Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“იმედის გემი წყალდიდობისას...”


ინდოეთი
ინდოეთი

ავტორი: ელისაბედ გედევანიშვილი

ჯოიმოთი დევი 30 წლისაა. მას სამი შვილი ჰყავს, რამდენიმე ძროხა კი მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ახალგაზრდაა, მაგრამ მისი გარეგნობა და ადრეული დაბერების ნიშნები მძიმე და გაჭირვებულ ცხოვრებაზე მიგვანიშნებს. ჯოიმოთი ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებიც ინდოეთში, დიბრუგარის რეგიონში, თავის წილ ლუკმა პურს შვილებს უთმობენ, რათა მათი გამოკვება შეძლონ.

“ახა”, ანუ “იმედის გემი წყალდიდობისას” - ასე ეწოდება ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მცურავ ჰოსპიტალს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ემსახურება. “ახა” მდინარე ბრამაპუტრაზე დაცურავს. მდინარეში გაფანტულ კუნძულებზე ორ-ნახევარი მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ამ რეგიონში სანიტარიის, წყლისა და კვების დიდი პრობლემაა. მოსახლეობის ცხოვრებას ართულებს წვიმები და მუსონური ქარები.ერთი კუნძულიდან მეორეზე გადაადგილება და ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ ძნელია. ჯოიმოთი გემ „ახას” ხშირად სტუმრობს, როცა გემი მის სანაპიროს მოადგება ხოლმე.

“იმედის გემი წყალდიდობისას...”
please wait

No media source currently available

0:00 0:07:35 0:00
გადმოწერა

პროექტი შეიქმნა ინდოეთის ერთ-ერთი მსხვილი კვლევითი ცენტრის ინიციატივით, რომლის ხელმძღვანელიც პროფესორი სანჯოი ჰაზარიკაა. მას თბილისიდან დაუკავშირდა ელისაბედ გედევანიშვილი და „იმედის გემის“ არსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა:

რადიო თავისუფლება: როგორ მუშაობს გემი-კლინიკა და რა მიზანს ემსახურება ეს ინიციატივა?

სანჯოი ჰაზარიკა: პროგრამა ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით შედგა. გემები ისეა მოწყობილი, რომ მდინარეში ცურვა 3-5 დღის განმავლობაში შეძლონ. თავიდანვე შევხვდი რაიონის გამგებლობას და შევუთანხმე იმ ბანაკების ჩამონათვალი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ერთი თვის განმავლობაში უნდა მოიარონ გემზე განთავსებულმა კლინიკებმა. თხუთმეტი გემი ოცი დღის განმავლობაში უვლის ინდოეთის ასამდე შტატის ცამეტ რაიონს. მდინარე ბრამაპუტრა, რომელშიც გემი “ახა” დაცურავს, უზარმაზარია -ისტიბეტში, ჰიმალაიდან, იწყება. იქ მას ჰქვია მდინარე ცანგპო და შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში გადმოდის მდინარე ბრამაპუტრას სახელით.

გემები სათანადოდ არის აღჭურვილი, თუმცა, პირობების თვალსაზრისით, ისინი, საერთაშორისო შეფასებით, ერთ ვარსკვლავს თუ დაიმსახურებენ. გემები საგანგებოდ არის შექმნილი ამგვარ მდინარეში ცურვისათვის. ისინი ბრამაპუტრას დინებასაა მორგებული, წყნარ ზამთარსა და უკიდურესად არასტაბილურ ზაფხულს, მუსონურ ქარებს რომ გაუმკლავდეს. ყველა გემზეა კაპიტანი, შტურმანი, ორი ექიმი, რამდენიმე ექთანი, კლინიკის მუშაკი და ფარმაცევტი. ისინი სოფლიდან სოფელში დადიან, რათა ჯანმრთელობის ბანაკები მოინახულონ. “ახა-გემის” მოსვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საშუალებით ვაცნობებთ ხოლმე მოსახლეობას. შემდეგ ისინი ბანაკებში მოდიან, სადაც ჩვენი თანამშრომლები დახმარებას აღმოუჩენენ.

გემი “ახა” 2005 წელს შეიქმნა. დღესდღეობით ორ მილიონზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ. ჩვენი მთავარი მიზანი დედების სიკვდილიანობის პრევენციაა, ეს ხომ ინდოეთის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა.

რადიო თავისუფლება: როგორ გაჩნდა გემ “ახას” შექმნის იდეა?

