Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს რეზოლუცია დევნილებზე


წეროვნის დევნილთა დასახლება
წეროვნის დევნილთა დასახლება

1 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". ამგვარ რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეა 2008 წლიდან იღებს, რითაც განამტკიცებს დევნილთა ფუნდამენტურ უფლებებს - უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა ქვეყანამ, 14 მისი მიღების წინააღმდეგი იყო, 61-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია შესასრულებლად სავალდებულო არ არის, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რეზოლუციის მომხრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და წელს მომხრეთა რიცხვმა გადააჭარბა იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებმაც თავი შეიკავეს. ამას თბილისი საერთაშორისო ასპარეზზე თავის დიპლომატიურ გამარჯვებად მიიჩნევს.

გაეროს რეზოლუცია დევნილებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:55 0:00
გადმოწერა

საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მისი მიზნებიდან გამომდინარე, წმინდა ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ეფუძნება. ის გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

გაეროს რეზოლუციას ქართული დიპლომატიის გამარჯვება უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა სპეციალურ ბრიფინგზე და განაცხადა, რომ წარმატებაა ის, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერ სახელმწიფოთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება:

დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

„რეზოლუციის მიღებით საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მსოფლიო საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. დევნილი მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათი უფლებები და მათი პრობლემა ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის გაეროს გენერალური ასამბლეა, ყოველწლიურად ჟღერდება და მათი საკითხი არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“.

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მავთულხლართების პირობებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას გაუსვა ხაზი:

„ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს მავთულხლართებისა და ე. წ. სასაზღვრო გამყოფი ნიშნების მშენებლობის პროცესი, ადამიანების გატაცება, უკანონო დაკავება, თავდასხმა კერძო საკუთრებაზე, თავისუფალი გადაადგილებისა და ცხოვრების უფლების შეზღუდვა, ასევე ადამიანების შეზღუდვა, მიიღონ განათლება საკუთარ ენაზე - ეს ყველაფერი ეთნიკური კუთვნილების გამო. ოკუპაციის ზოლზე გამშვები პუნქტების დახურვა შესამჩნევად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და ქმნის დამატებით სირთულეებს იძულებით გადაადგილებული პირების უკან დაბრუნებისთვის. 2017 წლის 9 აპრილს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გაიმართა ე. წ. რეფერენდუმი, რათა რეგიონს დარქმეოდა ახალი სახელი, ალანიის რესპუბლიკა, რაც ჰგავს ჩრდილოეთ ოსეთის ალანიის რესპუბლიკის სახელწოდებას რუსეთის ფედერაციაში. ე. წ. ინტეგრაციის ხელშეკრულება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, შედეგად, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების შექმნა, ასევე კანონმდებლობისა და საგამომძიებლო ორგანოების შერწყმა საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიაა, რაც მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების მყისიერ, ადეკვატურ და კონსოლიდირებულ რეაქციას“.

გაეროს რეზოლუცია დევნილებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00

გასულ წელს რეზოლუციას 76-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 15-ის წინააღმდეგ, 64-მა კი თავი შეიკავა. რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ შემდეგმა ქვეყნებმა მისცეს ხმა: სომხეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე. ჩრდილოეთ კორეა და სუდანი, რომელთაც გასულ წელს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ასამბლეის სხდომას არ ესწრებოდნენ და ამიტომ 2017 წელს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ურუგვაი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია და რომელმაც შარშან თავი შეიკავა, წელს რეზოლუციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ევგენი ზაგაინოვმა, რეზოლუციის კენჭისყრამდე განაცხადა, რომ აღნიშნული რეზოლუციის პროექტით ქართული მხარე ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებას ცდილობს, რაც ხელს შეუშლის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს:

