ავსტრიელი მემარცხენე ლიბერალის წარმატება საპრეზიდენტო არჩევნებში და იტალიაში მემარცხენე ცენტრისტის მარცხი რეფერენდუმში ბოლო კვირის ევროპის პოლიტიკური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბები იყო.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი გადადგა. მისი ინიციატივით გამართულ რეფერენდუმში, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმის ბედი უნდა გადაეწყვიტა, პრემიერი დამარცხდა. რეფორმებით რენცის სურდა მთავრობის გაძლიერება და დამატებითი უფლებამოსილების მოპოვება, რათა ეკონომიკური რეფორმები გაეტარებინა. რენცის იდეას მიემხრო 44 პროცენტი, მისი წინააღმდეგი 56 პროცენტი აღმოჩნდა. მარცხის პირობა გადადგომა იყო. მოცულობით ევროპის მესამე ეკონომიკას, იტალიას, კრიზისი წლების განმავლობაში ემუქრებოდა. ქვეყანა დიდ ვალებშია და რენცის მიზანიც ის იყო, რომ რეფორმის მეშვეობით მთავრობას ეკონომიკა საკუთარი ნება-სურვილით წარემართა. ამ ვითარებაში, როცა რენცი გადადგა და იტალია პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოიცვა, საგონებელში არიან იტალიის ბანკები. არავინ უწყის, ისურვებენ თუ არა ინვესტორები ამ ბანკებში ახალი ფულის ჩადებას. მიმომხილველები მოელიან, რომ, საბოლოო ჯამში, აქაც სახელმწიფო ჩაერევა და უშველის ბანკებს. ორი მთავარი საფინანსო ინსტიტუტი - „მონტე დეი პასკი დი სიენა“, მსოფლიოს უძველესი ბანკი, და „უნი კრედიტი“, ერთ-ერთი უდიდესი ბაკნი ევროპაში - განსაცდელშია მევალეების უუნარობის გამო, დაუბრუნონ მათ ვალები. ტოსკანაში მე-15 საუკუნეში დაარსებული ბანკის მიერ გაცემული კრედიტების 40 პროცენტის დაბრუნებას საფრთხე ემუქრება. ნაწილობრივ ასევეა „უნი კრედიტის“ საქმეც. ბანკებისთვის შველა ხარჯების ზრდას, ხალხისთვის სასარგებლო პროექტებზე ურის თქმას ნიშნავს. იტალიის მოსახლეობამ ეს საფრთხე რომ იგრძნო, ამიტომაც არ ისურვა მთავრობისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება. რეფერენდუმი ითვალისწინებდა, ასევე, სენატისა და რეგიონების უფლებების შეზღუდვას. „’არას’ მომხრეებმა გაიმარჯვეს უჩვეულოდ დამაჯერებლად. უკვე მივულოცე ‘არა’ კამპანიის ლიდერებს. იმედი მაქვს, წარმატებით იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, იტალიისა და იტალიელებისთვის“, - თქვა რენციმ და ამით თავისი მარცხი აღიარა. მივულოცეო, რომ თქვა, გულისხმობდა ოპოზიციას, მათ, ვინც საკონსტიტუციო რეფორმას არ ემხრობოდა. ახლა არა მხოლოდ რენცის, დანარჩენ მსოფლიოსაც იმის იმედიღა აქვს, რომ ოპოზიცია სწორი მიმართულებით ივლის. რას ნიშნავს ეს სწორი მიმართულება, გამოჩნდება.
იტალიის როლზე ილაპარაკა ნატოში ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა:
„მე სიამოვნებით ვმუშაობდი პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან ერთად. მასთან კარგად ვთანამშრომლობდით ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად სამხრეთში, ასევე, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, თუმცა, ასევე, ნატოს კურსის მხარდასაჭერად აღმოსავლეთში რუსეთის უფრო აგრესიული ქმედების საპასუხოდ“.
სტოლტენბერგისა არ იყოს, რენცისთვის კეთილი სიტყვა არც რუსეთმა დაიშურა. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, არ არის საკმარისად დაფასებული რენცის წვლილი იტალიისა და რუსეთის ურთიერთობაში რთულ პერიოდშიო. რენცი რუსეთთან დიალოგის მომხრე იყო და სანქციების შერბილებას უჭერდა მხარს. ერთმა ბრიუსელელმა დიპლომატმა, რომელიც არ არის მედიასთან ლაპარაკისთვის უფლებამოსილი, რადიო თავისუფლებას უთხრა ისე, რომ ვინაობა არ გაუმხელია, რენცის გადადგომა რუსეთისთვის სანქციების ვადის გაგრძელებას გააიოლებსო. იტალიაში სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსის მარცხმა შეიძლება გაზარდოს ევროპის კავშირის მოწინააღმდეგეთა - მათ შორის, კომედიური მსახიობისა და ბლოგერის, ბეპე გრილოს, „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობის - პოპულარობა. გრილოს სურს რეფერენდუმი არა ევროკავშირის, არამედ ევროზონის დატოვების შესახებ, რაშიც მას ბევრი მემარცხენე და მემარჯვენე იტალიელი უჭერს მხარს. ჯუდი დემპსი ევროპის კარნეგის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსია. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რეფორმების ვერგატარება იტალიის ეკონომიკისთვის უკან გადადგმული ნაბიჯიაო:
„იტალიის ეკონომიკა ვერ ვითარდება, ერთობ მაღალია უმუშევრობა, ბიუროკრატია და მოქმედების უუნარობა ტანჯავს იტალიას. პრემიერ რენცის სურდა აღმასრულებელი ხელისუფლება გაეძლიერებინა, რათა რეფორმები გატარებულიყო. ორი მიზეზი ჰქონდა იმას, თუ რატომ აღუდგნენ მას წინ. პირველი: ზოგიერთებს ეგონათ, რომ პრემიერი ზედმეტად დიდ ძალაუფლებას მოიპოვებდა. და არის კიდევ ერთი მიზეზი - ისტებლიშმენტის საწინააღმდეგო ძალები და ევროკავშირის მოწინააღმდეგეები“.
იტალიის მოვლენებმა საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დიდი ძვრები ვერ გამოიწვია იმის გამოც, რომ ამ კვირაში გაიმართა სხვა კენჭისყრა - ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - და მისი შედეგი ევროპის სტაბილურობის ნიშნად აღიქვეს. მემარცხენე ლიბერალმა, მწვანეთა პარტიის ყოფილმა ლიდერმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, მოუგო კენჭისყრა მემარჯვენე პოპულისტურ „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ კანდიდატს, ნორბერტ ჰოფერს.
„რამდენიმე მიზეზით არის ეს დღე ისტორიული ავსტრიისთვის. პირველად მოხდა, რომ საპრეზიდენტო კენჭისყრა გამეორდა. და ეს არ იყო მხოლოდ გამეორება. სინამდვილეში, ეს ახალი არჩევნები იყო, რადგან პირობები შეიცვალა. ჩვენს გარშემო სამყარო შეიცვალა. დიდ ბრიტანეთში ბრექსიტი გვქონდა, აშშ-ში კი დონალდ ტრამპი აირჩიეს და სხვა. ექვს თვეში ბევრი რამ მოხდა“, თქვა გამარჯვებულმა ვან დერ ბელენმა, რომელმაც პირობა დადო, ავსტრიის ლიბერალი, პროევროპული პრეზიდენტი ვიქნებიო.
წინა ტურში, 22 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლომ დარღვევების გამო შედეგები გააუქმა. ამომრჩეველთა აქტიურობა ამჯერადაც მაღალი იყო და მან სამოცდაათ პროცენტს გადააჭარბა. ვან დერ ბელენმა მეტოქეს ექვსი პროცენტით აჯობა. აღსანიშნავია, რომ მას ქალებმა გაამარჯვებინეს. ავსტრიელ კაცთა უმეტესობამ ხმა მისცა „თავისუფლების პარტიის“ კანდიდატს, ჰოფერს. პარტიის თავმჯდომარემ, ჰაინც ქრისტიან შტრახემ, სოციალურ ქსელში დაწერა: „2017 წელი „თავისუფლების პარტიის“ წელი იქნება, ჩვენი დრო მოვა!“