Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ისევ გაათავისუფლეს


6 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს, უნდობლობა გამოუცხადა და ის თანამდებობიდან გადააყენა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა ურთიერთბრალდებების მთელი სერია და საკმაოდ მწვავე დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს შორის. როგორ აფასებენ მომხდარს ექსპერტები, რა იკვეთება ხილული პროცესების მიღმა და რა როლს ასრულებს ამ სიტუაციაში პოლიტიკა?

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი გასულ კვირაში დაიწყო და 6 სექტემბერს, დღის პირველ ნახევარში, რამდენიმესაათიან სხომაზე დააგვირგვინა. გენერალური დირექტორის გადაყენების მიზეზები მედიას საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ განუმარტა:

”ეს იყო ფინანსური საკითხები, გადაცემის აღწერილობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ვერ მოგვაწოდა გენერალურმა დირექტორმა, არ ახლდა ფინანსური დასაბუთება... დაგროვდა პრობლემები, რომლებსაც ძალიან რთულ შედეგებამდე შეიძლება მიეყვანა საზოგადოებრივი მაუწყებელი”.

ახალ სატელევიზიო სეზონთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ემზარ გოგუაძემ ჩამოთვალა, უფრო ფართოდ და დეტალურად არის ასახული მიმოწერაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე ვხვდებით. ბრალდებებს ემატება ისიც, რომ მენეჯმენტი არ თანამშრომლობდა სამეურვეო საბჭოსთან.

28 აგვისტოს საპასუხო წერილში მენეჯმენტი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბორდი კრიზისის გამოწვევას შეგნებულად ცდილობს. 6 სექტემბერს თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი ბარათაშვილი პოლიტიკურ ზეგავლენებზე ლაპარაკობდა:

”ასეთი გადაწყვეტილებები წინასაარჩევნოდ ტყუილად არ ხდება, მე ამაში ვხედავ პოლიტიკურ მხარეს... ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ბორდი „ნაციონალური მოძრაობის” დაკომპლექტებულია“.

გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებამ უკმაყოფილო დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც 3 სექტემბერს საგანგებო წერილით მიმართა სამეურვეო საბჭოს და უნდობლობის გამოცხადების გადავადება სთხოვა. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისთვის გადამწყვეტ ეტაპზე დესტაბილიზაციის გამოწვევით, საბჭო დაადასტურებდა პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს.

ტელევიზიაში, რომელიც ახალი გენერალური დირექტორის პირობებში პრაქტიკულად მთლიანად გადავიდა „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში, დარჩა ბორდი, როგორც ერთგვარი კუნძული „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც ჯერ ისევ ცდილობს, რომ მისი გავლენა არ დაიკარგოს ამ არხზე. სამწუხაროდ, ტელევიზიის განვითარებაზე და მის აბსოლუტურ დეპოლიტიზაციაზე არც ერთი მხარე არ ფიქრობს...
ნინია კაკაბაძე
ბევრისთვის უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ თავის დროზე გიორგი ბარათაშვილი სწორედ იმავე საბჭოს მიერ არის არჩეული, რომელმაც ის ახლა თანამდებობიდან გადააყენა და თანაც - ეს უკვე მეორედ მოხდა. პირველად ეს ნაბიჯი საბჭომ მარტში გადადგა, თუმცა სასამართლომ ბორდის გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და გიორგი ბარათაშვილი გენერალური დირექტორის პოსტს კვლავ დაუბრუნდა აპრილში. თუკი წინასწარი შეფასებებით ვიმსჯელებთ, შესაძლოა ამჯერადაც კანონდარღვევასთან გვქონდეს საქმე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამ საკითხს შეისწავლის და დასკვნასაც გამოაქვეყნებს, მაგრამ, როგორც ორგანიზაციის იურისტის გიორგი გოცირიძის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებული კომენტარი გვატყობინებს, საბჭოს წევრებს შორის გამოიკვეთა ხმის მიცემა მინდობილობის გამოყენებით, რაც ეწინააღმდეგება ”მაუწყებლობის შესახებ კანონს.” გადაწყვეტილებას გიორგი გოცირიძე სამარცხვინოს უწოდებს.

სამეურვეო საბჭოს 6 სექტემბრის გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და სამართლიანობის თვალსაზრისით შეფასებისგან თავს იკავებს მედიაექსპერტი ნინია კაკაბაძე, მაგრამ ჩვენთან საუბრისას დარწმუნებით აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარბიელზე ერთმანეთს ორი ძალის პოლიტიკური ინტერესები დაუპირისპირდა:

”ტელევიზიაში, რომელიც ახალი გენერალური დირექტორის პირობებში პრაქტიკულად მთლიანად გადავიდა „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში, დარჩა ბორდი, როგორც ერთგვარი კუნძული „ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც ჯერ ისევ ცდილობს, რომ მისი გავლენა არ დაიკარგოს ამ არხზე. სამწუხაროდ, ტელევიზიის განვითარებაზე და მის აბსოლუტურ დეპოლიტიზაციაზე არც ერთი მხარე არ ფიქრობს. ვნახოთ, რა მოხდება აწი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ნათელია”.

აი, ასეთ გაუგებარ ვითარებაში სამეურვეო საბჭო იქცევა ზღვაში დაკარგული გემივით, რადგანაც მან არ იცის სხვანაირი მართვა. მან იცის მართვა მხოლოდ პოლიტიკური დიქტატის პირობებში...
ზვიად ქორიძე
განსხვავებული მოსაზრება აქვს მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს. ის თვლის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენების მიღმა პოლიტიკური ინტერესების ამჟამინდელ ზეგავლენაზე მეტად ძველად მოქმედი მართვის სტილით გამოწვეული არაჯანსაღი პროცესები შეინიშნება. ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ არაპროფესიონალმა სამეურვეო საბჭომ მოქმედების კომპასი დაკარგა და დაიბნა, რადგან ძლიერი ზეგავლენის ბერკეტებს ახლა არც „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს და არც „ქართული ოცნება“:

”აი, ასეთ გაუგებარ ვითარებაში სამეურვეო საბჭო იქცევა ზღვაში დაკარგული გემივით, რადგანაც მან არ იცის სხვანაირი მართვა. მან იცის მართვა მხოლოდ პოლიტიკური დიქტატის პირობებში და მგონია, რომ დღეს ის პოლიტიკურ დიქტატს ვერ იღებს ისე, როგორც საჭიროა, და მოქმედებს ასე გზააბნეულად”.

”მაუწყებლის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა 2014 წლის იანვრიდან უნდა დაკომპლექტდეს და ზვიად ქორიძე თვლის, რომ პრობლემების მოსაგვარებლად პროცესი საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს. ნინია კაკაბაძე კი დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არაფერი გამოსწორდება მანამდე, ვიდრე ხელისუფლება შესაბამის პოლიტიკურ ნებას არ გამოხატავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ყოფილი პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე შეასრულებს. გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ათი დღის ვადაში გამოცხადდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG