Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ევროპის მოედნის იდეას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა


სოციალურ ქსელებში დღემდე არ წყდება დისკუსია გორელი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის ინიციატივის შესახებ, რომელიც ქალაქის მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭებას ეხება. სტალინის გამზირზე არსებული მოედანი, სადაც 2010 წლამდე საბჭოთა ბელადის მონუმენტი იდგა, ამჟამად უსახელოა, თუმცა გორელების ნაწილი მას ისევ სტალინის მოედანს უწოდებს. ერთი კვირის წინ „ახალგაზრდა ლიდერთა ქსელის“ სასწავლო კურსის დახურვაზე 64-მა ახალგაზრდამ გააჟღერა იდეა მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების თაობაზე. „ლიდერთა ქსელის“ წარმომადგენელმა ანა კორინთელმა მაშინ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება იყო, ამიტომ, მისი აზრით, ამ მოვლენას ხაზი ამ ფორმით უნდა გაესვას.

გავრცელებულ ინფორმაციას დიდი ხმაური მოჰყვა სოციალურ ქსელ ფეისბუკში. ზოგმა ამ ახალგაზრდების ლანძღვა დაიწყო, ზოგმა ალტერნატიული ვარიანტების განხილვა შესთავაზა და მოედნისთვის რომელიმე ქართველი საზოგადო მოღვაწის სახელის შერჩევა ურჩია. უფრო რადიკალურები, მიუხედავად მოედნის უსახელობისა, მაინც სტალინის სახელის დატოვებას მოითხოვდნენ. კომენტარებში ახალგაზრდებიც აქტიურობდნენ. ამ საკითხმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და განხილვის მთავარ თემად იქცა.

ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ადამიანებმა ერთმანეთის აზრის პატივისცემა უნდა ისწავლონ და დისკუსია ზედმეტი ემოციების გარეშე წარმართონ. მას შემაშფოთებლად მიაჩნია ის, რომ ევროპის მოედნის იდეას ერთბაშად ამდენი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

პედაგოგი მარტა ბიბილაშვილი კი ფიქრობს, რომ საკითხთან დაკავშირებით უფრო ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს და ახალგაზრდებმა არგუმენტირებულად იმსჯელონ. მისი აზრით, თუ ეს საკითხი საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს, შეიძლება ალტერნატიულ ვარიანტზეც იფიქრონ.

ახალგაზრდებმა პეტიცია უკვე მოამზადეს. მათ დაახლოებით 450 ხელმოწერა სჭირდებათ (ამომრჩეველთა ერთი პროცენტი) იმისათვის, რომ საკითხის ინიცირება საკრებულოში მოხდეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი გორის საკრებულო მიიღებს. სოციალურ ქსელში გამართულ ცხარე დისკუსიას თვალყურს ადევნებს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე. მისი აზრით, უმჯობესი იქნება საზოგადოება შეთანხმდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემთხვევაში, საკრებულოში პეტიციის შეტანა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

ახალგაზრდები კიდევ ერთი ინიციატივით გამოდიან და გორში საზოგადოების წარმომადგენლებს საკითხის განხილვაში მონაწილეობას სთავაზობენ.

XS
SM
MD
LG