Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 31 დეკემბერი


გაზეთ „რეზონანსის“ სტატიაში „ხალხი 2014 წელს მთავარი პრობლემის, უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას ელოდება“ აღნიშნულია, რომ გაზეთის მიიერ გამოკითხულთა 90-მა პროცენტმა 2014 წელს დასაქმება და ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესება ისურვა. მოსაგვარებელ პრობლემათა სამეულში მოხვდა ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საგარეო ურთიერთობების მოწესრიგება. „რეზონანსისვე“ მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში უძრავი ქონების ფასი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. გაზეთში ვკითხულობთ, რომ, ამისდა მიუხედავად, თბილისში უძრავი ქონების ბაზარი მაინც განუვითარებელია. „რეზონანსის“ თანახმად, სპეციალისტები სიტუაციის გამოსწორებას არც უახლოეს მომავალში ელოდებიან, რადგან მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გაზეთი აქვე გვთავაზობს სტატისტიკას უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, რომლის თანახმადაც, თბილისში ერთი კვადრატული ბინის ფასი 400 დოლარიდან 1100 დოლარის ფარგლებშია. თითქმის ანალოგიური ფასებია ერევანშიც - 600-დან 1100 დოლარის ფარგლებში, ბაქოში კი - 630-დან 2300 დოლარამდე. უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლებმა „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში თბილისში ბინების ყიდვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. სამაგიეროდ, მოიმატა მოთხოვნამ გირაოზე, თუმცა პრობლემები ამ მხრივაც სერიოზულია, რადგან მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია.
გაზეთ „ახალ თაობაში“ წაიკითხავთ ინტერვიუს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალურ მდივან ალეკო შალამბერიძესთან. მისი აზრით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სიტუაცია გაექცა. ალეკო შალამბერიძე ამბობს, რომ ნაციონალების სახით სააკაშვილის საბავშვო ბაღი მოვიშორეთ, მაგრამ ახლა ივანიშვილის საბავშვო ბაღი გახდა პრობლემა. ალეკო შალამბერიძე „ახალ თაობას“ ეუბნება, რომ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად გააქტიურდება და ხელისუფლებას ქარცეცხლში გაატარებს. ამ მოძრაობაში კი შენარჩუნებული იქნება პრინციპი „ძალა ერთობაშია“. ანუ მოქმედი მთავრობისა და მისი ლიდერის ოპონირებას „თავისუფალი საქართველო“ პარლამენტსგარეთა ოპოზიციასთან ერთად აპირებს.

„ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური“ სახლის ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე კი ირაკლი ღარიბაშვილს გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებიდან ურჩევს მთავრობა დაითხოვოს და საზოგადოებას უახლოეს მომავალში ახალი მთავრობა წარუდგინოს. ნესტან კირთაძის თანახმად, ეს უნდა იყოს ანტიკრიზისული მთავრობა, ანტიკრიზისული პროგრამით - მთავრობა, რომელიც 2014 წელს ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სტატიიდან „არადა, ბატონებო, ჩვენით მოხვედით ხელისუფლებაში!“ შეიტყობთ, რომ 73 500 ლარიან ჯიპს აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროც ყიდულობდა. გაზეთის თანახმად, 18 დეკემბერს გაუქმდა ავტომანქანის შესაძენი ტენდერი. ტენდერის გაუქმების მიზეზი კი საქართველოს მთავრობაში სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენის ახალი რეგულაციების შემუშავების პროცესი გახდა.
XS
SM
MD
LG