Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეუთოს მედიაკონფერენციის ფოკუსში


თბილისში მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის რიგით მეათე მედიაკონფერენცია, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისის მიერაა ორგანიზებული და მას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მედიაორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციაზე საუბარი შეეხება მედიის თავისუფლების პრობლემებს, საკანონმდებლო ხარვეზებს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას და მედიის თვითრეგულირების მექანიზმებს. კონფერენცია 2-დღიანია.

„მედიის თავისუფლების თაობაზე ეუთოს ვალდებულებების გააზრება“ - ასეთია 2- დღიანი კონფერენციის სახელწოდება, რომელიც მეათე სამხრეთ კავკასიური მედიაკონფერენციის ფარგლებში იმართება თბილისში. კონფერენციის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები მედიის სფეროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

საქართველოსთან მიმართებით ერთ-ერთი მთავარი სამსჯელო თემა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ შექმნილი ვითარებაა ხელისუფლების შეცვლისა და მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების ფონზე. როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ აღნიშნა, სწორედ ამ თემაზე აპირებს ყურადღების გამახვილებას კონფერენციაზე. კერძოდ, მისთვის მიუღებელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევის ვადასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. მაუწყებლის შესახებ კანონი, რომელიც ზაფხულში დაამტკიცა პარლამენტმა, იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა იმისათვის, რომ არ შეიქნას კრიზისი საბჭოს ფუნქციონირების მხრივ, ნოემბრიდან კანონში კიდევ ერთი ცვლილება უნდა შევიდეს - საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, თუმცა, ემზარ გოგუაძის სიტყვებით, კრიზისი სამეურვეო საბჭოში თავად ხელისუფლებამ შექმნა ზეწოლის გზით, რის გამოც საბჭო 2-მა წევრმა დატოვა:

წელს არის ის წელი, განსხვავებით ყველა წინა წლისგან, როდესაც ჩვენ ყოველთვის პროგრესს ვაფიქსირებდით მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, რეფორმების განხორციელების კუთხით. ამჯერად მოგვიწევს საუბარი იმ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შეეხება პრაქტიკულად კანონის აღსრულებას როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ასევე აჭარის ტელევიზიის ფონზე...
ჩიორა თაქთაქიშვილი
„უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს თავისი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად დასჭირდა ეს, რამდენადაც ეს სამეურვეო საბჭო, როგორც ჩანს, საკმაოდ არაკომფორტულია პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფისთვის და მათ სურვილი აქვთ უფრო კომფორტული სამეურვეო საბჭო მოიყვანონ, როგორ კომფორტულ მენეჯმენტსაც შეჩვეულები და დაჩვეულები არიან ‘საზოგადოებრივ მაუწყებელში’“.

საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს საპარლამენტო უმცირესობაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი მედიაგარემოზე საუბრისას შენიშნავს, რომ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირებულია:

„ძალიან სამწუხაროა, რომ წელს არის ის წელი, განსხვავებით ყველა წინა წლისგან, როდესაც ჩვენ ყოველთვის პროგრესს ვაფიქსირებდით მედიის თავისუფლების თვალსაზრისით, რეფორმების განხორციელების კუთხით. ამჯერად მოგვიწევს საუბარი იმ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც შეეხება პრაქტიკულად კანონის აღსრულებას როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ასევე აჭარის ტელევიზიის ფონზე. ასევე ყურადსაღებია პრემიერ-მინისტრის არაერთგზის გამოთქმული მუქარა „რუსთავი 2-ის“ მფლობელობის საკითხთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის კომპონენტები, რომელთა გამოც ძალიან ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში, შარშანდელთან შედარებით, არის აშკარად და ძალიან მნიშვნელოვნად გაუარესებული გარემო მედიის თავისუფლების თვალსაზრისით“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება და ეს გაკეთდა იმისათვის, რომ არანაირი ფორმით ხელი არ შეშლოდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობას და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფუნქციონირებას“.

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, პირიქით, მაუწყებლის მუშაობის შეფერხებისა და კრიზისის თავიდან აცილების მექანიზმად მიაჩნია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს:

ამ ეტაპზე თვალს ვადევნებ იმ პროცესებს, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი კანონის ირგვლივ ვითარდება, ასევე ბევრ სხვა პროცესებს, რომელიც მედიის თავისუფლებას უკავშირდება ამ და სხვა ქვეყნებში...
დუნია მიტოვიჩი
„რამდენიმე მეურვემ დატოვა საბჭო თავისი ნებით და ამის გამო შევსება არ ხდება, იმიტომ რომ კანონი, გარდამავალი დებულებით, უნდა ამოქმედდეს პირველი იანვრიდან. შესაბამისად, გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. საბჭოს აქვს ფინანსური კრიზისი. ასევე ვერანაირად ვერ ახერხებენ დირექტორის არჩევას, იმიტომ რომ არ არის მეურვეების საკმარისი რაოდენობა. შესაბამისად, საბჭო იანვრამდე პარალიზებულია. ამან გამოიწვია ის, რომ უნდა გადმოიწიოს სამეურვეო საბჭოს ფორმირების ვადამ, ანუ ახალი მეურვეების აყვანის ვადამ, ნოემბრის ბოლოსთვის“.

რაც შეეხება მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის, პოზიციას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მან ის ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოხატა, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი მისწერა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ცვლილების პროექტი, რომელიც არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მუშაობის უფრო მეტი ტრანსპარენტულობისა
და პლურალიზმის გარანტიას იძლევა. ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში საკანონმდებლო ცვლილების ნაკლზეც მიუთითებდა და დასძენდა, რომ „საკანონმდებლო ცვლილების პროექტში ახალ სამეურვეო საბჭოს დანიშვნამდე არასაკმარისად არის განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დებულებები. ფორმულირება უნდა იყოს ისეთი, რომ ხელი შეეწყოს გარდამავალ პერიოდში მაუწყებლობის სრულყოფილ ფუნქციონირებას“.

დუნია მიატოვიჩი ამბობს, რომ ის კონფერენციის დასრულების შემდეგ ისაუბრებს საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ უფრო დეტალურად:

„ამ ეტაპზე თვალს ვადევნებ იმ პროცესებს, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი კანონის ირგვლივ ვითარდება, ასევე ბევრ სხვა პროცესებს, რომელიც მედიის თავისუფლებას უკავშირდება ამ და სხვა ქვეყნებში. ეს მხოლოდ დასაწყისია. ვაპირებ შევხვდე მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოში. ჩემი ვიზიტის დასასრულს კი, ოთხშაბათს, ვგეგმავ პრესისთვის განცხადების გაკეთებას. წარმოვადგენ ჩემს ხედვას, თუ რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ მედიის თავისუფლების განვითარებისთვის. რაც ახლავე შემიძლია ვთქვა და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მე დავინახე მტკიცე პოლიტიკური ნება შეიცვალოს ბევრი რამე უკეთესობისკენ“.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესაც, რომელიც თბილისში მიმდინარე კონფერენციის გახსნასაც დაესწრო. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მან მოისმინა მიატოვიჩის შენიშვნები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით და ის ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებს. საერთოდ კი, ამბობს მაია ფანჯიკიძე, ის ცვლილებებს მაუწყებელთან დაკავშირებით არ იცნობს და ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება არ ერევა მედიის საქმიანობაში.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG