საეჭვო შესყიდვა - ასე უწოდებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ შესყიდვას, რომელიც უწყებამ 2017 წელს განახორციელა და, IDFI-ის მტკიცებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისა და კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელის ნათესაურ კავშირს ეფუძნება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდის გამოკვლევა
IDFI-ის გამოკვლევის თანახმად:
- შესყიდვაში გამარჯვებული კომპანიის შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ მფლობელს ნათესაური კავშირი აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამშრომელთან;
- „ლენდ მარკ პროჯექტის“ 100%-იანი წილის მფლობელია ავთანდილ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის, ძმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2016 წლის 27 ნოემბერს დაინიშნა;
- 2017 წლის 3 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებსა და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;
- 4 აგვისტოს, ამ სამუშაოების შესასრულებლად სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ლენდ მარკ პროჯექტს“ - კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიად დარეგისტრირდა 2018 წლის 3 აგვისტოს, ანუ შესყიდვის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე.
როგორც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, შესყიდვაში გამარჯვებული კომპანიის შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ მფლობელს ნათესაური კავშირი აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამშრომელთან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდის ცნობით, „ლენდ მარკ პროჯექტის“ 100 %-იანი წილის მფლობელია ავთანდილ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის, ძმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2016 წლის 27 ნოემბერს დაინიშნა.
IDFI-ის ინფორმაციით, 2017 წლის 3 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებსა და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად. მეორე დღეს, 4 აგვისტოს, ამ სამუშაოების შესასრულებლად სამინისტრომ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ლენდ მარკ პროჯექტს“ - კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიად დარეგისტრირდა 2018 წლის 3 აგვისტოს, ანუ შესყიდვის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე.
მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ დაურღვევია (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-3¹(ე) მუხლის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე“ სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ ვრცელდება. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, რადგან თანხა გამოყოფილი იყო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო ვალდებული ელექტრონული ტენდერი/კონკურსი გამოეცხადებინა), IDFI-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული შესყიდვა მაინც შეიცავს რამდენიმე საეჭვო გარემოებას. მათ შორის პირველია კონკურენციის არარსებობა - საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმა შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი არ ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში; მეორე - შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია რეგისტრირებულია შესყიდვამდე ერთი დღით ადრე; მესამე - შესყიდვაში გამარჯვებული კომპანიის მფლობელს ნათესაური კავშირი აქვს შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შპს „ლენდ მარკ პროჯექტს“ არასდროს მიუღია მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. შპს-ს არ აქვს ვებსაიტი, სოციალური გვერდი, არ იძებნება საძიებო სისტემებში. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობის ან საპროექტო პორტფელის შესახებ ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი არც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე, არც ინტერნეტსივრცეში.
ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირმა/პირებმა გამოიყენეს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიღებული დაფინანსება, რათა პირდაპირი წესით გაეფორმებინათ კონტრაქტი მინისტრის მოადგილის ძმის მიერ ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრე შექმნილ კომპანიასთან, და ფიქრობენ, რომ ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საეჭვო გარემოებებით უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს საკუთარი გადაწყვეტილება.
საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთებას საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობითი ფორმით შეეცადა. უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტრომ შპს “ლენდ მარკ პროჯეკტთან” ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა აღნიშნული მომსახურების გაწევის ეფექტური სერვისის მოსაძიებლად. საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვისას სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო მიმწოდებლის მაღალი კვალიფიკაცია. შესაბამისად, კომპანიის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი გახლდათ არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიექტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონოდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება. მოცემულ შემთხვევაში შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ ძირითადი სპეციალისტების სამუშაო გამოცდილება და სტაჟი სავსებით აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს“, ხოლო რაც შეეხება ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილისა და კომპანიის მფლობელის ნათესაური კავშირის თაობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ „სამინისტროს სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს მოცემულ კომპანიასთან“.
საქმე ისაა, რომ IDFI - ის მიერ ნახსენები ნათესაური კავშირი არ ეხება სატენდერო კომისიის ხელმძღვანელს, მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძეს. IDFI-ის გამოკვლევაში საუბარია მინისტრის სხვა მოადგილეზე, ვახტანგ მახარობლიშვილზე, რომლის შესახებაც სამინისტროს განცხადებაში არაფერია ნათქვამი. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა უწყებას, სადაც განგვიმარტეს, რომ მათ უკვე შეისწავლეს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის ფინანსური საქმიანობა, რომლის შედეგებიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება. აუდიტის სამსახურის განმარტებით, გარდა სხვა ინფორმაციისა, დოკუმენტში შესულია ცნობები IDFI-ის ანგარიშში მოყვანილი ფაქტების შესახებ.