გორში დღეს, 8 მაისს, ევროპის დღის აღნიშვნა დაიწყო. ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში საზოგადოებას არაერთ ღონისძიებას შესთავაზებს. ორდღიანი კამპანიის მიზანი დემოკრატიულ ღირებულებათა შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამ ფასეულობების ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებაა. საინიციატივო ჯგუფმა ამ იდეას შარშან ჩაუყარა საფუძველი. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში დუმილი და უმოქმედობა საქართველოს დემოკრატიულ ინტერესებს აზიანებს. ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიულ ღირებულებათა გავრცელებას და მოქალაქეთა კონსოლიდაციის ხელშეწყობას ჰუმანური ფასეულობების ირგვლივ. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნინო დალაქიშვილი, მიიჩნევს, რომ სტერეოტიპი გორის სიწითლისა და სტალინის სიყვარულის შესახებ ყოველწლიურად იმსხვრევა, რადგან ამ ქალაქში ბევრი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც პროგრესს მხარს უჭერენ.
საინიციატივო ჯგუფი დიდი ხანია „თავისუფლების ქარტიის“ შესახებ კანონის პრაქტიკულ ამოქმედებასა და ტოტალიტარული სიმბოლიკის განსაზღვრას ითხოვს. ამისათვის მათ არაერთხელ მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს პარლამენტს, მაგრამ ამ დრომდე არ შეკრებილა სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატიც შეაწუხეს და მისგან ელოდებიან პასუხს. როგორც ცნობილია, კომისიაში წარმომადგენლები მმართველმა პარტიამაც უნდა დანიშნოს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი, კატო ქოთოლაშვილი, ფიქრობს, რომ აუცილებელია კომისიამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოქმედება, რადგან გორში სულ უფრო ხშირად ჩნდება ტოტალიტარიზმის სიმბოლოები და სახელმწიფომ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს.
დღეს გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შეხვდნენ და ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრნენ. სავიზო ლიბერალიზაციისა და ქვეყნისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე დისკუსია გაიმართა. ხვალ, 9 მაისს, ევროპის დღის ფარგლებში, გაიმართება ფორუმი, სახელწოდებით „ევროინტეგრაცია - გამოწვევები და პერსპექტივები“. ფორუმის პარალელურად გორის უნივერსიტეტის შენობაში მოეწყობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „„ცივი ომი - მიზეზები, ისტორია და შედეგები“. საღამოს კი გორის თეატრის წინ ჩატარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზ და როკბენდები. პარალელურად, ქალაქში საბჭოთა დროშებით კვლავ გამოვლენ კომუნისტები და სტალინისტები, რომლებიც საბჭოთა დიქტატორის ძეგლის დადგმას მოითხოვენ.