Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთაწყაროს ინციდენტის გამოძიება მუქარის ფაქტზე დაიწყო


დაზარალებული ემინე ხოზრევანიძე
დაზარალებული ემინე ხოზრევანიძე
ოფიციალური ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ სამთაწყაროში 28 ივნისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 151- ე მუხლით, მუქარის ფაქტზე დაიწყო, თუმცა ძიების დეტალები უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონალური მედიის კოორდინატორმა თამარ მამათელაშილმა განაცხადა, მათი ინფორმაციით, 28 ივნისს ხოზრევანიძეების ოჯახზე ფიზიკურ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია:

„ფიზიკური ძალადობა და თავდასხმა არ ყოფილა. გამოძიება დაიწყო 151-ე მუხლით, მუქარის ფაქტზე. მიმდინარეობს გამოძიება. ინციდენტში მონაწილე პირები არიან თუ არა დაკითხული, ამას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით“.
როცა ეზოში გავედი და ყვირილი ატყდა, მე ძირს დავვარდი. მართლმადიდებლები ყვიროდნენ, დაგწვავთო, გაგასახლებთო. მე ფიზიკურად შემეხნენ თუ არა, არ მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძირს დავვარდი...
ემინე ხოზრევანიძე

სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმური სახლის წინამძღვარი სულიკო ხოზრევანიძე და მისი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ 28 ივნისს, პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ, საღამოს 6 საათზე, მათთან სახლში 200-მდე მართლმადიდებელი მივიდა და ულტიმატუმი წაუყენა - ან სარწმუნოება შეეცვალათ, ან სოფელი დაეტოვებინათ:

„უცბად „ტალპა“ შემოვარდა. მე რომ ფანჯრიდან გავიხედე, ჩემი ცოლი ძირს იყო. ამის მერე იყო მუქარა. მილიციაც მოვიდა და შემდეგ გარეთ გაიყვანეს. იყო ასეთი მუქარა: ან გასახლდით სოფლიდან, ან დაანებეთ ლოცვას და რწმენას თავიო! როგორ დავანებო, როცა 12 წლიდან ამ სარწმუნოებას ვემსახურები?! მე იმის იმედი მაქვს, რომ კანონი დამიცავს“.

სულიკო ხოზრევანიძის მეუღლე, როგორც თავად ამბობს, ინციდენტის დროს დაშავდა, თუმცა კარგად არ ახსოვს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუ თავად დაეცა და ფეხის არეში დაზიანებები ამ გზით მიიღო. როგორც ემინე ხოზრევანიძემ გვითხრა, სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლები მათ ფიზიკური განადგურებითა და სახლის გადაწვით დაემუქრნენ:

„საღამოს ექვსი საათი იყო, ეზოში რომ გამოვიხედეთ. მთელი 200 კაცი იდგა ჭიშკართან. შემდეგ, როცა ეზოში გავედი და ყვირილი ატყდა, მე ძირს დავვარდი. მართლმადიდებლები ყვიროდნენ, დაგწვავთო, გაგასახლებთო. მე ფიზიკურად შემეხნენ თუ არა, არ მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძირს დავვარდი“.
ჩვენი კითხვა იყო: რატომ ჩამოჰყავთ ხალხი სხვა რაიონებიდან? სოფელში არ არის იმდენი მუსულმანი, რომ ლოცვა ჩაატარონ, ამიტომ სხვები ჩამოჰყავთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია...
ჯაბა ჯანხოთელი

ინციდენტს იხსენებს სამთაწყაროში მცხოვრები ჯაბა ჯანხოთელი, რომელიც 28 ივნისს სხვა მარლმადიდებელ პირებთან ერთად ხოზრევანიძეების სახლთან იმყოფებოდა. ჯანხოთელი ამბობს, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, არ მოსწონს, როდესაც მის სოფელში მუსლიმი მომლოცველები საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩადიან:

„პოლიციაც იქ იყო და ფიზიკური ძალადობა რომ ყოფილიყო, პოლიცია ასე არ გაგვაჩერებდა. ჩვენი მოთხოვნა და კითხვა იყო: რატომ ჩამოჰყავთ ხალხი სხვა რაიონებიდან? სოფელში არ არის იმდენი მუსულმანი, რომ ლოცვა ჩაატარონ, ამიტომ სხვები ჩამოჰყავთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფელ სამთაწყაროში განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი მუსლიმების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით.
უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

სამთაწყაროში დაპირისპირება ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მუსლიმთა სამმართველომ სოფელში სამლოცველო სახლის გახსნა გადაწყვიტა. სოფელში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ზედიზედ ორჯერ ჩაიშალა. სამთაწყაროში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება სახალხო დამცველის აპარატი. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ თუ დამნაშავე პასუხს არ აგებს, შესაძლოა მსგავსი ინციდენტი კვლავ განმეორდეს და სავალალო შედეგით დასრულდეს.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG