Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეტ ჩართულობას სთავაზობს


გორის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ მიმართულების ორგანიზაციათა საქმიანობით დაინტერესდა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს თავიანთი პროექტებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დაიგეგმა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობას დაიწყებენ. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარე მესამე სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა ქალაქის ბიუჯეტმა არც გენდერულად მნიშვნელოვან საკითხებს აუაროს გვერდი. პაპუნა კობერიძის ინიციატივით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საკრებულოს წევრებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების მიერ, რომელიც ბიუჯეტის შედგენის პროცესშივე ჩაერთვება.

ცნობისათვის: გორის 15-კაციან საკრებულოში ამჟამად 2 ქალია წარმოდგენილი. ნინო ზურაბიშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თამარ თედლიაშვილი კი იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ეს ქალბატონები საკრებულოში არჩევამდეც აქტიურად თანამშრომლობდნენ ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ახლაც პირობას დებენ, რომ თვითმმართველობის ორგანოში გენდერულად მგრძნობიარე საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ. თამარ თედლიაშვილი აცხადებს, რომ გორში ათასობით დევნილი საჭიროებს სოციალურ დახმარებას და ადგილობრივ ბიუჯეტში სოციალური პაკეტის დაგეგმვისას ეს პრობლემაც უნდა იყოს გათვალისწინებული.

გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული მრჩევლების დანიშვნის ინიციატივით გამოვიდა. ამ კადრებს უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ქალთა პრობლემების გამოკვეთასა და გადაჭრაზე მუშაობენ. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ასეთი შტატი შეიქმნა. იქ დასაქმებული ადამიანების გადამზადება კი ქალთა ორგანიზაციამ აიღო თავის თავზე. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი აცხადებს, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული გენდერული თანასწორობის მიმართულებით და ამ ვალდებულებების შესრულება როგორც სახელისუფლებო შტოების, ისე სამოქალაქო საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ ერთი თვის შემდეგ კიდევ გაიმართება მსგავსი ფორმატის შეხვედრა და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე კონკრეტული იდეებითა და რეკომენდაციებით მიმართავენ ადგილობრივ თვითმმართველობას.

XS
SM
MD
LG