Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში მოსავლის ასაღებად გამოდარებას ელოდებიან


იმერეთი
იმერეთი
იმერეთის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მოსავალი ამ დრომდე არ აუღიათ. როგორც გლეხები ამბობენ, გამოდარებას ელოდებიან და სიმინდს, ყურძენსა და ბოსტნეულს თვის ბოლომდე დააბინავებენ. გასული გვალვიანი წლისგან განსხვავებით, 2013 წელი უხვი ნალექით გამოირჩევა, რის გამოც იმერეთში მოსავლის მიღება გვიან შემოდგომამდე გრძელდება.

როგორც რადიო თავისუფლების რესპონდენტები აცხადებენ, ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დახმარებით, კუთვნილი მიწების ნაწილის დამუშავება შეძლეს და, გასულ წელთან შედარებით, მოსავლით უკმაყოფილონიც არ არიან, თუმცა გლეხების ნაწილი სოფლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მათი თქმით, ამინდთან ერთად მოსავლის ხარისხსა და სიმრავლეს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს - სარწყავი სისტემის არარსებობა, არასაკმარისი ტექნიკა და პესტიციდების სიძვირე გლეხებისთვის კვლავ პრობლემად რჩება.

იმერეთის სოფლების ნაწილი შედარებით უხვმოსავლიანია და გლეხებიც მიწების მეტ ოდენობას ფლობენ, ზოგი მუნიციპალიტეტის სოფელში კი მოსახლეობა, მიწების სიმცირესთან ერთად, მოუსავლიანობაზე ჩივის. როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის მკვიდრი გოგუცა ჯანგავაძე ამბობს, მას და მის მეზობლებს მხოლოდ სიმინდი და ყურძენი მოჰყავთ, ისიც მხოლოდ ოჯახისთვის საკმარისი ოდენობით და სიმცირის გამო მოსავალს გასაყიდად ვერ იმეტებენ. მისივე თქმით, სოფელში მოსახლეობას წლიდან წლამდე თავის გატანა უჭირს.

გლეხების თქმით, ტყიბულის სოფლებთან შედარებით, მოსავლიანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლები. ფარცხანაყანებელი რევაზ ნუცუბიძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა საკუთარი ხერხებით ცდილობს მოსავლის ხარისხისა და ოდენობის გაუმჯობესებას. მისივე განმარტებით, საირიგაციო სისტემის არარსებობის მიუხედავად, საკუთარ ეზოებში აქვთ ჭები, საიდანაც საქაჩით მიაწოდენებ წყალს მიწის ნაკვეთს და რწყავენ მოსავალს. გლეხების თქმით, სოფელში ტექნიკის არარსებობის გამო გლეხებს მოსავალი მიწის ნაკვეთებიდან სახლამდე ხარ-ურმით მიაქვთ.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფჩის მკვიდრი შორენა ჩიქვინიძე აბობს, გასულ წელთან შედარებით, მათ სოფელში მეტი მიწა დამუშავდა და მოსავლის ხარისხი და რაოდენობა კი ამინდზეა დამოკიდებული.

იმერელი გლეხების თქმით, მოსავლის დაბინავების პარალელურად, მათი საზრუნავი მომავალი წლის საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანხის მოგროვებაა, რადგან ბევრი ოჯახისთვის სიმინდი, ლობიო, ბოსტნეული და ხილი წლიდან წლამდე თავის გატანის ერთადერთი საშუალებაა.
XS
SM
MD
LG