8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც კიდევ ერთხელ მოითხოვეს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტების კანონპროექტის მხარდაჭერა. საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიცაა ხელი შეეწყოს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, 37 455 ამომრჩევლის ხელმოწერითაა გამყარებული.
ოცწლიანი აქტიურობა პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად
- ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად აქტიურობა საქართველოში 20 წელზე მეტია გრძელდება.
- წლების მანძილზე საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, სულ 7 საკანონმდებლო ინიციატივა შეიქმნა.
- გენდერული კვოტირების ორი პროექტი სახელმწიფოს უწყებებმა მოამზადეს, ხუთი კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა;
- მცდელობების მიუხედავად, კანონპროექტები კანონებად ვერ იქცა.
ეს ინიციატივა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს 2017 წლის 12 ივნისს წარუდგინა. ინიციატივა გულისხმობს საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიებისა და ბლოკების მიერ წარდგენილ პროპორციულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს, სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში კი ადგილმონაცვლე პროპორციული სიიდან იმავე სქესის პირი გახდეს.
ამ ინიციატივის ადვოკატირება პოლიტიკურ ჯგუფებში სამოქალაქო სექტორის მხრიდან გრძელდება და არსებობს მოლოდინიც იმისა, რომ საკითხი განხილვისთვის პლენარულ სხდომაზე უახლოეს მომავალში გავიდეს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირმა პავლიაშვილი ვარაუდობს, რომ ეს 20-21 მარტის პლენარულ სხდომაზე მოხდება:
„გენდერული კვოტირების კანონპროექტი პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე უკვე გაინიხილეს ადამიანის უფლებათა, რეგიონული განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა და სამივე კომიტეტმა დადებითი დასკვნა და მხარდაჭერა გამოაცხადა. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ როდესაც ინიციატივა პლენარულ სხდომაზე გავა, ყველა დეპუტატი იგრძნობს პასუხისმგებლობას და ქალთა და მამაკაცთა არსებით თანასწორობას დაუჭერს მხარს“.
117 სამოქალაქო ორგანიზაცია კი ერთობლივად მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს აძლევს ისტორიულ შანსს, გენდერული თანასწორობა საკანონმდებლო ნორმად აქციოს და ხელი შეუწყოს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას, რაც, ამავდროულად, არის საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება.
ქალთა და მამაკაცთა პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად აქტიურობა საქართველოში 20 წელზე მეტია გრძელდება. ამ ხნის მანძილზე, საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, სულ 7 საკანონმდებლო ინიციატივა შეიქმნა - აქედან გენდერული კვოტირების ორი პროექტი სახელმწიფოს უწყებებმა მოამზადეს, 5 კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა. თუმცა, ამ მცდელობების მიუხედავად, კანონპროექტებმა კანონის სახე ვერ მიიღეს, პროცესი კი გენდერული თანასწორობის მისაღწევად წარმომადგენლობით ორგანოებში ნელი ტემპით, შესამჩნევი გაუმჯობესების გარეშე მიმდინარეობდა. 2016 წლის პარლამენტში, მაგალითად, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, მატება 3 პროცენტი იყო და 16 პროცენტი შეადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13,46 პროცენტია, ქვეყნის მასშტაბით კი 64 არჩეული მერიდან ქალი მხოლოდ ერთია.
როგორც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი მაია კუპრავა მიიჩნევს, გენდერული კვოტირების მომხრეები ყველაზე მეტად ახლა მიუახლოვდნენ მიზანს და ნიადაგიც შედარებით ნოყიერია იმისთვის, რომ კვოტირება საკანონმდებლო ნორმად იქცეს, თუმცა მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს:
“პროცესი რთულია. როგორც ადრე, ახლაც ჰყავს ამ იდეას მოწინააღმდეგეები, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ბევრად რთული, უკვე გავიარეთ, მაგრამ იცით,რომ საპარლამენტო მოსმენა არის გადამწყვეტი. მე იმედიანად ვარ და მჯერა, რომ შესაძლებელია, რომ საქართველოს ჰქონდეს კვოტირების მექანიზმი საარჩევნო კოდექსში. ვნახოთ. ბევრი მომხრე გვყავს, ასეთი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა პარლამენტში, მაგრამ ვიცით, რომ მოწინააღმდეგეც ბევრია“.
მაია კუპრავას უჭირს გენდერული კვოტირების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პროცენტული მაჩვენებლების პროგნოზირება და მით უფრო იმის განსაზღვრა, აღმოჩნდებიან თუ არა კვოტირების მექანიზმის მომხრეები პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადამწყვეტ მომენტში. გენდერული კვოტირების დროებითი მექანიზმის საკანონმდებლო ნორმად ქცევის იმედი აქვს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს:
„მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი კოლეგა, რომელიც ჩვენს მოსაზრებას არ ემხრობა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დადებით შედეგს ველოდეთ. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდება 76 დეპუტატი, რომელიც მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას“.
ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, მაგალითად, 150 დეპუტატიდან მხოლოდ 23-ია ქალი, მაშინ როდესაც, საერთაშორისო სტანდარტით, ქალთა წარმომადგენლობა 30 პროცენტს შეადგენს. გენდერული კვოტირების დამტკიცების შემთხვევაში ეს რიცხვი მომავალ პარლამენტში პროპორციული წესით 25 პროცენტამდე გაიზრდება.