საქართველოს ხელისუფლებების მიერ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროდაა გამოცხადებული, ისევე როგორც ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობების გაცნობა საზოგადოებისთვის. ამის მიუხედავად, კვლევამ, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფერმერთა ასოციაციის დახმარებით ჩაატარა, საკმაოდ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა ფერმერთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით.
კვლევაში წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებლებისა და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებები. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და გურია) და გამოიკითხნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებლები და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოები - სულ 500 რესპონდენტი. გამოყენებული იქნა ნახევრად სტრუქტურული კითხვარი. რესპონდენტები გამოიკითხნენ კომპიუტერის მეშვეობით ჩატარებული სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით.
კვლევის მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: რესპონდენტთა, დაახლოებით, 80 პროცენტს დასაქმებული ჰყავს 5 ან ნაკლები ადამიანი. გამოკითხული 428 ფიზიკური პირისა და მცირე საწარმოდან სულ 3-ს გააქვს ექსპორტზე საკუთარი პროდუქცია. ისინი ტრადიციული ქართული პროდუქციის - 2 ღვინის და 1 ჩაის - მწარმოებლები არიან, რაც ნიშნავს, რომ ახალი შესაძლებლობები ფერმერთა უმეტესობას, პრაქტიკულად, არ აქვს ათვისებული.
კვლევის თანახმად, ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არასაკმარისი ინფრასტრუქტურა (მათ შორის, მიწა) აგრარული პროდუქციის მწარმოებლებისთვის ორ მთავარ პრობლემად რჩება. მეცხოველეობით დაკავებულ რესპონდენტთა 1/3 აცხადებს, რომ არ სარგებლობს ვეტერინართა მომსახურებით. ამის მიზეზი როგორც ფინანსური, ისე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ არც სასაკლაოების გამოყენების ვალდებულებას ასრულებს ყველა რესპონდენტი. გამოკითხულ რესპონდენტთა თითქმის 50% არ ასრულებს DCFTA-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერების წარმოების მიმართულებით.
გამოკითხულთა უმრავლესობა (53 %) არ იყენებს ლაბორატორიულ კვლევებს, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ლაბორატორიის ტერიტორიული სიშორე და მომსახურების ფასებია.
HACCP-ის დანერგვა 2020 წლიდან სავალდებულო იქნება მეცხოველეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მწარმოებელი საშუალო და მცირე ზომის ფერმერებისთვისაც. მიუხედავად ამისა, იმ რესპონდენტთა უმრავლესობა (73 %), რომელთაც ამ სისტემის დანერგვა მოუწევთ, არ ფლობს ინფორმაციას ამ მოთხოვნების შესახებ.
რესპონდენტების 72 %-ს არ აქვს ინფორმაცია საქართველოს შეღავათიანი საექსპორტო რეჟიმების თაობაზე. მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომ ის ფერმერები, რომლებიც კოოპერატივების წევრები არიან, სხვა, კოოპერატივის არაწევრი, ფერმერებისგან განსხვავებით, არ გამოირჩევიან ზოგადი ინფორმირებულობის უფრო მაღალი ხარისხით, რაც ნიშნავს, რომ ტრენინგ და საინფორმაციო პროგრამები ამ მიმართულებითაც არასაკმარისია.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კვლევის ავტორთა აზრით, ჯერ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი ფერმერთა გასათვითცნობიერებლად, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, სრულიად აუცილებელია ახალი, ევროკავშირის ბაზრის ათვისებისათვის.