Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ბიუჯეტი ორ ნაწილად გაიყო


გორის ცენტრი
გორის ცენტრი

ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ დღის წესრიგში ადგილობრივი ბიუჯეტის ორ ნაწილად გაყოფის საკითხი დადგა. როგორც ცნობილია, ამჟამად გორში ორი თვითმმართველი ერთეული მუშაობს, ქალაქისა და რაიონის საკრებულოებისა და მათი აღმასრულებელი სტუქტურების სახით. თვითმმართველობის არჩევნებამდე გორის მუნიციპალიტეტს ერთი ბიუჯეტი ჰქონდა. გაყოფის შედეგად, ქალაქის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაიონისა კი 2 ჯერ ნაკლებით. ქალაქის საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი დალი ტლაშაძე გაყოფის შედეგად მიღებული ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯვით ნაწილს განმარტავს.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ ქალაქის თვითმმართველობას მეტი ბიუჯეტი იმის გამო აქვს, რომ ადგილზე როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნად განსხვავდება რაიონის ბიუჯეტისგან. მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტში პრიორიტეტული ისევ სოციალური სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება საბავშვო ბაღები. მას შემდეგ, რაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა უფასო გახდა, ბაღებში ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. არ არის საკმარისი ადგილები და გასაუმჯობესებელია ინფრასტრუქტურა, ამიტომ აუცილებელი ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულების სუბსიდირება. კიდევ ერთი სერიოზული ტვირთი, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს დააწვება, ეს არის მუნიციპალური საფეხბურთო კლუბის, გორის „დილის“, შენახვა. გორელი გულშემატკივარი გუნდისგან სტაბილურ თამაშს ითხოვს, რაც კარგი ფეხბურთელების გარეშე შეუძლებელია, კარგი ფეხბურთელი კი შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება საგონებელშია ჩავარდნილი, როგორ გააგრძელოს გორის „დილის“ დაფინანსება ისე, რომ სხვა პროექტებს ზიანი არ მიადგეს.

XS
SM
MD
LG