Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელვადიანი რეფორმები - გამოწვევები გრძელდება


როგორი იყო 2014 წლის სოციალური პოლიტიკა, დაემთხვა თუ არა ერთმანეთს მთავრობისა და ხალხის პრიორიტეტები და როგორ გაგრძელდება რეფორმები?

იმ სახელმწიფო უწყებებს შორის, რომლებიც გასულ, 2014 წელს პოზიტიური ცვლილებების სიმრავლით მოინიშნავენ, არის საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. თუმცა ერთია სახელმწიფოს შეფასება და მეორე მათი შეფასება, ვისთვისაც ცვლილებები განხორციელდა. მოსახლეობისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ცვლილება მედიკამენტების რეცეპტებით გაცემის სისტემის დანერგვა აღმოჩნდა.

„აი, გავხდი ცუდად. აი, გული გამიხდა ცუდად - უნდა წავიდე, დავდგე რიგში, ჯერ უნდა ჩავეწერო ოჯახის ექიმთან. ეს ხდება ერთი კვირის განმავლობაში. ამასობაში ფეხებს გავფშეკ. აი, რატომ არ მომწონს“.

შეიძლება ითქვას, რომ რეფორმის დასაწყისში უმცირესობაში იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც, ამ ქალბატონისგან განსხვავებით, სიახლეს იწონებდნენ. სისტემა კი 2014 წლის მეორე ნახევარში, პირველი სექტემბრიდან, ამოქმედდა, თუმცა მისი მომზადება, მათ შორის მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით, წლის დასაწყისიდანვე დაიწყო. რეცეპტის გაცემის წესი ეტაპობრივად 2014 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე პერიოდში დაინერგა.
რეგულაციის თანახმად, მედიკამენტები პირობითად სამ კატეგორიად დაიყო. შესაბამისად, პირველი და მეორე ჯგუფის მედიკამენტების შეძენა მომხმარებელს მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტით, ხოლო მესამე ჯგუფის მედიკამენტების შეძენა ურეცეპტოდ შეუძლია. რეცეპტი, როგორც მედიკამენტების თვითნებურად, უკონტროლოდ გამოყენების პრევენცია და სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის იარაღი - ასეთი იყო ოფიციალური განმარტება, რომელსაც მომხმარებლის უმრავლესობასთან ერთად სკეპტიკურად შეხვდა ასევე სააფთიაქო ქსელისა და სამედიცინო პერსონალის ნაწილი, თუმცა წლის ბოლოსთვის ვნებათაღელვა მედიკამენტების რეცეპტებით გაცემა-შეძენის საკითხზე შეწყდა, ჯანდაცვის სამინისტრომ კი სიახლის დანერგვის მიმართულებით პრობლემები პრაქტიკულად მოგვარებულად ჩათვალა. ამ ხნის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდილების შესაბამისად, გაგრძელდა მედიკამენტების მესამე, ეგრეთ წოდებულ ურეცეპტო ჯგუფში გადასვლის ტენდენცია. დავით სერგეენკო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, შენიშნავს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება:

“ჯამში, ამ ცვლილებებმა შეადგინა რამდენიმე ასეული მედიკამენტი. თუკი წლის დასაწყისისთვის იყო 2 800-მდე, ახლა უკვე არის 4 100-ზე მეტი. ეს ცვლილებები არ არის პირველი, მომავალშიც ასე იქნება და დაფუძნებული იქნება სწორედ ამის შესწავლაზე, რომ რამდენად უსაფრთხოდ არის პაციენტი ამ სქემით და როგორ ჯობია ამისი განვითარება მომავალში“.

პრობლემები კლებულობს და წამლების რეცეპტებით გაცემის იმპლიმენტაცია წარმატებით მიმდინარეობს, - გვითხრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ფაქტი კი, რომელიც სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა დაადასტურეს და რომელზე რეაგირების ერთ-ერთი ფორმაც წამლების რეცეპტებით გაცემის სისტემის დანერგვაა, საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯებში წამლების ხარჯების მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს შეეხება. კვლევების თანახმად, ეს მაჩვენებელი 40-დან 60 პროცენტამდე ფარგლებში მერყეობს, რაც განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელია იმ ფონზე, როდესაც წამლების წილი მკურნალობის ხარჯების ერთ მესამედს არ უნდა აღემატებოდეს. ჯანდაცვის სფეროში, შესაბამისად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდაა დაგეგმილი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე 2014 წელს C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაა. პროგრამის განხორციელება მარტში სასჯელაღსრულების სისტემაში დაიწყო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ჩვენს მსმენელს მარტშივე აუწყა სიახლის დეტალების შესახებ:

“მკურნალობას წელს გაივლის 500-მდე პაციენტი, მომავალ წელს კიდევ 500 პაციენტი. ეს ციფრი არ არის ჩვენ მიერ მოგონილი, ეს ციფრი არის გამოთვლილი სპეციალისტების მიერ და ნაგულისხმევია, რომ 3 000 ადამიანიდან, რომელიც სისტემაში შეიძლება დღეს იყოს ინფიცირებული, 500 ადამიანს მკურნალობის ჩვენება ექნება წელს, ამ თვეების განმავლობაში. ამიტომ ისინი მიიღებენ მკურნალობას წელსვე. რაც შეეხება რაოდენობას, იცით, რომ პროგრამა არ არის მხოლოდ ინტერფერონი. ამ პროგრამას აქვს მთელი რიგი ლოჯისტიკური ასპექტები“.

კიდევ ერთი მთავარი ასპექტი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამისა არის ის, რომ, სასჯელაღსრულების სისტემის გარდა, იგი სამოქალაქო სექტორშიც განხორციელდა. სასჯელაღსრულების სისტემაში იგი უფასო იყო, სამოქალაქო სექტორში კი C ჰეპატიტით ინფიცირებულ 1 295 პაციენტს 1 ივლისიდან საჭირო მედიკამენტების შეძენა 60-პროცენტიანი ფასდაკლებით შეუძლია. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამით, 60-პროცენტიანი ფასდაკლება 2 წლის განმავლობაში 10 000 პაციენტზეა გათვლილი. 2014 წელს კი განაცხადი მკურნალობაზე დაავადებულთა მხოლოდ 10-მა პროცენტმა გააკეთა. ამ გარემოებას „ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი დაავადების დიაგნოსტიკის სიძვირით ხსნის:

“ამ პროგრამაში დარეგისტრირდა 1000-ზე მეტი ადამიანი. და ეს რაოდენობაც ნათელყოფს იმას, რომ ყველა ადამიანს არათუ მკურნალობის, დიაგნოსტიკის თანხაც კი არ აქვს. ანუ ამ 200 000 ადამიანიდან 1000-ზე ცოტა მეტმა ჩაიტარა დიაგნოსტიკა და ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ჩაერთვება პროგრამაში. ის ფასი, რომელიც დაიდო, არის, მართლაც, რევოლუციური. მეორე ადგილზეა საქართველო სიიაფით, მაშინ როდესაც ერთ-ერთი ძვირი ფასი ამ მედიკამენტებზე აქამდე სწორედ საქართველოში ფიქსირდებოდა. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ელიმინაციის პროგრამა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ეს ინფექცია, გადაუდებლად სჭირდება თუ არა მას მკურნალობა, ყველას რომ ვუმკურნალოთ და ეს ინფექცია აღმოვფხვრათ საქართველოში“.

აქვე დავძენთ, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან დაიწყება C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა, რომლის საფუძველზეც, საქართველო გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ბოლომდე გადაიჭრება C ჰეპატიტის პრობლემა. შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს:

“ეს იქნება ისტორიული მოვლენა საქართველოსთვის. მე არც კი ვიცი, სხვა რა პროექტს შეიძლება ეს შევადაროთ ჯანდაცვაში. შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვას მხოლოდ. ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც ყველა C ჰეპატიტიანს მიეცემა საშუალება იმკურნალოს მსოფლიოში ყველაზე უკეთესი სადღეისოდ არსებული მედიკამენტით და, დიდი ალბათობით, განიკურნოს. და, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ერთ წელიწადში. ერთ წელიწადში მოცული იქნება მკურნალობის რაღაც რაოდენობა ავადმყოფების, ვთქვათ, რამდენიმე ათასი ან მეტი, შემდეგ მეორე წელს ასე გაგრძელდება და სადღაც 5-10 წელიწადში C ჰეპატიტი საქართველოში საერთოდ იქნება დამარცხებული“.