სანჯოი ჰაზარიკა: ერთხელ, როცა მდინარე ბრამაპუტრასთან ვიყავი, ვიღაცამ მიამბო,თუ როგორ დაიღუპა ახალგაზრდა ქალი მშობიარობისას იმის გამო, რომ მდინარის გადაღმა საავადმყოფოში მისვლა ვერ მოახერხა. ეს ხომ დაუშვებელია! ამ ამბავმა დამარწმუნა, რომ ბევრია გასაკეთებელი ადამიანების დასახმარებლად და მე, რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, უნდა შევცვალო. ზუსტად ამ დროს გამიჩნდა იდეა: რადგან ხალხი ვერ მიდის საავადმყოფოში, თვითონ სერვისი უნდა მივიდეს მათთან, როცა ამის აუცილებელი საჭიროებაა. სწორედ ამიტომ დადიან ჩვენი თანამშრომლები სოფელ-სოფელ და ხალხს იმ დახმარებას უწევენ, რომელსაც ისინი კლინიკაში მიიღებდნენ. ბევრი დაბრკოლება გვხვდება გემ “ახაზე”, მაგრამ წელიწადში ნახევარ მილიონ ადამიანს მაინც ვეხმარებით.

რადიო თავისუფლება: თავიდანვე იყო სირთულეები, თუ პროექტი იოლად დაიძრა?

სანჯოი ჰაზარიკა: პირველი დაბრკოლება ნდობის პრობლემა იყო. მოსახლეობას არ სჯერა შენი, რადგან სოფელში მთავრობის პროგრამის სახელით შედიხარ. მთავრობას ცუდი რეპუტაცია აქვს, რადგან იშვიათად ასრულებს დანაპირებს. მართალია, რამდენიმე წელი დაგვჭირდა, მაგრამ ბოლოს ხალხმა დაინახა, რომ ჩვენ რეგულარულად დავდივართ და ვცდილობთ პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ, ამიტომაც შეეცვალათ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია ასეთ პროგრამაში. ჩვენ უნდა გვქონდეს სწორი მიდგომა და რწმენა იმ ადამიანებისა რომლებისთვისაც ვმუშაობთ და ვისთან ერთადაც ვმუშაობთ.

რადიო თავისუფლება: თქვენს ერთ-ერთ ბოლო სტატიაში “დიდი იდეები და სონოვალის ლიტმუსის ტესტები” აღნიშნავთ: “მასშტაბურად იფიქრეთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით პროცესს. დიდ მიზნებს არა სლოგანებით, არამედ ადამიანებთან ერთად მუშაობით თუ მივაღწევთ”. როგორ დაგეხმარათ ეს იდეა თქვენ და თქვენს გუნდს პროექტის განხორციელებაში?

სანჯოი ჰაზარიკა: თავიდან ჩვენ გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ მსოფლიო ბანკის გრანტი, რომლითაც პირველი გემი ავაგეთ. შემდეგ ადგილობრივ ადმინისტრაციასა და აქტიურ ჯგუფებთან ვითანამშრომლეთ. ნელ-ნელა ერთკაციანი ჯგუფი ათ კაცამდე გაიზარდა, აიგო თხუთმეტი გემი. ვითანამშრომლეთ მთავრობასთან, რადგან მას ყველაზე დიდი წვდომა და ფინანსური სახსრები აქვს. ასეთი წამოწყებისას არ შეიძლება არ აღნიშნო მთავრობის როლი პროგრამის ამუშავებაში. მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია, სოციალურად აქტიური ჯგუფი ვერ შეძლებს თავისი თავი შეინახოს ასეთ დროს. მას სჭირდება ფინანსები, ადამიანები, თუნდაც გემები და გრძელვადიანი მიზნები.

რადიო თავისუფლება: პროექტი ადგილობრივ მოსახლეობაზეა ორიენტირებული. რა გლობალური, თეორიული თუ პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მას?

სანჯოი ჰაზარიკა: ეს ინიციატივა კარგი საშუალებაა მარგინალიზებული მოსახლეობისა და მათი დახმარების გზების შესასწავლად. კუნძულებზე მცხოვრები ხალხი სოციალური და გეოგრაფიული პირობების გამო გარიყულია უმრავლესობისგან. შეიძლება პროცესის შესწავლა და მერე ამავე პრაქტიკის დანერგვა სხვაგან, სადაც ისეთივე პირობებია. ხშირად გვყავს უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი ჩამოდიან, რომ შეისწავლონ “ახას” ინიციატივა და შეიმუშაონ მიდგომა, რომელიც მიზნად დაისახავს,რომ იტყვიან,ბოლო კილომეტრზე მყოფი ბოლო ადამიანის დახმარებას.

XS
SM
MD
LG