ნიუ-იორკში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან მონაწილეობა მიიღო გაეროს მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში გამართულ დიალოგში, თემაზე "პლანეტის დაცვა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა." პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმზე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა უწოდა.
"წელს ზაფხულში ჩვენს დედაქალაქში, თბილისში დატრიალდა სტიქიური უბედურება, წყალმოვარდნა, რომელმაც სავალალო შედეგები იქონია ადამიანებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს ტრაგედია კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა გავაათმაგოთ ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო, როგორც გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის ხელმომწერი, უპირობოდ უჭერს მხარს კონვენციის ფარგლებში წარმოებული მოლაპარაკებების მიზნებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველომ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, 2013 წელს დაიწყო დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მოამზადა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელიც განსახილველად გაეგზავნება გაეროს კლიმატური ცვლილებების ჩარჩო-კონვენციის სამდივნოს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო 2030 წლისთვის გეგმავს, 15%-ით შეამციროს სათბური გაზის ემისია, რისთვისაც საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე თავისი წვლილი შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
"იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მდგრადი მომავალი და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ჩვენი პლანეტა, აუცილებელია დღესვე გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.