2014 წლის აქტივშია ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალი სისტემის შექმნაც - შემუშავებულია სოციალურად დაუცველ პირთა შეფასების ახალი მეთოდოლოგია და ახალი კრიტერიუმები. მეთოდოლოგიის მთავარი პრინციპი ოჯახის შემოსავლისა და იმ ქონების დათვლას გულისხმობს, რომელიც პოტენციურად შემოსავლის წყაროა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერისას სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებას და საყოფაცხოვრებო საგნებს მნიშვნელობა აღარ ექნება. კერძოდ, სარეიტინგო ქულაზე გავლენას ვეღარ მოახდენს ისეთი ნივთები, როგორიცაა მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი, გაზის წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი, კონდიციონერი, ტელევიზორი და ასე შემდეგ. სოციალური დახმარების სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე ამბობს:

“გარდა ამისა, მეთოდოლოგიაში იყო ისეთი საგნები და ისეთი კითხვები, რომლებიც თავისი შინაარსით მთლიანად სუბიექტური შეფასება იყო, ოღონდ არა სოციალური აგენტის სუბიექტრი შეფასება, ანუ თვითონ ცვლადები იყო სუბიექტური - მაგალითად, ოჯახში ვინმე მოიხმარდა თუ არა თამბაქოს. აბსოლუტურად სუბიექტური შეფასება იყო საპნის და კბილის პასტის ქონა. შეიძლებოდა სოცაგენტი ოჯახში მისულიყო და ოჯახს იმ მომენტში, უბრალოდ, იმ მომენტში შეიძლება არ ჰქონოდა კბილის პასტა და ეს საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა სარეიტინგო ქულაზე. შესაბამისად, ეს სუბიექტური შეფასება იყო და საყოფაცხოვრებო საგნები და ნივთები მთლიანად ამოღებულია ახალი მეთოდოლოგიიდან“.

არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველის სტატუსს 45 000 მოქალაქე ატარებს. ახალი ფორმულა სარეიტინგო ქულის გრადაციას გულისხმობს, მათ შორის, ბავშვის დანამატის ჩათვლით. სოციალურად დაუცველი პირების შეფასების ახალი მეთოდოლოგია 2015 წლიდან ამოქმედდება. 2015 წლის სექტემბრიდან იგეგმება პენსიის 10 ლარით გაზრდა:

“არაფერი არ შესრულდა. გვაძლევენ პენსიას და არ გვყოფნის. ფული წამალში არ გვყოფნის. 220 ლარი იყო დაპირება და არაფერი არ არის. 10 ლარი მოუმატეს და ისიც სექტემბერშიო. წელიწადია მანამდე, მშიერი მოვკვდი“.

პენსიონერთა დიდი ნაწილი პენსიის მცირედ, მხოლოდ 10 ლარით მოსალოდნელი გაზრდით უკმაყოფილოა, თუმცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თანახმად, პენსიის ზრდა 2016 წელსაც გაგრძელდება.

გასული, 2014 წლის სოციალური გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო სოლიდარობის ფონდის დაარსება. ფონდის მიზანია ფინანსური დახმარება გაუწიოს სოციალურად დაუცველ ან ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს. პირველ ეტაპზე ფონდი 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების მკურნალობას აფინანსებს. როგორც ფონდის დირექტორი მარიამ ჯაში ვარაუდობს, თუ ფონდში ყოველთვიურად 100 000 ლარი შევა, სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების მკურნალობის პრობლემა სავსებით მოგვარდება:

“ერთი მხრივ, ჩვენ გამოვრიცხავთ დუბლირებას სახელმწიფოს მიერ უკვე დაფინანსებული სერვისების კუთხით, ანუ განცხადებას, რომელსაც სოლიდარობის ფონდი მიიღებს, თან უნდა ახლდეს სახელმწიფოს მხრიდან უკვე დაფინანსებული ან უარის შემთხვევაშიც კი გაცემული ცნობები და სწორედ ფინანსური დეფიციტის შევსების შემდგომ სოლიდარობის ფონდი უზრუნველყოფს თანადაფინანსებას“.

25 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის 48 ბავშვისა და ახალგაზრდის სამკურნალოდ 1 019 000 ლარის დაფინანსება დაამტკიცა.

რაც შეეხება ისეთი ვალდებულებების შესრულებას, როგორიცაა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ხაზით, დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება და რეგიონებში სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის მანქანების ეტაპობრივი გადანაწილება. ჯანდაცვა და სოციალური დაცვა 2015 წელს მთავრობის ერთ-ერთ დეკლარირებულ პრიორიტეტად რჩება. 2014 წლის გამოწვევები გრძელდება.

XS
SM
MD
LG