Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Fake News-ის ჩრდილომაკედონიური საიტები და აშშ-ის არჩევნები


ქალაქი ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომელიც ცნობილი გახდა „Fake News-ის“ - „ყალბი ახალი ამბების“ - გავრცელებით შეერთებული შტატების ამომრჩეველთა შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2020-ში იმავე საქმიანობას დაუბრუნდა.

ინტერნეტის მკვლევრები სტენფორდის უნივერსიტეტიდან ამბობენ, რომ "მიმდევართა მისაზიდი" ვებგვერდები ველესში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, კვლავ კონსერვატორულ ამერიკულ საინფორმაციო სააგენტოდ ასაღებენ თავს საინტერნეტო რეკლამით ფულის მოსაგებად.

Stanford Internet Observatory-ის და ამერიკული სოციალური მედიის ანალიტიკური ფირმა " Graphika-ს ანგარიშის თანახმად, მაკედონიური ვებგვერდების ოპერატორებმა შეცვალეს სოციალური მედიის მათეული სტრატეგია იმისთვის, რომ უკეთ "ამოეღოთ სამიზნედ კონსერვატორი ამერიკელები ამერიკული საინფორმაციო ვებსაიტებიდან გადმობეჭდილი ცალმხრივი შინაარსით".

მკვლევრების თანახმად, ეს ვებსაიტები ველესში კვლავ "მისდევენ ინფორმაციის გადმობეჭდვის ტრადიციას" უფრო კარგად ცნობილი ამერიკის "მემარჯვენე ფრთის შეთქმულების თეორიის" ვებგვერდებიდან.

მაგრამ მაკედონიურმა ვებგვერდებმა "2016 წლის შემდეგ დახვეწეს ტაქტიკა თავიანთი კვალის დასაფარად და იყენებენ მემარჯვენე ფრთის სოციალური მედიის პლატფორმებს, რომლებიც ნაკლები ალბათობით წაშლიდნენ ასეთ მასალებს“, დაასკვნიან ისინი.

„ყალბი ახალი ამბების“ გავრცელება



ველესი "ფეიკ ნიუსის" მსოფლიო სკანდალის ცენტრად იქცა 2016 წელს მას შემდეგ, რაც ათასობით საეჭვო ამბავი იქნა გაზიარებული ტრამპის მხარდამჭერი 100-ზე მეტი ვებგვერდის მიერ, რომლებიც ამ ქალაქში იყო დაფუძნებული.

ამ ამბებმა გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე შეერთებულ შტატებში არჩევნების წინ და, ზოგიერთების ვარაუდით, არჩევნების შედეგზეც იქონია გავლენა.

საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს თავდაპირველად ეგონათ, რომ ყალბი ახალი ამბების მრეწველობას ველესში ტექნიკურად გამჭრიახი თინეიჯერები მართავდნენ.

მაგრამ 2018 წლის გამოძიებამ, რომელიც Crime and Corruption Reporting Project-მა (OCCRP) ჩაატარა, თავის პარტნიორებთან ერთად, ველესის ინგლისურენოვანი პოლიტიკური ახალი ამბების მრეწველობის უკან მდგარი "საიდუმლო მოთამაშეები" გამოავლინა.

ველესი - პატარა ქალაქი ჩრდილომაკედონიაში
ველესი - პატარა ქალაქი ჩრდილომაკედონიაში

ამ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვებგვერდები „თვითნებურად არ აუმოქმედებიათ აპოლიტიკურ თინეიჯერებს", რომელთაც ინგლისური ენის მხოლოდ ელემენტარული ცოდნა ჰქონდათ.

"ის აამოქმედა ტრაიჩე არსოვმა, მედიის საკითხების ცნობილმა მაკედონიელმა ადვოკატმა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა მაღალი თანამდებობის ორ ამერიკელ პარტნიორთან მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არჩევნების დროს", აცხადებს OCCRP.