„წარმოდგენილი პროექტები ვერასოდეს იღებდნენ მხარდაჭერას წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისგან და ეს სავსებით გასაგებია. ჩვენთვის ნათელია, რომ მათი შემოთავაზებები ვერაფრით დაეხმარა მათ, ვინც შეირაღებული შეტაკებების გამო უსახლკაროდ და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა და იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ეს ცხადყოფს, რომ ამ პროექტის მიზანი ღრმად პოლიტიკურია და მის უკან დგას არა ამ ხალხზე გულწრფელი ზრუნვის სურვილი, არამედ იმ ადამიანების ბედით სპეკულირება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდნენ, რომლის კულმინაციაც გახდა ცხინვალზე თავდასხმა 2008 წელს. თავისი გაუაზრებელი ნაბიჯებით თბილისმა, ფაქტობრივად, ხელი ჰკრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხს, რომელთაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ პროექტების ავტორები ცდილობენ უარყონ ეს რეალიები. იძულებით გადაადგილებულ პირთა რეალური საჭიროებების იგნორირებით, ისინი მისდევენ კურსს, რომელიც პრაქტიკაში შეუძლებელს ხდის მხარეებს შორის საკითხის საგნობრივ განხილვას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში“.

რეზოლუცია თავისთავად ქმნის პოლიტიკურ პირობებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის საერთაშორისო საზოგადოებას პოლიტიკურად ამზადებს ისეთი ქმედებისათვის, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს და, რა თქმა უნდა, ქმნის მოტივაციას ყველა დაპირისპირებულ მხარეში, რომ სწორედ ამ მიმართულებით მოხდეს კონფლიქტის მოგვარების პროცესის გაშლა...
კახა გოგოლაშვილი

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველოს სურვილი იქნებოდა ქვეყანაში არ არსებობდეს საფუძველი ასეთი ტიპის რეზოლუციებისთვის და დევნილებს თავიანთ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ამასთან, მისი სიტყვებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აბსოლუტურად არარელევანტურია გაეროს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციის ჟენევის მოლაპარაკებების პროცესისთვის ხელის შემშლელად დასახელება:

„ის არგუმენტი, რომ თითქოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული მხარდაჭერა რამენაირად ან გადაფარავს, ან ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ამ საკითხების განხილვას, რა თქმა უნდა, მიუღებელი და არარელევანტურია, იმიტომ რომ თვითონ გაეროს რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევას განიხილოს ეს საკითხი პრაქტიკულ ჭრილში. გაეროს ასამბლეა ვერ განიხილავს თემას პრაქტიკულად, პროცესს ვერ დაგეგმავს, ეს უნდა გააკეთოს სწორედ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიამ“.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის, თქმით, რუსეთის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ნელ-ნელა დავიწყებას მიეცეს ის, რაც მოხდა - საზღვრების გადაწევა, საზღვრების შეცვლა, ხალხის განდევნა და სხვა - და ეს დაკანონდეს ფარულად. ასეთი რეზოლუციები აჩერებს რუსეთის ამ მიზნებს:

როგორია დევნილთა მდგომარეობა საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

„რეზოლუცია თავისთავად ქმნის პოლიტიკურ პირობებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის საერთაშორისო საზოგადოებას პოლიტიკურად ამზადებს ისეთი ქმედებისათვის, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს და, რა თქმა უნდა, ქმნის მოტივაციას ყველა დაპირისპირებულ მხარეში, რომ სწორედ ამ მიმართულებით მოხდეს კონფლიქტის მოგვარების პროცესის გაშლა“.

ჰუმანიტარული და პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ამ რეზოლუციას პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, ამბობს გიორგი ტუმასინი, „მშვიდობის ფონდის“ დამფუძნებელი, ვინაიდან, მისი თქმით, გაეროს გენერალურ მდივანს ევალება ყოველწლიური ანგარიშის მომზადება ამ თემაზე, ეს კი საქართველოსთვის არის ერთ- ერთი იმ მცირე პლატფორმათაგანი, რომლის გამოყენებაც შეუძლია რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG