ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასაწყისში მხარეების წარმომადგენლებმა სანკტ- პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს სამძიმარი გამოუცხადეს. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.
მოლაპარაკების დროს ცნობილი გახდა, რომ სოფელ ბერშუეთთან ადგილობრივი მცხოვრები 45 წლის ალექსანდრე გელიაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გელიაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მას ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს. ერთ-ერთი თვითმხილველის, სოფელ ბერშუეთის მცხოვრებ ხვიჩა ბერიანიძის, განცხადებით, ალიკა გელიაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისივეინფორმაციით, სამმა მესაზღვრემ, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და გელიაშვილი დააკავეს.
ერგნეთის 76 -ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა ცხინვალის ციხიდან გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება. გიუნაშვილს ცხინვალის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა ტერორისტულ-დივერსიული საქმიანობის ბრალდებით მიუსაჯა, თუმცა ქართული მხარე ამ ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის, თქმით, ერთადერთი პოზიტივი ამ საქმეში ის არის, რომ ოჯახის წევრებს ციხეში გიუნაშვილის მონახულების საშუალება მიეცათ.
გიორგი გიუნაშვილის ძმა, რევაზ გიუნაშვილი, აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ციხიდან გიორგის გათავისუფლებაა, ძმის მდგომარეობასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ის ნაცემია.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, დავით სანაკოევი, ერგნეთის შეხვედრაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, მინდვრებში გახშირებული ხანძრების გამო ღობეებსა და მავთულხლართებთან ახალ თხრილებს გააკეთებენ. გარდა ამისა, ოსური მხარე კვლავ გააგრძელებს ბანერებისა და მავთულხლართების დამონტაჟებას. სანაკოევი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ყურადღებით იყვნენ სასაზღვრო ზონაში, რადგან საზღვრის გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობა დაისჯება.
სანაკოევის განცხადების პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, კახაბერ ქემოკლიძემ, განაცხადა, რომ ადამიანების უფლებას თავისუფლად გადაადგილდნენ სწორედ უკანონოდ აღმართული ღობეები და მავთულხლართები არღვევს. შეხვედრაზე გაირკვა, რომ აღდგომის დღეებში იძულებით გადაადგილებული პირები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ნათესავების საფლავებისა და სალოცავების მონახულების უფლებით ვერც წელს ისარგებლებენ. 9 წელია ქართული მხარე ამ საკითხს აყენებს, მაგრამ ოსური და რუსული მხარე ყოველთვის უარს ამბობს და მიზეზად უსაფრთხოების არარსებობას ასახელებს.
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა სოფელ ერგნეთში 11 მაისს გაიმართება.