაისი
ქუთაისი

29 ნოემბრიდან ქუთაისის ახალი მერი, გიორგი ჭიღვარია, თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მან საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა წინამორბედს, შოთა მურღულიას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარესა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გიორგი ჭიღვარიას მერიაში დახვდა. ქუთაისის ახალი მერის განცხადებით, მისი სურვილია საქალაქო სამსახურები უფრო მობილური გახადოს. ამბობს, რომ მოადგილეების ვინაობას უახლოეს დღეებში დაასახელებს, მერიის სამსახურების უფროსების შესარჩევად კი კონკურსი გამოცხადდება:

„ასევე იქნება რეორგანიზაცია. მართალია, მერია კარგად მუშაობდა, მაგრამ ჩვენ გვინდა ის უფრო მეტად იყოს მორგებული საზოგადოებაზე და მეტად ემსახუროს ხალხს“.

გიორგი ჭიღვარია
გიორგი ჭიღვარია

29 ნოემბერს ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის მერიასა და საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყების შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრის, გიორგი უკლებას, განცხადებით, მან შეკითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, რადგან ქუთაისის ახალი მერი საკრებულოს სხდომას არ დაესწრო და არ განმარტა, თუ რატომ გახდა საჭირო რეორგანიზაცია. თავად გიორგი უკლება მიიჩნევს, რომ სტრუქტურული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტებისა და მხარდამჭერების დასაქმებას:

„რეორგანიზაციის მიზანი არის ერთადერთი: უნდათ გაუშვან მერიის ძველი თანამშრომლები და უნდათ მიიღონ ახალი. არანაირი პოლიტიკური ხედვა მას საფუძვლად არ უდევს. უნდა მოიყვანონ ახალი თანამშრომლები, იმიტომ რომ უნდა დასაქმდნენ აქტივისტები“.

უმრავლესობა, გიორგი ჭიღვარიას გუნდი, წინასაარჩევნო პერიოდშიც აანონსებდა, რომ თვითმმართველობაში იქნებოდა რეორგანიზაცია და მოიყვანდა თავის გუნდს. მე ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ ვიღაცას მოუწევს სამსახურის დატოვება და სახლში წასვლა, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს "ქართულ ოცნებას"...
დავით გოგისვანიძე

ქუთაისის მერიის სამსახურებსა და საკრებულოს აპარატში სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწყებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ დავით გოგისვანიძემ. მისი განცხადებით, არასაკმარისია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან საკრებულოს სხდომაზე მიღებული განმარტება, რომ რეორგანიზაცია საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საშტატო კვოტებთან მერიის სტრუქტურის შესაბამისობაში მოსაყვანად:

„რა თქმა უნდა, რეორგანიზაცია ფორმალურია. უმრავლესობა, გიორგი ჭიღვარიას გუნდი, წინასაარჩევნო პერიოდშიც აანონსებდა, რომ თვითმმართველობაში იქნებოდა რეორგანიზაცია და მოიყვანდა თავის გუნდს. მე ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ ვიღაცას მოუწევს სამსახურის დატოვება და სახლში წასვლა, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს ,ქართულ ოცნებას’“.

ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია. მისი განცხადებით, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია ბუნებრივი პროცესია, რადგან ქალაქის ხელისუფლებაში მოვიდა მოსახლეობის მიერ არჩეული მერი:

ნიკოლოზ ლატარია
ნიკოლოზ ლატარია

„ქალაქის ხელისუფლებაში მოვიდა მოსახლეობის მიერ არჩეული ახალი მერი, ახალი გუნდი და ბუნებრივია რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია, თუმცა ეს არ გულისხმობს შემცირებებს და რასაც ოპოზიცია აცხადებს. ყველა პროფესიონალი გააგრძელებს მუშაობას, თუმცა აუცილებელია განახლებები და ამაში დამეთანხმებიან ჩემი თანამოქალაქეები. აუცილებლად უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს ქუთაისი, არის ახალი გამოწვევები და მათ პასუხი უნდა გაეცეს“.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქალაქის ახალ მერს, გიორგი ჭიღვარიას, წერილობით გაუგზავნა ინიციატივები 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად. ფრაქციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას, ინფორმაციით, მერიას სთავაზობენ მედიკამენტების შესაძენად პენსიონერებისთვის 50-ლარიანი ვაუჩერის გაცემას, საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის 100-ლარიანი კომუნალური ვაუჩერის გამოყოფას, სტუდენტებისთვის შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის განახევრებას, ახალშობილებისთვის 400-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას და საჯარო სკოლებისთვის 50 ათასი ლარის გამოყოფას, რომელსაც სკოლები საჭიროებისამებრ განკარგავენ. გიგა შუშანიას წინასწარი დათვლით, ამ ყველაფერს, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი დასჭირდება:

გიგა შუშანია
გიგა შუშანია

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია სწორი ადმინისტრირების შემთხვევაში ამ თანხების გამონახვა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თვითმმართველობასთან და, რაც მთავარია, 2012 წლამდე 11 მილიონი ლარი იხარჯებოდა ადმინისტრაციის შესანახად. ამჟამად იხარჯება 19 მილიონი ლარი და ეს 8 მილიონი ლარი შესაძლებელია გამოთავისუფლდეს და ამ პროექტებისთვის იქნეს მიმართული“.

ქუთაისის საკრებულომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. საკრებულოს ოპოზიცია ქალაქის ახალ მერს, გიროგი ჭიღვარიას, წინადადებების გათავლისწინებისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

XS
SM
MD
LG