Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს პროექტი სოფელ აბანოში 


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოს 40 წელია საბავშვო ბაღი არ ჰქონია. დღეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების ბავშვებმა ძალიან გაიხარეს, როცა მათ ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში სტუმრებს უმასპინძლეს. პატარებმა საახალწლო კონცერტი გამართეს. საბავშვო ბაღი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიხსნა. უცხოელ სტუმრებთან ერთად აბანოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ჩავიდნენ. სოფელი აბანო იმ სოფლების რიცხვშია, რომლებმაც მიიღეს გაეროს დახმარება, შიდა ქართლის სოფლების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში. გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, შომბი შარპის, თქმით, ომისგან დაზარალებული სოფლები საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის პრიორიტეტულია და ადგილზე კონკრეტული პროექტები და პროგრამები მოსახლეობის ყოფითი პრობლემების მოგვარებასა და პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.

აბანოს საბავშვო ბაღი
please wait

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00
გადმოწერა

აბანოს საბავშვო ბაღში მეზობელი სოფლების - საციხურისა და კოდას - ბავშვებიც დადიან. 24 პატარა თანამედროვე სტანდარტებით გამართულ შენობაში დადის, რომელიც აღჭურვილია ცენტრალური გათბობის სისტემით, ოთახები გაწყობილია ახალი ავეჯით, მომარაგებულია სასწავლო ინვენტარით. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ამ საქმეში დონორებიც ეხმარებიან. მისი თქმით, უწყებათშორისი კომისია სხდომებზე ამ სოფლებში არსებულ პრობლემებს მუდმივად განიხილავს და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის, თქმით, ქართული სოფლები, რომლებიც საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს, მუდმივად იქნება ყურადღების ცენტრში, ვიდრე ქვეყნის სრული დეოკუპაცია არ განხორციელდება.

საერთაშორისო დონორების ძალისხმევით შიდა ქართლის სოფლების მხარდაჭერის პროგრამა რეგიონში უკვე 4 წელია მუშაობს. ამ პროგრამით სამი ათასამდე ადამიანმა და ჩვიდმეტმა თემმა ისარგებლა. ოთხწლიანი პროგრამის სრულმა ღირებულებამ 1 მილიონი დოლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG