წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 17.1 %-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 283.9 მლნ ლარი, შეადგინა, რაც 17.1 პროცენტით (17.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკაში. მსოფლიოს მასშტაბით, 215 მილიონი ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს. მიგრანტების ფულადი გზავნილები ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2 პროცენტს და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6 პროცენტს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში 2017 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, სადაც ქართველები ტრადიციულად მიდიოდნენ ხოლმე შემოსავლის საძებნელად, მხოლოდ რუსეთი რჩება. რუსეთი კვლავ პირველ ადგილზეა ამ სიაში და თითქმის 3-ჯერ აღემატება ცალკე აღებულ ყველა ქვეყანას. რუსეთიდან გზავნილებმა გასულ თვეს 39.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას (იტალიასა და საბერძნეთს), სადაც საქართველოს ყველაზე მეტი არალეგალური ემიგრანტი იმყოფება, დაახლოებით, თანაბარი მონაცემი აქვთ, კერძოდ: აშშ- 12.2 მლნ აშშ დოლარი, იტალია- 11.8 მლნ აშშ დოლარი, საბერძნეთი- 11.6 მლნ აშშ დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ისრაელიდან საქართველოში ქართველ ემიგრანტთა ტრადიციული ფინანსური გზავნილების მოცულობაკვლავ დიდია და10.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც მიმდინარე გაზაფხულს ამოქმედდა, როგორც ცნობილია, ევროკავშირში არალეგალური გზით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შემცირების ვალდებულებას გულისხმობს. ივნისის მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ჯერჯერობით ეს მოთხოვნა ნეგატიურად არ ასახულა ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებზე, ხოლო აისახება თუ არა მომავალში, ამას უახლოესი თვეები აჩვენებს.
თუმცა გზავნილები, როგორც ვიცით, მხოლოდ ერთი მხრიდან არ მოძრაობს ხოლმე და საქართველოდან თანხა ასევე გაედინება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ქვეყნიდან თანხის გადინების მაჩვენებელი, უცხოურ გზავნილებთან შედარებით, ბევრად დაბალია და ამ თვალსაზრისით საქართველო დადებით ბალანსს ინარჩუნებს. კერძოდ: ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მლნ აშშ დოლარისა (35.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.