Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიზიკურ ძალადობაში გადაზრდილი მუქარა სამთაწყაროში


სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმანი მოსახლეობის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, 2013 წლის 14 ივნისი
სამთაწყაროში მცხოვრები მუსლიმანი მოსახლეობის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, 2013 წლის 14 ივნისი
28 ივნისს, საღამოს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროშო რელიგიურ ნიადაგზე ისევ დაიძაბა ვითარება. პარასკევს, მუსლიმანთა ტრადიციული ლოცვის აღსრულების შემდეგ, ადგილობრივი ხოჯის, სულიკო ხოზრევანიძის სახლთან 200-მდე სოფლის მცხოვრები მივიდა, სოფელში მცხოვრები ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ხოზრევანიძეების ოჯახს სოფლიდან გასახლებით დაემუქრა, შეხლა-შემოხლისას სულიკო ხოზრევანიძის ცოლი ემინე ხოზრევანიძე დაშავდა. პოლიცია სულიკო ხოზრევანიძის სახლს მთელი ღამის განმავლობაში იცავდა. საქმე მუქარის მუხლით აღიძრა, თუმცა ჯერჯერობით სამართალდამცავ სტრუქტურებს პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ.
მითხრეს, რომ ხვალ საქონელს ნახირში ვერ გავუშვებ, წყალს არ მოგვცემენ, მაღაზიაში ვერ წავალთ. 24 საათში გასახლდითო. მიზეზი კი ის არის, რომ თურმე რატომ ვილოცეთ მე და ჩემმა შვილებმა. ჩემს ცხოვრებას აქ, ალბათ, აღარც აქვს აზრი, ასე ყველანაირად დაჩაგრულმა როგორ უნდა იარო ადამიანმა?..
სულიკო ხოზრევანიძე

სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმთა ხოჯის სულიკო ხოზრევანიძის მეუღლემ ემინე ხოზრევანიძემ 28 ივნისს სამთაწყაროში მის სახლთან მომხდარი ამბავი ადგილზე ჩასულ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს ასე მოუთხრო.

„საღამოს საათი იქნებოდა, სახლში ვიყავით, 200–მდე ადამიანი რომ მოგვადგა. მთელი სოფელი აქ იყო, დიდიან-პატარიანად. ვკითხე, აქ რა გინდათ, აქ რატომ მოხვედით-მეთქი. აქედან უნდა გაგასახლოთო, მიპასუხეს. სულიკოს ნახვას ითხოვდნენ - ამბობდნენ, გამოიყვანეთ, უნდა ჩავქოლოთო. შეიძლება სახლშიც შემოვარდნილიყვნენ, წინააღმდეგობა რომ არ გაგვეწია. სულიკოს დაც აქ იყო და ის დამეხმარა, თორემ, ალბათ, გადამივლიდნენ, რომ წავიქეცი... ფეხიც დავიზიანე. ჩვენ „ზემოდან“ კი გვეუბნებოდნენ, ყველაფერი მოგვარებულია, თქვენთან არავინ არ მოვა, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთო, მაგრამ, აი, დღეს რა დღეში ჩაგვყარეს. ამის მერე რა მოხდება, არ ვიცი. შიშით სახლში ვერ შევსულვარ. გავათენოთ უნდა ასე გარეთ, აბა, რა ვქნათ“.

თავად სულიკო ხოზრევანიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში ამბობს, რომ პარასკევის ტრადიციულ ლოცვაზე სამთაწყაროში მუსლიმთა სამმართველოს წევრები იყვნენ ჩასულები. ლოცვის რიტუალმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მაგრამ საღამოს ვითარება ისევ დაიძაბა. რამდენიმე ათეული სოფლის მცხოვრები ხოზრევანიძეების ეზოს მიადგა და, როგორც სულიკო ხოზრევანიძე ამბობს, ოჯახს სოფლიდან გასახლებით დაემუქრა:

„მითხრეს, რომ ხვალ საქონელს ნახირში ვერ გავუშვებ, წყალს არ მოგვცემენ, მაღაზიაში ვერ წავალთ. 24 საათში გასახლდითო. მიზეზი კი ის არის, რომ თურმე რატომ ვილოცეთ მე და ჩემმა შვილებმა. ჩემს ცხოვრებას აქ, ალბათ, აღარც აქვს აზრი, ასე ყველანაირად დაჩაგრულმა როგორ უნდა იარო ადამიანმა?“

პოლიცია სულიკო ხოზრევანიძის სახლს მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობდა. სოფლის მცხოვრებთაგან იქ აღარავინ მისულა, თუმცა მომხდარის გამო ჯერჯერობით არც არავინ დასჯილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ სამთაწყაროშო მომხდარი ინციდენტების გამო ორი საქმეა აღძრული - რელიგიური საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და მუქარის მუხლებით. ჯერჯერობით არც ერთი გამოძიება არ დასრულებულა.
ორასი ადამიანი მიუცვივდა ამ ოჯახს - ორას კაცს ხომ არავინ დაიჭერს, არა? მაგრამ ერთი ადამიანიც რომ დააკავონ მაგ ოჯახის გამო, ისედაც ალმაცერად უყურებენ და დევნიან და ვშიშობ, მერე მართლა კიდევ უარესი რამე არ დამართონ...
რუსუდან გოცირიძე

ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე „მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძეზე დაყრდნობით, ამბობს, რომ 28 ივნისს სულიკო ხოზრევანიძის სახლთან მართლაც მოხდა შეხლა-შემოხლა. მშვენიერაძის შეფასებით, სამთაწყაროში წარმოქმნილი პრობლემა არ არის ერთი დღის პრობლემა და ის დღემდე გადაუჭრელია სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მოახდინა ადეკვატური რეაგირება. ის აცხადებს, რომ როცა ადამიანი არღვევს კანონს, უვარდება სხვას სახლში და ემუქრება, ამისთვის სამართალდამცავებმა მყისიერად უნდა დააკავონ დამნაშავეები:

„როდესაც 24 მაისს ადამიანები გამოყარეს სალოცავიდან და ამისათვის სახელმწიფომ ერთი პირიც კი არ მისცა პასუხისგებაში, როცა 31 მაისს ადამიანები სოფელში აღარ შეუშვეს სალოცავად და გზა გადაუკეტეს, პოლიცია კი, ნაცვლად იმისა, რომ კანონდარღვევა აღეკვეთა, მიკერძოებული გამზავებლის ფუნქციით შემოიფარგლა, -ის ადგილობრივ მოსახლეობას უჭერდა მხარს და სალოცავად ჩასულ ადამიანებს კი პროვოკატორებად მოიხსენიებდა და აიძულებდა მათ სოფელი დაეტოვებინათ, - აი, სწორედ ამის გამოძახილია, რაც სამთაწყაროში ხდება, რადგან მოქალაქეებს გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა იმისათვის, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ სხვა ადამიანების უფლებებს“.

ადამიანების დარღვეულ უფლებას პოლიციის მიერ კონკრეტული სახლის დაცვა ვერ აღადგენს, ამბობს გიორგი მშვენიერაძე. სამართალდამცავების საქმე არ არის დაზარალებულების ყარაულობა, არამედ ამ შემთხვევაში მისი მოვალეობაა იმ სამართალდარღვევის აღკვეთა, რაც რელიგიური შეუწყნარებლობით არის მოტივირებული.

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მობილიზებისაკენ 28 ივნისს საღამოსვე მოუწოდა და სოფელ სამთაწყაროში სულიკო ხოზრევანიძის სახლთან მორიგეობის დაწესება მოითხოვა. თუმცა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტი, თუ დამნაშავე პასუხს არ აგებს, შესაძლოა ისევ განმეორდეს და უფრო სავალალო შედეგები მივიღოთ:
უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

„ყველაზე ეფექტური საშუალება არის კანონის იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც იცავს ნებისმიერ მოქალაქეს ძალადობისგან, მით უმეტეს, როდესაც რელიგიური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციაზეა საუბარი. სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ყველა იმ კონკრეტული პირის მიმართ, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა. მით უმეტეს, რომ ეს პრობლემა დღეს არ გაჩენილა - ეს არის პრობლემა, რომელიც თვეებია გრძელდება და რომლის გამოც უკვე არაერთი ინციდენტი მოხდა და დღემდე არავინ არის დასჯილი“.

მას შემდეგ, რაც 14 ივნისს სამთაწყაროში, მართალია, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისა და არასამთავრობო სექტორის თანდასწრებით, მაგრამ მაინც ჩატარდა ლოცვის ტრადიციული რიტუალი, 28 ივნისს კი ლოცვაზე მისვლა უკვე ადგილობრივმა მუსლიმებმაც გაბედეს, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს იმედი მიეცა, რომ მდგომარეობა განიმუხტა. თუმცა პარასკევ საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა რუსუდან გოცირიძე კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ვითარება იქ უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს:

„ორასი ადამიანი მიუცვივდა ამ ოჯახს - ორას კაცს ხომ არავინ დაიჭერს, არა? მაგრამ ერთი ადამიანიც რომ დააკავონ მაგ ოჯახის გამო, ისედაც ალმაცერად უყურებენ და დევნიან და ვშიშობ, მერე მართლა კიდევ უარესი რამე არ დამართონ. ისედაც ემუქრებიან, რომ წყაროზე და მაღაზიაში არ მიუშვებენ და საქონელს არ გაარეკინებენ ნახირში...”

რუსუდან გოცირიძე ამბობს, რომ გამოსავალი შესაძლოა იყოს ის, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელი, მაგალითად, რომელიმე ეპისკოპოსი, ვის აზრსაც ადგილობრივი მოსახლეობა მოუსმენს, სოფელში ჩავიდეს და ხალხს აუხსნას, რომ იმას, რაც სამთაწყაროში ხდება, არანაირი კავშირი არა აქვს ქრისტიანობასთან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG