იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ეთნიკური წმენდის ნაწილში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხუთშაბათის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს პროკურორს სურს საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დასაწყებად ნებართვის მიღება. პროკურორს გამოძიების ნებართვა სამი მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ უნდა მისცეს. ჰააგის პროკურორისფატუ ბენსუდას დასკვნით, არსებობს „საფუძვლიანი ვარაუდი“ იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი.
დადგა დრო ჰააგის პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაებმება თუ არა ის აგვისტოს ომის დანაშაულებათა გამოძიების საქმეში და ეს, როგორც ჩანს, ასეც მოხდება, განაცხდა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განმარტა, რომ საქართველოს მხარე აქტიურად ითანამშრომლებს ჰააგის პროკურორთან:
„ჩვენი მიზანი, საქართველოს მიზანი არის ის, რომ, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ფარგლებში, მათთან ერთად განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბოლომდე გამოვიძიოთ და გამოვაძიებინოთ მათ ჩვენთან ერთად ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლიც ჩვენ გავხდით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. სახეზე იყო აგრესია, აგრესია რუსეთის მხრიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომის სტატუტის თამახმად, რომ მათთან ბოლომდე ვითანამშრომლოთ“.
ჰააგის სასამართლო არ ადგენს ქვეყნის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამ შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლის კონკრეტული დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის გენოციდი, ომის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსგან განსხავვებით, არ არის რომის სტატუტის წევრი, ეს არ უმსუბუქებს მდგომარეობას და ვინაიდან დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთში, მოხდა, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის მოქალაქეთა პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისგადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება, წინ უძღოდა 7-წლიანი „წინასწარი მოკვლევის“ ფაზა. ამ დროის განმავლობაში სასამართლო არკვევდა, შედის თუ არა მის იურისდიქციაში იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეიძლებოდა ჩადენილიყო, და რამდენად სწორად წარმართავდნენ გამოძიებას შესაბამისი სახელმწიფოები.
როგორც ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, "არსებობს გონივრული საფუძველი იმის საფიქრებლად, რომ საქართველოში მართლაც იქნა ჩადენილი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულები 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში“.
მიუხედავად ჰააგის პროკურორის ამგვარი მზაობისა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ზვიად კვაჭანტირაძეს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთის ხელისუფლება ითანამშრომლებს ჰააგის სასამართლოსთან და მას სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის:
„ძალიან კარგია, თუ ჰააგის სასამართლო ამით დაინტერესდება. ჩვენ არაერთხელ გვქონია ამგვარი თხოვნაც და მიმართვაც, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა საშუალება მისცეს ჰააგის სასამართლოს ზედმიწევნითსრულყოფილად განიხილოს ეს საქმე და მიაწოდოს ის მასალები, რომელიც მათ ხელთაა“.
სწორედ რუსეთის მხრიდან ხელის შემშლელი ფაქტორების გამო არ ეძლეოდა ქართულ მხარეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინფორმაციის მოპოვების საშუალება. მეტიც, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი აკაკი მინაშვილი განმარტავს, რუსეთის ხელისუფლებამ ბევრი მასალა გაანადგურა:
„რუსეთის ხელისუფლება სრულად უშლის ხელს სამხედრო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, რომელიც მათ მიერ არის ჩადენილი 2008 აგვისტოს ომის განმავლობაში. როცა საქართველოს ხელისუფლება იძიებდა ამ ფაქტებს, ძალიან ბევრი მასალა შეგროვდა, თუმცა დიდი რაოდენობით მტკიცებულებები თავად რუსეთის ფედერაციამ გაანადგურა იმ პერიოდში და შემდეგაც“.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციიდანაც გამოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებული მასალები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის ალექსანდრ ბასტრიკინის ცნობით, ეს სასამართლოს პირველი გამოხმაურებაა ამ საკითხზე უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში. ბასტრიკინის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საგამოძიებო კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოს უარყოფს, მაშინ როცა უწყებას 500-ტომიანი საგამოძიებო მასალები აქვს დაგროვილი. ამასთან, რუსეთის მხარე, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც აქვს პრეტენზიები, საქმის პერსპექტიულობას ეჭვის თვალით უყურებს.
როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი იურისტი დავით ჯანდიერი ამბობს, შეიძლება ითქვას, საქმე ახალ, საწყის ეტაპზეა და ძიების პროცესში ორი ძირითადი პრობლემა შეიძლება გამოიკვეთოს:
„ერთი ძირითადი ნაწილი უკავშირდება ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, მათი სახლ-კარის გადაწვას, მასობრივ დეპორტაციას, წამებას, მოკვლას და, მეორე ნაწილი, რომელიც უკავშირდება რუს სამშვიდობოებზე თავდასხმას, რომლის ირგვლივაც არსებობს განსხვავებული ხედვები ქართულ და რუსულ მხარეებს შორის. სწორედ ეს მეორე ნაწილი შეიძლება იქცეს ჰიპოტეტურად პრობლემურად ქართული მხარისათვის“.
შესაბამისად, დავით ჯანდიერის თქმით, ქართულ მხარეს დასჭირდება ძალიან მყარი არგუმენტების წარდგენა, რომ ქართველ მაღალჩინოსნებს და ქართველ სამხედროებს არ დაუგეგმავთ და არ განუხორციელებიათ ოპერაცია, რომლის მიზანიც იყო სამშვიდობოებზე თავდასხმა.