Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჯარო მოხელეები ახალი საკადრო გადაწყვეტილებების მოლოდინში


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელი ავტომატურად გათავისუფლებულია. ამის შესახებ მათ წინასწარ ეცნობათ. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის შემდეგ, რომელიც ორ აგვისტოს გაიმართება, დამტკიცდება ახალი დებულებები, სტრუქტურები და საშტატო განრიგი. გორის მუნიციპალიტეტი ორ ნაწილად გაიყო. ცალკე იქნება ქალაქის მერია და ცალკე მუნიციპალიტეტის გამგეობა. სწორედ ახალი მერი და გამგებელი შეარჩევენ კონკურსის გარეშე კადრებს, რომლებსაც 120 დღეში ატესტაციის გავლა მოუწევთ. გამგეობის იურისტი რევაზ გოგიაშვილი აცხადებს, რომ ახალ შტატებში ბევრი ძველი საჯარო მოხელე ვეღარ მოხვდება, რადგან ახლანდელი საშტატო ნუსხა წინანდელზე ნაკლები იქნება.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ატესტაციის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს და საატესტაციო კომისიაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც შევიდნენ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოქვეყნდეს ის კრიტერიუმები, რომლებითაც საჯარო მოხელეების კვალიფიკაცია შეფასდება.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს აღარ აქვთ ვალდებულება თანამშრომელთა მისაღებად კონკურსი ჩაატარონ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე საჯარო მოხელე ატესტაციისას ელემენტარულ პროფესიულ ცოდნას ვერ გამოავლენს. ასეთ ვაკანსიაზე კი კონკურსი გამოცხადდება. ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ ატესტაციას ეჭვის თვალით უყურებს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი კახა ტოლიაშვილი აცხადებს, რომ ნეპოტიზმში არაერთხელ შემჩნეული კოალიცია კადრებს ისევ ამ ნიშნით შეარჩევს.

გორის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული გამგებელი დავით ონიაშვილი ნაციონალების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ამჟამად გამგეობის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მიმდინარეობს მუშაობა და კადრების შერჩევა მხოლოდ პროფესიული ნიშნით მოხდება.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 400-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. ახალ მერიასა და გამგეობაში კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ საშტატო განრიგი თითქმის განახევრდება.

XS
SM
MD
LG