Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ერგნეთის ბაზრობა” იხსნება?


ერგნეთის ბაზრობა 2011 წ.
ერგნეთის ბაზრობა 2011 წ.

მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიების მომიჯნავე რეგიონებში - სამეგრელოსა და შიდა ქართლში -თავისუფალი ეკონომიკური ზონები უნდა შეიქმნას. საუბარია ერგნეთის ბაზრობის მსგავს ცენტრებზე, თუმცა გეგმის კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე არ სახელდება. დაინტერესდებიან თუ არა ოსები და აფხაზები ასეთი ინიციატივით და რამდენად ხელს აძლევს რუსეთს ნდობის აღდგენა ხალხებს შორის?

საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრების ამოქმედებას ითვალისწინებს ამ რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელსაც მთავრობა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დაამტკიცებს. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ინიციატივა წარმოიშვა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მუშაობის პროცესში და მიზნად ისახავს დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენას ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის. დეტალების დამუშავება საპარტნიორო ფონდს დაევალა.

ინიციატივა, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უკვე მსჯელობისა და კამათის საგნად იქცა. ივლება პარალელები წინა ხელისუფლების მიერ დახურულ ერგნეთის ბაზრობასთან, რომელსაც ასევე არაერთგვაროვან შეფასებებს აძლევენ. თუკი ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისთვის ის კვლავაც მხოლოდ შავ ხვრელსა და უკანონო ვაჭრობასთან ასოცირდება, „ქართულმა ოცნებამ“ ერგნეთის ბაზრობის ხელახლა გახსნის საკითხი წინასაარჩევნო დაპირებადაც კი აქცია.

მაშინდელი დაინტერესებული მხარეების უყურადღებობის პირობებში, ხალხმა თვითონ მოახერხა და კონფლიქტი განმუხტა საყოფაცხოვრებო დონეზე და ეს ცალსახად, ხელაღებით, დაუდევრად იქნა მოსპობილი...
ქეთი ციხელაშვილი

ვიდრე სახელმწიფო სამსახურში მივიდოდა, ქეთი ციხელაშვილმა, როგორც მკვლევარმა, ეს თემა საფუძვლიანად შეისწავლა. ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებული მანკიერებების მიუხედავად, ის ფიქრობს, რომ ერგნეთის ბაზრობა თავის თავში უდიდეს საშვიდობო პოტენციალს მოიცავდა, რაც სწორად უნდა ყოფილიყო გამოყენებული:

”მაშინდელი დაინტერესებული მხარეების უყურადღებობის პირობებში, ხალხმა თვითონ მოახერხა და კონფლიქტი განმუხტა საყოფაცხოვრებო დონეზე და ეს ცალსახად, ხელაღებით, დაუდევრად იქნა მოსპობილი. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან არასწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიზების ხარისხი ახლა კიდევ უფრო მაღალია რუსული ოკუპაციის პირობებში და ამიტომ ბევრი დამატებითი გამოწვევა ჩნდება. მაგრამ გრძელვადიანად, ცხადია, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და კონკრეტული შესაძლებლობების გაჩენას ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სახელმწიფო ხედვაში”.

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ერგნეთის ბაზრობის ტიპის ცენტრთა ამოქმედებას მხოლოდ მიესალმება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში თემურ გიორხელიძე. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, სამშვიდობო რესურსი დიდია და, პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ამ სივრცის გაკონტროლება არცთუ ისე რთული საქმე იქნება:

”ადამიანები უფრთხილდებიან მხოლოდ ისეთ ურთიერთობებს, რომლებსაც მოაქვთ სარგებელი და საქმიანი ურთიერთობით არ შეიძლება ერთმანეთს ზიანი მიაყენონ. არ არის საფრთხე იმისა, რომ ეს ”შავი ხვრელი” იქნება და შეიძლება იქიდან რაიმე შემოვიდეს ქვეყანაში... ერთი ლოკალური ბაზრის გზების გაკონტროლებას არაფერი არ უნდა”.

ამას წინათ ვიყავი სამეგრელოში, ვიყავი ენგურზეც და გამოვკითხე მოსახლეობა, რომელიც მოძრაობს ენგურის ხიდზე, და მათგანაც გავიგე, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც ძალიან ლიბერალური დამოკიდებულება აქვთ მესაზღვრეებს ტვირთის გადატანა-გადმოტანაზე...
მამუკა ყუფარაძე

ერგნეთის ბაზრობის სარგებელი ჯერ ისევ ახსოვთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს და მისი განახლების იდეაცხინვალის ლიდერების მიერაც არაერთხელ იქნა მოხსენიებული დადებით კონტექსტში. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით მეტი შანსი არსებობს, თუმცა ორმაგად საკითხავია, იმუშავებს თუ არა ეს ინიციატივა აფხაზეთის მიმართულებით.

სტუდია ”რეს” დირექტორი, მამუკა ყუფარაძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული სახალხო დიპლომატიაში და შეხება აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ვაჭრობა ისედაც თავისუფალია, ხოლო საგანგებო სავაჭრო ცენტრის ზუგდიდში გახსნის იდეით აფხაზები მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში დაინტერესდებიან:

”ამას წინათ ვიყავი სამეგრელოში, ვიყავი ენგურზეც და გამოვკითხე მოსახლეობა, რომელიც მოძრაობს ენგურის ხიდზე, და მათგანაც გავიგე, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც ძალიან ლიბერალური დამოკიდებულება აქვთ მესაზღვრეებს ტვირთის გადატანა-გადმოტანაზე. რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის მოწყობას:,ერგნეთი მუშაობდა მაშინ, როდესაც რუსეთიდან შემოდიოდა ტვირთი და ერგნეთის საშუალებით გადიოდა რუსეთში. თუ რუსეთში არ გავიდა, მაშინ ინტერესი არ იქნება ამ სავაჭრო ცენტრის გახსნის მიმართ”.

მამუკა ყუფარაძის აზრით, თუკი ნება იქნება, ასეთი სავაჭრო ცენტრების ლეგალიზების გზები აუცილებლად გამოინახება, მაგრამ ამ ეტაპზე, ფიქრობს, რუსეთს ხელს არ უნდა აძლევდეს აფხაზებსა და ქართველებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, რადგანაც ეს თავისთავად ადამიანური ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობასაც ნიშნავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG