2017 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშში სახალხო დამცველი საანგარიშო პერიოდის ძირითად ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს ისეთი მიმართულებებით მიმოიხილავს, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება; პენიტენციურ, დროებითი მოთავსებისა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები; ძალოვანთა მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მათი გამოძიება; სამართლიანი სასამართლოსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვა; რელიგიური შეუწყნარებლობისა და თანასწორობის უფლების დარღვევის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება; შრომისა და ჯანმრთელობის უფლებების დაცვა და სხვა.
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის რამდენიმე აქცენტი
- სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში მთავარ გამოწვევად რჩება პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა.
- 2017 წელს კვლავ გაჩნდა სიცოცხლის უფლების ეფექტიანად დაცვის პრობლემა, რაც 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილს უკავშირდება.
- ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
- საქართველოში დღემდე ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის არიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები, ლგბტ თემისა და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები.
სახალხო დამცველის 347-გვერდიანი ანგარიში განახლებული ფორმატითაა წარმოდგენილი და, წინა წლებთან შედარებით, მისი მოცულობა შემცირებულია. ანგარიშის თანახმად, გასული საანგარიშო პერიოდისგან განსხვავებით, 2017 წელს კვლავ გაჩნდა სიცოცხლის უფლების ეფექტიანად დაცვის პრობლემა, რაც 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილს უკავშირდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სიცოცხლის უფლება ამ საქმეში დაცული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს, ანუ ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სახელმწიფოს წარმომადგენლები იყვნენ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუმცა მასთან ბრძოლის პარალელურად სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პროკურატურას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის შესაფასებლად კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემას, სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში მთავარ გამოწვევად რჩება პატიმრებს შორის ძალადობა, ციხის კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობა. პრობლემებს შორისაა ექიმსა და პატიმარს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში სამედიცინო პერსონალი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას კვლავ არ იყო სრულიად დამოუკიდებელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა არასამედიცინო პერსონალისაგან.
სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც ბენეფიციარები ძირითადად ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან. ომბუდსმენი ლაპარაკობს ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობაზე და ამბობს, რომ 2017 წელს შენარჩუნებული იყო იზოლატორებში დაზიანებით შესახლებულ პირთა და პოლიციელთა მიმართ პრეტენზიების გამოთქმის ხვედრითი წილის ზრდის ტენდენციაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ძალოვანთა მიერ, სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახალხო დამცველის მხრიდან გამოძიების დაწყების მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავარ პროკურატურას სავარაუდო პასუხისმგებელი პირები არ გამოუვლენია.
სახალხო დამცველი ლაპარაკობს ასევე პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების შესახებ დაწყებული გამოძიების არაეფექტურობაზე და ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობასა და პრაქტიკულ ხარვეზებზე.
ჟურნალისტის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე კვლავ არ მისულა და არ მომხდარა საზოგადოების იმგვარი ინფორმირება, რაც ნდობას გააჩენდა და გააქარწყლებდა ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას...სახალხო დამცველის ანგარიშში
თავისუფლებისა და უსაფრთხოების დარღვევის თავში სახალხო დამცველი ცალკე გამოყოფს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის, საქმეს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება სასამართლოს გადაწყვეტილების სრულფასოვნად და დროულად აღსასრულებლად.
ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დღემდე ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის არიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ბავშვები, ლგბტ თემისა და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები. კერძოდ, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფაქტი, რომელზეც სახალხო დამცველი ლაპარაკობს, მოხდა ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, როდესაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას სკოლაში ჩარიცხვის სანაცვლოდ ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვა. ანგარიშის თანახმად, პრობლემურ საკითხებს შორის რჩება ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება და გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხიც.
ტრადიციულად, ანგარიშში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა გამოხატვის თავისუფლების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური უფლების, დაცვის საკითხებზეც. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ამბობს, რომ მისმა მონიტორინგმა გამოავლინა კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევები როგორც „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებისა და ტელეკომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებში, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეებისთვის გადაწყვეტილების საკუთარი ინიციატივით, ადრეულად ჩაბარების ფაქტთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში შენიშვნებია გამოთქმული ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ 2017 წლის დასაწყისში წარმოდგენილ ხედვაზე, რომელიც გადაცემების დახურვას მხოლოდ მათ რეიტინგს უკავშირებდა.
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ცალკე ქვეთავადაა გამოყოფილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეც. სახალხო დამცველი ითხოვს ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს და მისი საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს, რადგან ის, რაზეც ამჟამად ციხეში მყოფი აფგან მუხთარლი ლაპარაკობს, არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით პირის თავისუფლების აღკვეთა, მაშინ როდესაც გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთის - მუხლით მიმდინარეობს. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტის გაუჩინარებიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე კვლავ არ მისულა და არ მომხდარა საზოგადოების იმგვარი ინფორმირება, რაც ნდობას გააჩენდა და გააქარწყლებდა ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას“.
მთლიანობაში, სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო უწყებების მიმართ პრობლემების მოგვარების მიმართულებით 350-ზე მეტ რეკომენდაციას მოიცავს, ზოგადად კი, გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში 6 489 განცხადება-საჩივარი შევიდა და 11 სპეციალური ანგარიში მომზადდა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტს 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში 30 მარტს წარუდგინა, 2 აპრილს კი მედიის წარმომადგენლებს გააცნო. პლენარულ სხდომაზე მოსმენამდე 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშს დეპუტატები საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.