Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარევაჭრობის ალტერნატივა და სანქციები გარემოვაჭრეთათვის


ბაზარი ქუთაისში
ბაზარი ქუთაისში

პირველი მარტიდან - მას შემდეგ, რაც ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში გარევაჭრობა აიკრძალა - 20-ზე მეტი მოვაჭრე დაჯარიმდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვისთვის 12 გარემოვაჭრე 80-80 ლარით დაჯარიმდა, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოს დანაგვიანებისთვის კი 120 ლარის გადახდა დაეკისრათ მფლობელებს იმ მიკროავტობუსებისა, საიდანაც სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია ხდებოდა.

გადმოწერა

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, ზვიად ჯავახიას, განცხადებით, გარევაჭრობის აკრძალვიდან რამდენიმე დღის განმავლობაში პროდუქტის რეალიზატორებს აფრთხილებდნენ და გარემოვაჭრეთა ნაწილი აკრძალვას გაგებით შეხვდა.​

ქუთაისი
ქუთაისი

ზვიად ჯავახიას ინფორმაციით, ცენტრალურ აგრარულ ბაზარში 50-მდე გარემოვაჭრე განთავსდა საშეღავათო პერიოდით, რაც გულისხმობს რამდენიმე თვით მოსაკრებლის გადახდისგან მათ გათავისუფლებას.

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ საფუძველზე გარემოს დანაგვიანებისთვის გარემოვაჭრეთა 120 ლარით დაჯარიმება მიზანშეუწონლად მიაჩნია ქუთაისის საკრებულოს წევრს „ევროპული საქართველოდან“, მერაბ მეშველიანს. მისი განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეებს პროდუქტი მიკროავტობუსებში აქვთ, პროდუქტს კი სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე ყიდიან, ამიტომ 80 ლარით უნდა დაეჯარიმებინათ.

ბაზარი ქუთაისში
ბაზარი ქუთაისში

გარევაჭრობის აკრძალვისა და სანქციების გამო უკმაყოფილებას გამოხატავენ მოქალაქეები, რომლებიც გარევაჭრობას წლების განმავლობაში ეწევიან. ისინი, ვინც პირველ მარტამდე ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ ვაჭრობდა და ბაზრის ტერიტორიაზე შესვლას დაეთანხმა, მომხმარებლის სიმცირის მიზეზით, ისევ გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და ამბობენ, რომ საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, როცა მოსაკრებლის გადახდა მოუწევთ, ბაზარში ვეღარ გაჩერდებიან.

გარევაჭრობის აკრძალვის გამო კმაყოფილებას გამოთქვამენ მოვაჭრეები, რომლებიც თავიანთ პროდუქციას წლებია ბაზარში ყიდიან. ამბობენ, რომ გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ბაზარში მყიდველთა რაოდენობა გაიზარდა.

ბაზარი ქუთაისში
ბაზარი ქუთაისში

გარევაჭრობის აკრძალვას მხარს უჭერს ქუთაისის მცხოვრებთა ერთი ნაწილი, მეორე კი ფასის მინიმალური სხვაობის გამო ამჯობინებს პროდუქტი და სხვადასხვა ნივთი ქუჩებში სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე შეიძინოს.

XS
SM
MD
LG