ცენტრმა ასევე გამოავლინა, რომ რუსეთის, სანკტ-პეტერბურგის ავადსახსენებელი "ტროლების ფაბრიკის" - ინტერნეტის კვლევის სააგენტოს (IRA) - მინიმუმ ერთი თანამშრომელი ვიზიტით იმყოფებოდა ჩრდილოეთ მაკედონიაში სამი თვით ადრე იქამდე, სანამ არსოვი დაარეგისტრირებდა ვებ-დომეინს 2015 წელს - თავისი ქვეყნის პირველ, შეერთებულ შტატებზე ორიენტირებულ, პოლიტიკურ ვებგვერდს, usapoliticstoday.com-ს.

სანკტ-პეტერბურგში ინტერნეტის კვლევის ამ სააგენტოს თანამშრომელი, ანა ბოგაჩოვა, იყო რუსების იმ ჯგუფში, რომელიც შეერთებული შტატების საგანგებო პროკურორმა, რობერტ მიულერმა, დაადანაშაულა, როდესაც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს იძიებდა.

"ტროლების ფაბრიკა" სანკტ-პეტერბურგში
"ტროლების ფაბრიკა" სანკტ-პეტერბურგში

თუმცა OCCRP-მა შეამოწმა პოსტები სოციალურ მედიაში, სამთავრობო ჩანაწერები, დომეინის სარეესტრო ინფორმაცია, "ფეიკ-ნიუსის" ვებგვერდების საარქივო ვერსიები და ვერ აღმოაჩინა ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ბოგაჩოვა ველესის ვებგვერდებთან იყო დაკავშირებული.

რადიო თავისუფლების ბალკანური რედაქციისთვის მიცემულ ბოლოდროინდელ ინტერვიუში არსოვმაც უარყო რაიმე კავშირი თავისი მხრიდან ბოგაჩოვასთან ან რუსეთთან.

ველესის ვებგვერდების ოპერატორებმა სწრაფად გაარკვიეს, რომ სკანდალური სათაურის მქონე ამბებს და საეჭვო მტკიცებულებებს უფრო მეტად სოციალური მედია უყურებდა და აზიარებდა, ვიდრე რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებები.
მათ დაიწყეს იმ ნახევრად პლაგიატური ინგლისურენოვანი ამბების გამოქვეყნება, რომლებიც სავსე იყო დაუსაბუთებელი, სენსაციური ამბებით და თავდაპირველად "მემარჯვენე ფრთის შეთქმულების თეორიის" ვებგვერდების მიერ იყო გამოქვეყნებული ამერიკაში.

Buzzfeed-ის გამოძიების მიხედვით, ველესის საიტებიდან ყველაზე ხშირად გაზიარებული ამბები "თითქმის ყველა ცრუ ან შეცდომაში შემყვანი იყო".

ჩრდილომაკედონიური ყალბი ვებსაიტი
ჩრდილომაკედონიური ყალბი ვებსაიტი

ეს ამბები მოიცავდა ცრუ ინფორმაციას სისხლის სამართლის არარსებული ბრალდების შესახებ 2016 წელს დემოკრატიული პარტიიდან ტრამპის მეტოქის, ჰილარი კლინტონის, წინააღმდეგ, ისევე როგორც გამოგონილ მტკიცებულებას იმის შესახებ, თითქოს პაპმა ფრანცისკემ მხარი დაუჭირა ტრამპის კანდიდატურას.

ველესის ვებგვერდების ოპერატორებმა ისიც შეამჩნიეს, რომ ტრამპის მომხრეები სხვა ამერიკელ ამომრჩევლებზე უფრო მეტად აზიარებდნენ "ყალბ ახალ ამბებს" და შეთქმულების თეორიებს ისე, რომ არ ამოწმებდნენ ამ ამბების სანდოობას.

ფეისბუკსა და ტვიტერზე შექმნილი ასობით ყალბი ანგარიშის გამოყენებით, ისინი უზიარებდნენ თავიანთ ბმულებს შეერთებული შტატების კონსერვატორულ ჯგუფებს, რომლებიც ამერიკული პოლიტიკის თავდადებული მომხრეები არიან, და შემოსავალს იღებდნენ რეკლამიდან ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მათ ბმულებს გახსნიდა.

სოციალური მედიის რეალური ანგარიშების ბევრი მფლობელი შეერთებულ შტატებში უგზავნიდა ამ მიმზიდველ ბმულებს თავის მეგობრებს და ამით, მისდაუნებურად, ავრცელებდა ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას მილიონობით ადამიანს შორის და ქმნიდა გამაძლიერებელ ეფექტს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მაკედონიური ვებგვერდების შემოსავალი.



ფაქტები ყალბი ცნობების წინააღმდეგ

The Election Integrity Partnership (EIP) ამერიკელ მკვლევართა ჯგუფია, რომელშიც შედიან Stanford Internet Observatory-ის სპეციალისტებიც. ისინი სექტემბრის შემდეგ მუშაობენ ინტერნეტში დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების მოძიებასა და მათი ზეგავლენის შემცირებაზე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აშშ-ში.

„2016 წელს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ჩვენი დაკვირვების მიხედვით, ვირუსულ, შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეუძლია შეამციროს საარჩევნო ბრძოლის შედეგებისა და დემოკრატიული პროცესების ინტეგრაციის მიმართ ნდობა“, აცხადებს EIP.

ფეისბუკმა და ტვიტერმა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩრდილოეთ მაკედონიის ჩარევის გამო საჩივრებს უპასუხეს სოციალურ ქსელებში არსებული ასობით ყალბი იმ ანგარიშების გაუქმებით, რომლებსაც მომხმარებლის მისაზიდად იყენებდნენ Veles-ის ოპერატორები.

სტენფორდის მკვლევრების თანახმად, მკაცრმა ზომებმა აიძულა ჩრდილოეთ მაკედონიის ამჟამად მოქმედი ვებსაიტები დაეწყოთ სხვა საშუალებების ძებნა ყურადღების მიქცევისა და რეკლამისგან შემოსავლის გაზრდის მიზნით.

სტენფორდელ მკვლევართა დასკვნით, უკეთესად „დასამალად და მომხმარებლების მისაზიდად“ მაკედონიელებმა „ყველა საშულებას მიმართეს“, რომ ამერიკელებად გაესაღებინათ თავი ახალ ამერიკულ პლატფორმაზე, სახელწოდებით Parler, რომელსაც ტრამპის მომხრეები ანიჭებენ უპირატესობას.

Parler-მა, როცა მოქმედება დაიწყო, 2018 წლის დეკემბერში თავი წარმოადგინა როგორც „სიტყვის თავისუფლების სოციალურმა ქსელმა“, „მიუკერძოებელმა სოციალურმა პლატფორმამ, რომლის მიზანია ღია დიალოგი და მომხმარებლის ჩართულობა“.

„ვიძლევით სიტყვის თავისუფლებას და არ ვუწესებთ ცენზურას იდეებს, პოლიტიკურ პარტიებს თუ იდეოლოგიებს“, აცხადებდა Parler-ი.

თუმცა მის მიმართ კრიტიკული ხმები ამბობენ, რომ Parler-ი ტვიტერისა და ფეისბუკის ალტერნატივად გადაიქცა მათთვის, ვისაც აკრძალული აქვს წვდომა მთავარ პლატფორმებზე, ან მათთვის, ვინც არ იზიარებს მათ პოლიტიკას.

Reuters-ი და ბრიტანეთში გამომავალი გაზეთი The Independent-ი იტყობინებიან, რომ Parler-ის გზით გავრცელებული ინფორმაცია ხშირად შეიცავს მემარჯვენე ექსტრემისტულ, ანტისემიტურ თუ შეთქმულების თეორიებით ნაკვებ მოსაზრებებს.

2020 წელს ტრამპის ასეულათასობით მომხრემ მიაშურა Parler-ს მას მერე, რაც ტვიტერმა და ფეისბუკმა ტრამპის ზოგიერთი ცნობის შერბილება და შეზღუდვა დაიწყეს იმის გამო, რომ ისინი არღვევდნენ მათ პოლიტიკას სიძულვილის ენის გამოყენებისა და სამოქალაქო პასუხიმგებლობის მხრივ.

Parler-ი ახლა ამტკიცებს, რომ მას ჰყავს ოთხი მილიონი მომხმარებელი, რომელთა შორის არიან აშშ-ის რესპუბლიკელი კანონმდებლები, ასევე ტრამპის ცნობილი მოკავშირეები Fox News-დან.

თუმცა Politico იტყობინება, რომ არსებობს საფრთხე, Parler-ი გადაიქცეს მემარჯვენე ფრთის სოციალური მედიის ერთგვარ „ექოკამერად“, ამერიკის პოლიტიკური სპექტრის სხვა ნაწილის რამდენიმე ცნობილ მომხმარებელთან ერთად.

სტენფორდის მკვლევრების ფიქრობენ, რომ ამან Parler-ი აქცია იდეალურ პლატფორმად ახალი თაობის ვებსაიტებისთვის, რომლებიც შეიქმნა ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ ველესში და რომლებიც ცდილობენ გაავრცელონ მომხმარებლის მისაზიდი - „კლიკბეიტის“ ტიპის - წარსულში წარმატებული ბმულები. მათ თანახმად, „ყალბი ახალი ამბების“ მაკედონიური საიტები „ახერხებენ მოაგროვონ მომხმარებლის მნიშვნელოვანი რაოდენობა“ იმით, რომ ფლობენ ოპერატორის ანგარიშებს Parler-ზე, რომელსაც ასეულათასობით ხელმომწერი ჰყავს.


უარი მეინსტრიმულ მედიას

სტენფორდის მკვლევრებმა განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმეს ჩრდილოეთმაკედონიურ ვებსაიტს, სახელწოდებით „უარი მეინსტრიმულ მედიას“ (Resist The Mainstream).

მათი თქმით, ეს საიტი ახალი ამბების სტანდარტული საიტია აშშ-ში. მითითებულია საფოსტო მისამართი ოსტინში, ტეხასის შტატში; აღნიშნულია, რომ ის არსებობს იმ ინფორმაციის გასავრცელებლად, რომელსაც არ აწვდის მომხმარებელს მეინსტრიმული მედია.

სტენფორდის კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა დაადგინეს, რომ Resist The Mainstream-ი იმართება ჩრდილოეთ მაკედონიიდან, ველესიდან, ორი ადამიანის მიერ, რომლებიც ქმნიან ვირუსულ ამბებს და რეკლამიდან იღებენ შემოსავალს სარეკლამო სამსახურების, InfoLink-ისა და Google Analytics-ის გზით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ამბების ნახვის რაოდენობას, ასევე ითვლიან მაუსის დაწკაპუნების რაოდენობას.

ოსტინში მითითებული მისამართი ეკუთვნის საფოსტო გადაგზავნის ვირტუალურ სამსახურს, ParcelPlus-ს, რომელიც მომხმარებელს საერთაშორისი საფოსტო სამსახურს სთავაზობს, აცხადებენ სტენფორდის ექსპერტები.

ამგვარად, ოპერატორებს მაკედონიაში შეუძლიათ მიიღონ ფოსტა ვითომ აშშ-ში ისე, რომ სახლიდან არც კი გავიდნენ. ეს ერთობ საჭიროა მათი ვებსაიტის მიმართ ნდობის ზრდისა და სოციალური ქსელების პლატფორმებზე მათი ვინაობის შესამოწმებლად.

სტენფორდის კიბერუსაფრთხოების მკვლევრები, ამასთან, გვამცნობენ, რომ Resist The Mainstream-ს აქვს ასევე ერთობ აქტიური ანგარიში, სახელწოდებით DonaldTrumpTweets-ი, რომელსაც 400 ათასი ხელმომწერი ჰყავს. ჩრდილოეთმაკედონიური ყალბი საიტის, DonaldTrumpTweets-ის, ათასობით პოსტი იღებს ასობით გამოხმაურებას და აისახება 50 ათასჯერ Parler-ის მომხმარებელთა მიერ.

სპეციალისტების დასკვნით, ამ ანგარიშზე პოსტებს მხოლოდ ორი წყარო აქვთ: დონალდ ტრამპის ტვიტები და სტატიები Resist The Mainstream-იდან. ამ ვებსაიტების მფლობელები წარმატებას და მომხმარებლის მიზიდვას ახერხებენ იმით, რომ შინაარსს ტრამპის ტვიტების სახით სთავაზობენ მათ.

რადიო თავისუფლებამ სცადა დაჰკავშირებოდა Resist The Mainstream-ის ოპერატორებს ველესში მათ საიტზე გამოქვეყნებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. საიტის მიერ გავრცელებულ რეკლამაში „გვესაჭიროება დახმარება“ ჩრდილოეთ მაკედონიაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ასევე არავის უპასუხია.

ჩრდილომაკედონიური ყალბი ვებსაიტები
ჩრდილომაკედონიური ყალბი ვებსაიტები

ველესის „ყალბი ახალი ამბების“ მრეწველობის ნათლიად იწოდება არსოვი, რომელსაც რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, ვინ განაგებს ვებსაიტ Resist The Mainstream-ს. „თქვენს სტატიაში ნახსენებ ხალხს მე არ ვიცნობ“, უთხრა ჩვენს კორესპონდენტს მან, თუმცა ამტკიცებდა, რომ ველესის ყველა ინგლისურენოვანი პოლიტიკური ვებსაიტი ადრეც და ახლაც შეიქმნა იმის გამო, რომ ფინანსური ინტერესი დაინახეს საქმეში.

„ველესში არავინ იცის ამერიკის რეალური პოლიტიკის შესახებ იმდენად, რომ ყალბი პოლიტიკური ამბები შექმნას“, ამბობს არსოვი. „ ყალბი ამბების შესაქმნელად საჭიროა რეალური ამბების ცოდნა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამერიკელებს თევზის მსგავსი მეხსიერება ჰქონიათ და აღარ ახსოვთ 2016 წელს რა ეწერა აქ ყალბი ახალი ამბების გარშემო“.

„ახლა ყალბი ახალი ამბები აქ აღარაა,“ ამტკიცებს არსოვი, რომელმაც შეწყვიტა სტატიების გამოქვეყნება თავის usapoliticstoday.com-ზე 2017 წელს და ერთი წლის შემდეგ შექმნა ახალი, usapoliticstoday.org. „სხვების სტატიების კვლავ გამოქვეყნების მიღმა მხოლოდ ფინანსური ინტერესია“, ამბობს ის და უარყოფს, რომ ისინი ყალბ ახალ ამბებს ქმნიან, თუმცა აღიარებს, რომ მისი, ასევე სხვა ვებსაიტები გადმობეჭდავდნენ ხოლმე შეცდომაში შემყვან ახალ ამბებს და შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებულ ცნობებს. „ეს იყო მხოლოდ აშშ-ის კონსერვატული ვებსაიტებიდან გადმობეჭდილი მასალების კვლავ გამოქვეყნება და ეს არ წარმოადგენს ჩრდილოეთ მაკედონიის კანონის დარღვევას“, ამბობს არსოვი.

XS
SM
MD
LG