Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუბერნატორის გაზრდილი ხელფასი და ამ ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნა


გორი
გორი

შიდა ქართლის გუბერნატორს, კახაბერ სამხარაძეს, თებერვლიდან ხელფასი გაეზარდა. აქამდე ის თვეში 2 950 ლარს იღებდა. ახლა კი 5 900 ლარს მიიღებს. ხელფასები მის მოადგილეებსაც გაეზარდათ. ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იანვრის ბოლოს მიიღო. რაც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს, ზოგს მინიმალურად - მაგალითად, 20 ლარით - მოემატა ანაზღაურება, ზოგს კი საერთოდ არ შეხებია. სამსახურების უფროსებს კი, პირიქით, 50 ლარი მოაკლდათ. მთავრობის გადაწყვეტილებით გაზრდილი ანაზღაურების გამო, გაუქმდა პრემია-დანამატების სისტემა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება შრომის ანაზღაურების კანონმდებლობას არ შეესაბამება.

გორში გუბერნატორის ხელფასის გაზრდის საკითხი საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. კრიტიკა ხელისუფლების მიმართ სულ უფრო მატულობს. მაშინ როცა საპენსიო უზრუნველყოფა ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, მოხელეების ხელფასების გაზრდა მოქალაქეებს აღიზიანებთ.

გუბერნატორის ხელფასის გაზრდის გამო შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მაგალითად,“ შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ, ზოგადად, გუბერნატორის ინსტიტუტის ფუნქცია-მოვალეობაც კი ბუნდოვანია და ამ ინსტიტუტის შენახვა სახელმწიფოს მილიონობით ლარი უჯდება.

ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები მხოლოდ გუბერნატორისა და მისი აპარატის შესანახად არ იზრდება. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კვლევით დგინდება, რომ რეგიონის პირველი პირის ავტომობილების საწვავით მომარაგებასა და ტექნიკურ მომსახურებაში ასევე დიდი თანხა იხარჯება. კახაბერ სამხარაძის მანქანების მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 22 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის 25 დეკემბერს კი გუბერნატორის ადმინისტრაციამ უმაღლესი ხარისხის საწვავის ბარათები შეიძინა. 28 ტონა საწვავი ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდა. მხოლოდ იანვარში გუბერნიის კუთვნილი ავტომობილებისათვის 4 ტონაზე მეტი საწვავი უკვე დაიხარჯა. გარდა ამისა, კვლევით დგინდება, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის მიერ პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაიხდება. ავტომობილები, რომლებითაც კახა სამხარაძე გადაადგილდება, "სითი პარკმა’’ 7-ჯერ დააჯარიმა. თანხა ამ დრომდე არ იყო გადახდილი, უყურადღებოდ დატოვებულ 10-ლარიან ჯარიმებს კი საურავი დაედო და გადასახადი 160 ლარამდე გაიზარდა. გუბერნატორს 2 ავტომობილი - ტოიოტა ლენდკრუიზერი - ჰყავს. აქედან ერთი გორის მერიის, მეორე კი გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზეა. შესაბამისად, ჯარიმების გადახდა ადგილობრივ ბიუჯეტს მოუწევს.

უფრო რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ “ნაციონალურ მოძრაობაში. „მოძრაობის“ წარმომადგენელი ვასილისა ჯაბახიძე ამ ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით გამოდის.

გუბერნატორის ხელფასის გაზრდის გამო შეშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მაგალითად,“ შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ, ზოგადად, გუბერნატორის ინსტიტუტის ფუნქცია-მოვალეობაც კი ბუნდოვანია და ამ ინსტიტუტის შენახვა სახელმწიფოს მილიონობით ლარი უჯდება.

უფრო რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ “ნაციონალურ მოძრაობაში. „მოძრაობის“ წარმომადგენელი ვასილისა ჯაბახიძე ამ ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით გამოდის.

გორში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახაბერ სამხარაძე რეგიონს მალე დატოვებს და სამუშაოდ სამცხე-ჯავახეთში გადავა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს კი შიდა ქართლში გამოუშვებენ. ამასობაში სამხარაძის ერთმა მოადგილემ, იოსებ ოქრომელიძემ, სამსახურის დატოვების მოთხოვნით განცხადება დაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ფინანსთა სამინისტროში გადადის სამუშაოდ.

XS
SM
MD
LG