გორის საკრებულოს უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარეს, ილია მეტრეველს, უნდობლობა გამოუცხადა. მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრია. საკრებულოს წევრებს მისი გადაყენების მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ, მაგრამ ბოლო წუთს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ყოველთვის თავს იკავებდა ხოლმე, ამიტომ ოპოზიცია ოქრუაშვილსა და მმართველ პარტიას შორის გარიგებაზე ლაპარაკობდა. დღევანდელი ინიციატივა კი სწორედ „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა.
საკრებულოს 9 წევრმა მოითხოვა მეტრეველისთვის უნდობლობის გამოცხადება. ილია მეტრეველმა დღევანდელი სხდომა დილის 8-ის ნახევარზე ჩანიშნა, სხდომაზე მისულმა დეპუტატებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს. მათი აზრით, კანონდარღვევით ჩატარებული სხდომის შედეგების გასაჩივრება ოქრუაშვილის ინტერესში შედიოდა, ამიტომ სხდომა, ხმათა უმრავლესობით, 10 საათისთვის გადადეს. ილია მეტრეველის გადაყენებას საკრებულოს 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 3 წინააღმდეგი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ილია მეტრეველი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მასთან მუდამ მტრულ დამოკიდებულებაში იყო.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილი მეტრეველის გადაყენებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. დღეს იგი სხდომაზე მაისურით მივიდა, რომელზეც იყო წარწერა: „ტაში, მეგობრებო, კომედია დამთავრებულია“. თედლიაშვილი მიიჩნევს, რომ ოქრუაშვილის მიერ საკრებულოში დადგმული შოუ დასრულდა.
გორის საკრებულოში ილია მეტრეველის რამდენიმეთვიანი მმართველობა მუდმივ ხმაურთან იყო დაკავშირებული, ის არგუმენტების გარეშე თანამდებობიდან ათავისუფლებდა აპარატის გამოცდაგავლილ თანამშრომლებს და მათ ადგილზე საკუთარ თანაგუნდელებს აწინაურებდა. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს ის ოქრუაშვილის დაკვეთით აკეთებდა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღები თვითონ არ ყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მინდია გოდერძიშვილი მიიჩნევს, რომ გორის საკრებულოში განვითარებული სცენარი, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისშია დაწერილი და მხოლოდ თავმჯდომარის შეცვლა ვითარებას ვერ შეცვლის.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს ახალი თავმჯდომარე არ აურჩევია. პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთთან კონსულტაციებს გადიან, თავმჯდომარის მოვალეობას კი მოადგილე ზურაბ როსებაშვილი ასრულებს. უახლოეს სხდომაზე გორის საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ის ამ მოწვევის საკრებულოს მესამე თავმჯდომარე იქნება. მეტრეველის არჩევამდე გორის საკრებულოს კოალიციის წევრი პაპუნა კობერიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა „ოცნების“ მიერ უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ ოპოზიციამ მისი იმპიჩმენტის განხორციელება შეძლო, მეტრეველი კი ხელმძღვანელ თანამდებობაზე ისევ „ოცნების“ დახმარებით მოვიდა, რადგან იმპიჩმენტის შემდეგ ოქრუაშვილის გუნდი დანარჩენ ოპოზიციას გამოეყო.