Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წელს გარდაცვლილი კულტურის მოღვაწეები


მთაწმინდის პანთეონი
მთაწმინდის პანთეონი

18 თებერვალს მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ბაჩანა ბრეგვაძეს ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ფილოსოფიური თუ მხატვრული ნაწარმოებები, მათ შორის - პლატონი, არისტოტელე, სერვანტესი... იყო პოლიგლოტი და თარგმნიდა ლათინური, ძველი ბერძნული, რუსული, გერმანული, ფრანგული და სხვა ენებიდან. ბაჩანა ბრეგვაძე 14 თებერვალს გარდაიცვალა. სამი დღით ადრე, 11 თებერვალს, 80 წელი შეუსრულდა.

გადმოწერა

„გამორიცხეთ კულტურა ისტორიიდან და მიიღებთ ზოოლოგიას“, - წერს ბაჩანა ბრეგვაძე თავის წიგნში „ჩანაწერები“. ეს წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ დაბეჭდა. ზვიად კვარაცხელია, რომელიც „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორია, ამბობს:

„მწერლის, ხელოვანის საზომი, ალბათ, ის არის, შექმნა თუ არა მან თავისი სამყარო. ბაჩანა ბრეგვაძემ თავისი გამორჩეული და უკვდავი სამყარო შექმნა, მრავალფეროვანი პერსონაჟებით. უამრავი ისეთი სახელი შემოამატა ქართულ ლიტერატურას, სხვადასხვა ენებიდან თარგმნილი ფილოსოფოსების, მეცნიერების, პოეტების, მწერლების სახით, რომელიც მანამდე არ იყო“.

მერაბ ბერძენიშვილი
მერაბ ბერძენიშვილი

17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი მერაბ ბერძენიშვილი. ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე მან შექმნა არაერთი მონუმენტური ნამუშევარი, მათ შორის, შოთა რუსთაველის, ვახტანგ გორგასლის, დავით გურამიშვილის, გიორგი სააკაძისა და მედეას ქანდაკებები, კომპოზიციები „მუზა”და „კიდევაც დაიზრდებიან“. მისი შექმნილი იყო, ასევე, ქუთაისში მდებარე „დიდების მემორიალი“, რომელიც შემდეგ, როგორც „საბჭოთა მონუმენტი“, ააფეთქეს. გულდაწყვეტილმა მოქანდაკემ მაშინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ მაინც ბედნიერია, რადგან საზოგადოებამ მხარი მას დაუჭირა.

„კიდევ ერთხელ დავინახე საზოგადოების ჩემდამი დამოკიდებულება.... სტრესის გადასატანად კი მაქვს ფილმები - მიქელანჯელოზე, ლეონარდოზე”.

3 მაისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი მაგალი თოდუა. ის მარტვილის რაიონ სოფელ სალხინოში იყო დაბადებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1968 წლიდან სპარსული ფილოლოგიის განყოფილების გამგედ მუშაობდა.2008 წელს მაგალი თოდუამ აიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ დაწესებული პრემია - “მსოფლიოში საუკეთესო ირანისტი”. ეს კი მისი ერთ-ერთი თარგმანია:

„იცის კოკორმა წითელი ვარდი
უზის ბუტკოში, და გამოსულა,
თითქოს უბიწო იყოს ქალწული
და მაცხოვარზე იყოს ორსულად“.

ჯოვანი ვეფხვაძე
ჯოვანი ვეფხვაძე

2016 წლის 3 მაისს გულის შეტევით გარდაიცვალა მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე. ის მთელი ცხოვრება ხატავდა თბილისს - მის ხედებს, უბნებს, სახელოსნოებსა და ეზოებს. „ძველი ავლაბრის ხიდი“, „მთელი თბილისი“, „აბას-აბადის მოედანი“, „ტფილისური მელოდია“, „მეტეხის ხიდი“ - ეს არის იმ ფერწერული ტილოების არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც გამქრალი, მხოლოდ ძველ ფოტოებში შემორჩენილი ქალაქია გამოსახული. რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან, ჯიმშერ რეხვიაშვილთან, საუბრისას მხატვრის კოლეგა და მეგობარი გივი თოიძე ამბობს, რომ ჯოვანი ვეფხვაძემ ბოლომდე უერთგულა რეალიზმს, რომლის სიყვარული ასევე სახელოვანი წინაპრებისგან - პაპის, სახალხო მხატვრის ივანე ვეფხვაძისა, და მამის, ალექსი ვეფხვაძისაგან გამოჰყვა:

„რეალისტი, სუპერ-რეალისტი მხატვარი იყო! სინამდვილეს ემსახურებოდა და ეს აჰყავდა უმაღლეს დონეზე. ტყუილად არ ვახსენე ნატურმორტები და ჰოლანდიელები. რამდენიმე ნამუშევარია ისეთი, რომელიც ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებდა. უდიდესი სიყვარულით აქვს ყველაფერი გაკეთებული. ეს ნატურმორტი ნახეთ, ნამდვილი ზღაპარია! ამას უნდა დიდი ცოდნა, ოსტატობა! ნახეთ, როგორია, ხელს წაავლებ. მისი შვილიც აგრძელებს ამ ტრადიციას“.

რეჟისორი ნანა მჭედლიძე, რომელმაც ყველასთვის საყვარელი ფილმი „იმერული ესკიზები“ გადაიღო, 28 მარტს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, ის მშობლიურ ხონში დაკრძალეს. ნანა მჭედლიძეს ათზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული და უამრავი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია მისი მოგონება „იმერული ესკიზების“ გადაღებასთან დაკავშირებით:

მთაწმინდის პანთეონი
მთაწმინდის პანთეონი

„იქ არაფერია ჩემი მოგონილი. ყველაფერი მოხდა და ეს ვიცი მე ჩემი ბავშვობისდროინდელი ცხოვრებიდან. ყველაფერი იყო, ეს გასვენებაც იყო და ეს ხალხიც, თავს რომ იკლავენ და სანამ არ ააყენებ, მანამ რომ არ შეიძლება ადგომა“.

31 იანვარს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი ალდე კაკაბაძე. ის კერამიკოსი იყო და 1964 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრაზე ასწავლიდა. მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებში, მისი ნამუშევრები კი მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მუზეუმებშია დაცული.

ასევე 2016 წელს გარდაიცვალა ცნობილი ბალერინა ვერა წიგნაძე. ის 1970 წლამდე ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად ცეკვავდა. წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, ოსტატობა, მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, ასევე, კარგი სცენური გარეგნობა. მას შესრულებული აქვს მთავარი პარტიები, როგორიცაა, მაგალითად: ჟიზელი, დეზდემონა, დედოფალი ირემა „გორდაში“, კატრი „დონ-კიხოტში“, ცისნამზე „სინათლეში“, თამარი „დემონში“.

23 მარტს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე. ის 1954-1964 წლებშირუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე იყო. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე წიგნი, მათ შორის მონოგრაფიები, რომელთა თემაც ისევ ქართული თეატრია.

19 ნოემბერს კი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორი გიზო ჟორდანია. სხვადასხვა დროს ის იყორუსთაველის, თბილისის ოპერისა და ბალეტის, გრიბოედოვის თეატრებისრეჟისორი, რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი. დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოში და საზღვარგარეთ.

2016 წლის მარტში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ დირექტორი, ცნობილი მომღერალი და ლოტბარი, ბადრი თოიძე. ბადრი თოიძე, ანზორ ერქომაიშვილსა და სხვებთან ერთად, ანსამბლ „რუსთავის“ ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG