Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაითს უოჩი" ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს


13 აგვისტოს უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩი" გამოაქვეყნებს ანგარიშს სათაურით „სამაგალითო დასჯა - საქართველოს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები“. მასში აღწერილია თუ რა შედეგი მოაქვს სისხლის სამართლებრივ ნარკოპოლიტიკას წამალდამოკიდებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ანგარიშის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს მედიას და საზოგადოებას გააცნობენ "ჰიუმან რაითს უოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორი
რეიჩელ დენბერი, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის
განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია.


"ჰიუმან რაითს უოჩი" უკვე ორი წელია სწავლობს საქართველოში
ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებულ ვითარებას. გამოიკითხა 80-მდე
ადამიანი, ანგარიშის ავტორები შეხვდნენ როგორც ხელისუფლების,
ისე ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის აქტიურ
წევრებს. ამ ანგარიშით ადამიანის უფლებათა დამცველი
ავტორიტეტული ორგანიზაცია გამოავლენს იმ ხარვეზებს, რაც ამ
სფეროში ჯერ კიდევ არსებობს, ეცდება დაგვანახოს, თუ რა გავლენას
ახდენს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა როგორც ნარკოტიკების
მომხმარებლებზე, ისე მათი ოჯახის წევრებსა და მთელ
საზოგადოებაზე.

გიორგი გოგიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ანგარიში არის
საკმაოდ მწვავე და რომ ფაქტია ისიც, რომ რეპრესიულმა პოლიტიკამ
ამ სფეროში ვერ მოიტანა სასურველი შედეგი - ნარკომომხმარებელთა
რაოდენობის შემცირება.

„პიროვნების ციხეში ჩასმა ამ პრობლემის დასაძლევად არ არის
გამოსავალი... ყოველწლიურად ვხედავთ, რომ ათასობით ადამიანს
უმიზეზოდ სვამენ ციხეში, მათ იძულებით უტარდებათ
ნარკოშემოწმება და ა.შ. რაც ნამდვილად არ ემსახურება მთავარ
მიზანს - ნარკომომხმარებლების შემცირებას ქვეყანაში“,
- ამბობს
ჩვენთან საუბარში გიორგი გოგია.

ანგარიში მოიცავს დეტალურ რეკომენდაციებს საქართველოს
ხელისუფლების მიმართ კანონმდებლობის და ზოგადად, პოლიტიკის
შეცვლის კუთხით. ეს რეკომენდაციები და მთლიანად ანგარიშის
შინაარსი, ორშაბათს, 13 აგვისტოს გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG